ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოსგან ექიმებით დახმარება ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იქნებოდა -ჟურნალისტი სომხეთიდან

6 ივნისი, 2020 • 1626
საქართველოსგან ექიმებით დახმარება ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იქნებოდა -ჟურნალისტი სომხეთიდან
როგორ ცხოვრობს სომხეთი იმ პირობებში, როცა ქვეყანას 12 364 კოვიდინფიცირებული ჰყავს, მათ შორის ქვეყნის პრემიერი და მისი ოჯახი. ნეტგაზეთი ესაუბრა სომხური გამოცემა Hetq-ის ჟურნალისტს, ქრისტინე აღალარიანს, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მოქალაქეების განწყობებზე ვკითხეთ. ქრისტინესთან ინტერვიუ ჩაწერილია 5 ივნისს.
  • ქრისტინე, პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა 4 ივნისგანაცხადა, რომ სომხეთში კორონავირუსის ეპიდსიტუაცია უარესდება“ და არიან ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა ეს დროულად ვეღარ მოხერხდება, რადგანაც კლინიკები გადატვირთულია. თავად ფაშინიანისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რა იცის საზოგადოებამ სომხეთში? 

ფაშინიანი ხშირად ერთვება თვითიზოლაციიდან პირდაპირ ეთერში და მიმართავს ხალხს. მას და მის ოჯახის წევრებსაც უსიმპტომო ვირუსი აქვთ და ჩართვებიდანაც იგრძნობა, რომ  ფიზიკურად სუსტად არ არიან.

11 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, მაგრამ ყველას არ ჩატარებია ტესტირება და ზუსტად არავინ იცის, რამდენია ინფიცირებული. როგორც ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, სომხეთში 65 ათას ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. ოფიციალური ინფორმაციით, პნევმონიის გამო ფილტვების ვენტილაციის აპარატი ახლა მხოლოდ 15 ინფიცირებულს სჭირდება. ეს ციფრები შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს. ბოლო მონაცემებით 81 ადამიანი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში და 420 შემთხვევა მძიმედ იყო შეფასებული.

  • სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ერევნის კაფე-ბარებსა და რესტორნებში ბევრი ხალხია. რამდენად ხერხდება ასეთ პირობებში რეკომენდებული დისტანციის დაცვა, თუნდაც ნიღბის ტარება? 

დიახ, ყველაფერი ღიაა, კაფე-ბარები და რესტორნებიც მათ შორის. თითქოს არის წესები, რომელიც უნდა დავიცვათ, მაგრამ შეუძლებელია გაკონტროლდეს სინამდვილეში ამდენი დაწესებულება, დისტანცია ადამიანებს შორის და ნიღბების ტარება. ბავშვებსაც ჩვეულებრივად უშვებენ მშობლები სათამაშო მოედნებზე. უამრავი ბავშვია თავმოყრილი ერთად, გარეთ.

მოძრაობს ტრანსპორტი, მაღაზიები და ფაბრიკა-ქარხნებიც ღიაა. სომხეთის კორონავირუსის კომიტეტი მხოლოდ დროებით კეტავს ზოგიერთ ობიექტს 24/48 საათით. ამ დროის განმავლობაში დეზინფექციას ატარებენ და ისევ ხსნიან ყველაფერს. მთავარი ეპიდაფეთქებები ჩვენთან სწორედ სამკერვალო ფაბრიკებსა და მსგავსად ხალხმრავალ ადგილებში იყო. მერე გავრცელდა მთელ ქვეყანაში.

თავიდან ყველაფერი მკაცრად ჩაიკეტა – ერთი თვე ვისხედით შინ და დაინფიცირების ამდენი შემთხვევაც არ იყო ყოველდღიურად. მერე ჩვენმა კოვიდკომიტეტმა და ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ ასე ჩაკეტილი ვეღარ ვიცხოვრებდით, რადგან დაზარალდებოდა ბიზნესი. ჯერ პატარა მაღაზიები გახსნეს, მერე ფაბრიკა-ქარხნები და ბოლოს ყველაფერი, რამაც მდგომარეობა გააუარესა.

ქალაქი ეჩმიაძინში, სადაც ეპიდაფეთქება იყო, ჩაკეტეს მხოლოდ 2 დღით, ხალხს სიცხე გაუზომეს და ისევ გახსნეს. გამოვიდა, რომ მხოლოდ სიცხის გასაზომად ჩაკეტეს ქალაქი, რამაც არ იმუშავა.

6 ივნისის მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონვირუსით ინფიცირების 12 364 შემთხვევაა აღრიცხული, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა 547 ახალი შემთხვევა, გარდაცვლილია 190 კოვიდინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების ტენდენცია მზარდი იყო, სომხეთის ხელისუფლებამ 4 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გააუქმა და თანდათან ყველაფერი გახსნა, რის შემდეგაც ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდა. როგორც ფაშინიანი აცხადებს, პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა.

  • 4 მაისის შემდეგ, რაც სომხეთში ყველაფერი გაიხსნა, მკვეთრად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა – 5 ივნისის მონაცემებით დღე-ღამეში ინფიცირების 596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რა განწყობა აქვს ხალხს და ითხოვენ თუ არა ყველაფრის კვლავ ჩაკეტვას მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების თავიდან ასაცილებლად?

ახლა მხოლოდ ოპოზიცია მოითხოვს მკაცრად ყველაფრის დროულად დაკეტვას. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ყველაფერს დაკეტავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება. ამბობენ, რომ ჯერ საკითხი ასე არ დგას.

რამდენიმე დღის წინ ჩვენმა პრემიერმა, ფაშინიანმა მოგვმართა: ხალხნო, არამხოლოდ ჩვენ, ხელისუფლება, თქვენც უნდა ფიქრობდეთ, როგორ შევაჩეროთ ვირუსი და არ უნდა იაროთ თავშეყრის ადგილებსა და რესტორნებშიო. დაიწყო ვიდეოებისა და ფოტოების შეგროვება, რომელსაც აქვეყნებს მერე და წერს, რომ აი, ხალხი გარეთაა პირველ ივნისს, აი ქორწილებს იხდიან, აი, სეირნობენ…  მითითებებს იძლევა, რომ ასე არ მოვიქცეთ, არადა ყველაფერი ღიაა. ყველა პასუხისმგებლობა ჩვენ გადმოგვაბარეს, ხალხს. თითქოს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული მხოლოდ, პასუხისმგებლებიც თითქოს ყველაფერზე მხოლოდ ჩვენ ვართ – ხალხი და არა ხელისუფლება.

  • კორონაირუსის აფეთქებამდე ფაშინიანი საკმაოდ პოპულარული პოლიტიკური ფიგურა იყო სომხეთში. როგორ იმოქმედა ეპიდსიტუაციის დაძაბვამ პრემიერის რეიტინგზე?

კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ფაშინიანის რეიტინგზე. ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილებიც კი ახლა მთავრობას აკრიტიკებენ, აკეთებენ განცხადებებს, რომ სახელმწიფომ ვერ გაართვა თავი პანდემიის პრობლემას. ოპოზიცია უკვე იმასაც ამბობს, რომ დროა ფაშინიანმა დატოვოს პოსტი და გადადგეს.

  • არის თუ არა დაწესებული ჯარიმები წესების დარღვევაზე, ნიღბის უქონლობის შემთხვევაში, მაგალითად დახურულ სივრცეებში ყოფნისას, ან ტრანსპორტში თუ შეუძლია თავისუფლად ასვლა მგზავრს უნიღბოდ?

ბევრ მაღაზიაში უკვე აღარ უშვებენ უნიღბოდ, მაგრამ აქამდე ასე არ იყო. პოლიცია სადაცაა აკონტროლებენ ნიღბის ტარებას, მაგრამ ყველგან ყოველთვის ვერ იქნებიან. ხალხი წესებს არ იცავს, ან რა მნიშვნელობა აქვს მაღაზიაში გეკეთოს ნიღაბი, როცა დაბადების დღეებზე და სხვადასხვა დღესასწაულზე ნიღბით არავინაა.

ტრანსპორტში ნიღბის და ხელთათმანის ტარება სავალდებულოა. ნიღაბი თუ არ გიკეთია დახურულ სივრცეში ჯარიმა 1000 დრამია [თითქმის 50 ლარი]. მაგრამ პოლიცია, ცხადია, ვერ შევა შესამოწმებლად ყველა სახლში, რესტორანში, ვერც დღესასწაულზე შეკრებილებთან აღმოჩნდება. რესტორნების კუპეებშიც მრავლადაა ხალხი და ამ ყველაფრის  გაკონტროლება შეუძლებელია.

კონტროლი ფორმალურია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ერევნიდან ქალაქგარეთ გავედით, უამრავი მანქანა იდგა რიგში, დიდხანს ვიცდიდით და ყველანი შეგვამოწმეს გვეკეთა თუ არა ნიღბები. უკან რომ დავბრუნდით, საღამოს აღარავინ იდგა, აღარ შევუმოწმებივართ.

  • ნიღბების, ხელთათმანების, ექიმებისთვის კოვიდინფიცირებულებთან მუშაობისთვის აუცილებელი აღჭურვილობის საკმარისი მარაგი არის ქვეყანაში? 

თავიდან ნიღბები და ხელთათმანები ძალიან ძვირი იყო აფთიაქებში, მერე გაიაფდა. სხვადასხვა ქვეყნიდან შემოიტანეს, ახლა ადგილზეც მზადდება ნიღბები და ხელთათმანები. არავის გაუკეთებია განცხადება, რომ ახლა ამ საშუალებების დეფიციტია.

მთელ სომხეთში ფილტვის ვენტილაციის 200-ზე მეტი აპარატია, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, ჯერჯერობით საკმარისია, მაგრამ, როგორც გითხარით, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და ეპიდსიტუაცია სომხეთში.

  • საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას ხელისუფლებამ სომხურ მედიას დაუწესა შეზღუდვები, რასაც აკრიტიკებდა ეუთო დარეპორტიორები საზღვრებს გარეშე“(RSF). თქვენი გამოცემა როგორ მუშაობდა ამ შეზღუდვების პირობებში?

ხელისუფლებამ 16 მარტიდან მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები ახსნა იმით, რომ თითქოს უნდოდა აერიდებინა პანიკა, იგივე რომ არ მომხდარიყო, რაც დავუშვათ ამერიკაში ხდებოდა, მაღაზიებში.

მედიის შეზღუდვები გულისხმობდა იმას, რომ კორონავირუსის გავრცელების შესახებ უნდა გაგვეშუქებინა მხოლოდ ოფიციალური უწყებებისგან მიღებული ინფორმაცია. ცხადია, ინფიცირებულთა რაოდენობის, რიცხვების შესახებ ჩვენ ისეც მათგან ვიღებდით ინფორმაციას, მაგრამ ეს შეზღუდვა ვრცელდებოდა სოციალური მედიის მომხმარებლებზეც და პოლიცია აიძულებდა ჩვეულებრივ ადამიანებს, არაჟურნალისტებსაც წაეშალათ პოსტები. მასალები წააშლევინეს სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტებსაც. ცხადია, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და შეზღუდვა მოიხსნა.

  • ვიცით, რომ საავამყოფოებში მხოლოდ მძიმე პაციენტები გადაჰყავთ და იქ ადგილი აღარ არის, ინფიცირებულები მსუბუქი სიმპტომებით და უსიმპტომოები კი შინ მკურნალობენ. როგორ კონტროლდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ ზედამხედველობენ ინფიცირებულებს ექიმები დისტანციურად?

ყველა ადამიანი პოლიკლინიკებშია რეგისტრირებული. ვირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონეებს მათივე ოჯახის ექიმები ზედამხედველობენ, ურეკავენ და ამოწმებენ ყოველდღე, თუ სიმპტომები ურთულდებათ, საავადმყოფოში გადაჰყავთ. თავიდან ყველა ინფიცირებული კლინიკაში გადაჰყავდათ, რამაც სამკურნალო დაწესებულებების გადატვირთვა გამოიწვია. გვაქვს რეანიმატოლოგების და ანესთეზიოლოგების დეფიციტი, ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი თითქმის ყოველდღე მოუწოდებს ამ საქმის მცოდნეებს დახმარებისკენ.

  • მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა კორონავირუსის პანდემია. რა ვითარებაა ამ მხრივ სომხეთში, როგორ ეხმარება სახელმწიფო მათ, ვინც სამსახური დაკარგა?

ერთი თვით ყველაფერი შეჩერდა და დაზარალდა ეკონომიკა, მაგრამ გავიხსენით და უარესი მოხდა. მართალია, ყველაფერი ღიაა ახლა და ხალხი მუშაობს, მაგრამ ძალიან დაზარალდა ტურიზმის სექტორი, შემოსავლები ამ სექტორიდან, რა თქმა უნდა განულდა.

აპრილის თვეში მაგალითად, როცა ჩაკეტილები ვიყავით, 55 ათასმა დასაქმებულმა დაკარგა სამსახური. გარკვეული სუბსიდიები აქვს ხელისუფლებას სხვადასხვა სექტორისთვის, მაგრამ არის ხალხის საკმაოდ მრავალრიცხოვანი კატეგორია, რომლებიც დახმარების მიმღებთა ვერცერთ ჩარჩოს ვერ ერგება და რჩება ყურადღების მიღმა. არის 5, 6 და მეტწევრიანი ოჯახები, სადაც ერთადერთი ადამიანი იყო დასაქმებული, ახლა კი უმუშევრად დარჩა და მინიმალურია დახმარება, რასაც მათთვის ხელისუფლება გასცემს. ეს არაფერს ცვლის. ბანკებმა სესხები მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადაგვივადეს.

  • ცნობილია, რომ მაგალითად, გერმანია დაეხმარა იტალიას კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობაში. საქართველოს აშშ, ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი დაეხმარა ფინანსურად. რას ფიქრობს ხალხი თქვენთან, სჭირდება ახლა სომხეთს სხვა ქვეყნების დახმარება?
როგორც ვიცი, ჯერ ყველაფერს ვუმკლავდებით, თუმცა არავინ იცის, რა იქნება უახლოეს მომავალშიც კი. ჯერ დახმარება ოფიციალურად არ უთხოვია არავისთვის სომხეთს, თუმცა სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციები და მსოფლიო ბანკი ფინანსურად ჩვენც დაგვეხმარა. საუბარია ასევე რუსეთიდან და ჩინეთიდან ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი დახმარება ჩვენთვის ახლა საქართველოდან რეანიმატოლოგებისა და ანესთეზიოლოგების დახმარება იქნებოდა.

____

მთავარი ფოტო: ქრისტინე აღალარიანი, სომხური გამოცემა Hetq-ის ჟურნალისტი

 

“დავეხმაროთ სომხეთს” – საქართველოს მთავრობის მისამართით პეტიცია შეიქმნა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი