ახალი ამბები

“თბილისის პრაიდი” მერიას 17 მაისს ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათებისკენ მოუწოდებს

14 მაისი, 2020 • 2857
“თბილისის პრაიდი”  მერიას 17 მაისს ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათებისკენ მოუწოდებს

“თბილისის პრაიდი” დედაქალაქის მერიას მიმართავს, 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, სატელევიზიო ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ოფიციალურ წერილს უწყებას დღეს გაუგზავნიან და მოუწოდებენ, ამ ფორმით დააფიქსიროს მზაობა ლგბტ ადამიანების საჭიროებების გასათვალისწინებლად.

“თბილისის პრაიდის” წევრი თამაზ სოზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ანძის განათებას არა მხოლოდ დეკორატიული და სიმბოლური, არამედ პოლიტიკური დატვირთვა აქვს. აქტივისტის თქმით, ეს იქნება გზავნილი, რომ სახელმწიფო ქვიარ თემსა და მათ პრობლემებს ხედავს.

“ჩვენთვის ეს იქნება სოლიდარობის აქტი და მთავრობის პოლიტიკური გზავნილი, რომ იგი ხედავს, აღიარებს ლგბტქ მოქალაქეებსა და მათ წინაშე არსებულ სისტემურ პრობლემებს, ასევე, გამოხატავს პოლიტიკურ ნებას, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში მცხოვრები ლგბტქ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ეს არ არის მხოლოდ დეკორაცია, რომელიც მოგვწონს. ქალაქის მერიას სოლიდარობის, მხარდაჭერის ან ზეიმის ნიშნად არაერთგზის გაუნათებია სხვადასხვა ქვეყნის ფერებში თბილისის ანძა.

რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ მერიის წინ ტრანსგენდერი ქალის პროტესტის უკიდურესი ფორმა. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თბილისის მერიამ ამ ფორმით გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური ნება, რომ იგი დაინახავს ქვეყნის ლგბტ მოქალაქეებს და დაიწყებს მათ საჭიროებებზე მუშაობას”, – აღნიშნავს ის.

თამაზ სოზაშვილის თანახმად, ორგანიზაცია 17 მაისს აღნიშნავს რამდენიმე აქტივობით. ერთ-ერთის ფარგლებში, “თბილისის პრაიდი” თემის წევრებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად აივნებიდან ლგბტ დროშები გადმოკიდონ.

გადმოფინეთ ცისარტყელას დროშა სახლებიდან, ოფისებიდან, ბარებიდან, აივნებიდან თუ ფანჯრებიდან 17 მაისს. ერთად გავაფერადოთ თბილისი!” – მიმართავს ორგანიზაცია საზოგადოებას.

“თბილისის პრაიდი” ასევე გეგმავს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების გავრცელებას ლგბტ დროშის ფერებით. ყველაზე მასშტაბური აქტივობა კი იქნება ონლაინ პროტესტი-კონფერენცია, რომელიც 2 საათის მანძილზე გაგრძელდება. თამაზ სოზაშვილის თქმით, ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ როგორც თემის წევრები და მხარდამჭერები, ისე პოლიტიკოსები – მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და სხვები.


საქართველოში 17 მაისი – ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე – 2011 წლიდან აღინიშნება. გასული წლების მანძილზე თემის წევრებისა და მხარდამჭერების მცდელობას, აღენიშნათ ეს დღე და ქვეყანაში ლგბტ ადამიანების მდგომარეობაზე საჯაროდ ესაუბრათ, არაერთგზის მოჰყვა აგრესია მოქალაქეთა ჯგუფების, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილის მხრიდან.

ასე მოხდა 2013 წელს, როცა მრევლის ნაწილმა რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს. ადამიანთა დიდმა ჯგუფმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა აქციის მონაწილეებს, შეეცადნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებას მათ მიმართ. აღნიშნულის შემდეგ, 2014 წლიდან, საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი