“ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის” [WISG] ინფორმაციით, 2013 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული 10 წლის შემდეგაც არ არის ვინმე, 28 ადამიანი კი კვლავ ელოდება დაზარალებულის სტატუსს. ამის შესახებ განცხადება WISG-მა დღეს, 17 მაისს გაავრცელა.
10 წლის წინ, 17 მაისს ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში აქცია-ფლეშმობი უნდა გამართულიყო, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს, დაედევნენ, დალეწეს ავტობუსები და მიკროავტობუსები.
WISG აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დღემდე არ არის აღიარებული და საზოგადოებასაც არ აქვს გააზრებული ამ დღის გამოცდილებასთან დაკავშირებული კოლექტიური ტრამვული მეხსიერება, რომელსაც 17 მაისის მონაწილე აქტივისტები და ზოგადად ქვიარ თემის წევრები უკვე 10 წელია ინახავენ.
“ზომების მიღება, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, არასოდეს ყოფილა რეალური პრიორიტეტი ხელისუფლების ეროვნული ორგანოებისთვის“ – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ შეფასებას, რომელსაც ვკითხულობთ 2021 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“[2], ნათლად ადასტურებს ის მოცემულობაც, რომ ამ დროისათვის, ეროვნულ დონეზე, ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული არავინაა, ხოლო დაზარალებულის სტატუსი კი, საქმის წარმოების პირველ ეტაპზე, 2013 წელს, პროკურატურამ მხოლოდ 5 ადამიანს მიანიჭა. დღეს, 17 მაისის მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ 28 ადამიანი, რომელთაც WISG-ი უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოძიების წინაშე წარმოადგენდა, კვლავ ელოდება დაზარალებულის სტატუსს”, — განმარტებულია ორგანიზაციის განცხადებაში.
WISG-ის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ორი წლის თავზე სისხლისსამარტლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ არის დაწყებული. ამასთან, WISG-ს არ აქვს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მტკიცებულებების მოპოვების და დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების მიმართულებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე.
“ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი” ასევე საუბრობს ხელისფლების პოლიტიკასა და რიტორიკაზე და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” რეალური პრიორიტეტი არასდროს ყოფილა ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკის გატარება:
“ამას აჩვენებს 2022-2023 წლებში „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიაზე (2022−2030 წლებისთვის)“ მუშაობის პროცესიც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების სრული უგულებელყოფით წარიმართა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სტრატეგიის დოკუმენტში ლგბტქი ჯგუფი ნახსენებიც კი არ არის. აღნიშნულს ცხადია მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ლგბტქი ადამიანების წინაშე მდგარი უფლებრივი საჭიროებები უგულებელყო და სტრატეგიის არაინკლუზიური დოკუმენტი დაამტკიცა.
შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკა საერთოდ არ ითვალისწინებს ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს და მათ მხოლოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან დისკრიმინაციის მსხვერპლად განიხილავს. ეს „ადგილის მიჩენის სტრატეგია“ უკიდურესად ართულებს ქვიარ ადამიანების სოციო-ეკონომიკური გამოწვევების, მათ შორის უმუშევრობის და სიღარიბის, გენდერის სამართლებრივი აღიარების, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით წლების მანძილზე იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საპასუხო პოლიტიკის ადვოკატირებას”, — განმარტებულია განცხადებაში.
ამასთან, WISG აღნიშნავს, რომ ხელისუფლება უერთდება “ანტი-გენდერული პოლიტიკით გაერთიანებულ ულტრა-მემარჯვენე ქსელს” და პოლიტიკური პოპულიზმის იარაღად იყენებს ლგბტქი საკითხებს და მათ შორის, ტრანს ადამიანების საჭიროებებს.
