საზოგადოება

10 წლის წინ ჰომოფობიურ თავდასხმას გადავურჩით: 17 მაისის მიკროავტობუსის მგზავრის ისტორია

17 მაისი, 2023 • 1625
10 წლის წინ ჰომოფობიურ თავდასხმას გადავურჩით: 17 მაისის მიკროავტობუსის მგზავრის ისტორია

10 წლის წინ, თბილისის ცენტრში, სასულიერო პირების მიერ ორგანიზებული ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობით ჩაშალეს მცირერიცხოვანი აქცია, რომლის მონაწილეებსაც ლგბტ ადამიანების დისკრიმინაცია უნდა გაეპროტესტებინათ.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წელს აქტივისტთა ჯგუფს ლამის საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა ამ დღის აღსანიშნად დაგეგმილი სიმბოლური შეკრება. 

გერმანიაში მცხოვრები მხატვარი სოფო ტაბატაძე მათ შორის ერთ-ერთია. ახლაც ახსოვს, როგორ მისდევდა და ანადგურებდა აგრესიული ჯგუფი მიკროავტობუსს, რომლითაც აქტივისტები სახიფათო ტერიტორიიდან გასვლას ცდილობდნენ. 

10 წლის შემდეგ ის “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში იხსენებს, რა გადახდა 2013 წლის 17 მაისს და რა შეცვალა ამ თარიღმა მის ცხოვრებაში. 

წლების შემდეგ, ევროპის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა ტაბატაძისა და სხვა მოქალაქეთა სასარგებლოდ. 

როგორ ვცხოვრობდი 17 მაისამდე

მხატვარი ვარ. ამიტომ, ჩემი საქმიანობა 2013 წლის 17 მაისამდეც და მას შემდეგაც ამ სფეროსთანაა დაკავშირებული. [ლგბტ უფლებების დაცვის] აქტივობებში ჩართული არ ვყოფილვარ და არც რომელიმე ორგანიზაციაში მიმუშავია, მაგრამ ბევრი გადაკვეთა მქონია ლგბტ ადამიანებთან, რადგან ჩემი მეგობრები არაინ. ალბათ ეს იყო ჩემი იმ აქციაზე მოხვედრის მთავარი მიზეზიც.

არ გავზრდილვარ ტრადიციულ ქართულ ოჯახში, სადაც რაღაცები აკრძალულია. ფაქტობრივად, მე და დედაჩემი ერთად ვიზრდებოდით, ვინაიდან ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა გამაჩინა.

[ლგბტ საკითხები] ჩემს ტვინში არ გადაკვეთილა, როგორც რაიმე პრობლემატური და მწვავე, მაგრამ ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ მე თვითონ ჰეტეროსექსუალი ვარ და უმრავლესობისთვის უფრო ადვილია ხოლმე, თქვას, რომ “უი, ამის შესახებ არ ვიცოდი”. შეიძლება, ბრმა ვიყავი რაღაცების მიმართ, რაც ლგბტ ადამიანისთვის უფრო პრობლემატური იყო.

რატომ წავედი აქციაზე

იმ პერიოდში უკვე აღარ ვცხოვრობდი საქართველოში. დროებით ვიყავი ჩამოსული თბილისში.

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცოდი, რომ კონტრაქცია ანონსდებოდა. რამდენიმე დღით ადრე ჩემი ბევრი მეგობარი იყო ჩემთან სახლში შეკრებილი და მათგან ყველა მიდიოდა 17 მაისის აქციაზე. ზოგიერთი თავად იყო თემის წარმომადგენელი და ერთ-ერთმა გვითხრა, მახსოვს: თქვენ თუ არ დაგვიდექით გვერდით, აბა რა აზრი აქვს ამ ბრძოლასო. ის ადამიანები იგულისხმა, ვინც თემის წევრები არ არიან.

მე ვფიქრობ, მართლა ასეა: უმცირესობების თემები უმრავლესობის გავლითაც უნდა გადაწყდეს. უმრავლესობამაც უნდა თქვას ამაზე რამე. იმდენად ბუნებრივად იყო ეს სიტყვები ნათქვამი, რომ შეიძლება, მაგ წინადადებით გადაწყდა [ჩემი წასვლა აქციაზე].

2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიური აქციის მონაწილე 

რომ არა ეს სიტყვები, შეიძლება, უბრალოდ არ წავსულიყავი, რადგან, რა ვიცი… რატომ არ დავდივართ ხოლმე მნიშვნელოვან აქციებზე? რაღაც უფრო მნიშვნელოვანია თითქოს, ან დაკავებულები ვართ, ან ვფიქრობთ, რომ “ეს ჩემი საქმე მაინც არ არის”… არ ვიცი.

თუმცა, ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა რომ ასე თქვა — თქვენ თუ არ დაგვიდექით გვერდით, რა აზრი აქვს ამისთვის ბრძოლასო — მივხვდი, რომ ამ ყველაფერში ერთად ვართ. სწორედ იმ მომენტში გადაწყდა, რომ “ჰო, იქ თუ არ წავედი, აბა სად უნდა ვიყო მაგ დღეს?” ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა. მიდიოდნენ ჩემი მეგობრები და იქ უნდა ვმდგარიყავი მეც.

“სახლში დაბრუნების დაშვებაც არ მინდოდა”

გავიღვიძე და მთაწმინდიდან, სადაც ვცხოვრობ, ჩავედი რუსთაველზე. მივხვდი, რომ ძალიან ცუდად იყო საქმე, რადგან მთელი რუსთაველი ფაქტობრივად უკვე სავსე იყო [კონტრაქციის მონაწილეებით], თუმცა ჯერ საშიშროებას ვერ ვგრძნობდი. უბრალოდ ვფიქრობდი: რა სიგიჟეა, რამდენი ხალხია… თუმცა, ხალხი რომ დავინახე, კითხვა საერთოდ არ გამჩენია, სახლში ხომ არ ავბრუნდე-მეთქი. აქციაზე მივდიოდი და მორჩა.

[აქციის მონაწილეები] მესიჯებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, რათა დაგვედგინა, ვინ სად იყო. ასე [აღმოვჩნდით] ერთი ჯგუფი ვაჩნაძის ქუჩაზე. მგონი, რაღაც ჯგუფი უკვე იყო პუშკინის სკვერში, რაღაც ნაწილი კი შევთანხმდით, რომ ჯერ ვაჩნაძის ქუჩაზე მივიდოდით და მერე იქიდან წავიდოდით სკვერში, სადაც აქცია უნდა გამართულიყო. მაგ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მერე ვერსადაც ვეღარ წავიდოდით.

სოფო ტაბატაძემ ეს ფოტო გზად გადაიღო, როცა თანამოაზრეებთან შესახვედრად მიდიოდა. კადრში ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობა ჩანს.

რომ მივედი ვაჩნაძეზე, ჩემი მეგობრები უკვე იქ იყვნენ და საშიშროება, ჯერჯერობით, არ იგრძნობოდა. შემდეგ რომ დავფიქრდით და გავაანალიზეთ, მე მგონი, ერთმანეთს დაურეკეს, რომ აი, აქ არიან. ანუ რაღაც ჯგუფი ჩვენს გარშემო კი იყო, მაგრამ ასე [გამოკვეთილად] არ ჩანდა. ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც შემდგომ ჩვენს წინააღმდეგ წამოვიდოდა, იქ არ იმყოფებოდა იმ დროს.

უცებ ისე მოხდა… რაღაცნაირად რომ ამჩნევ, რომ ახალი ვიღაცები მოდიან, ვინც უკვე ინფორმირებულია. უცებ დაიწყო: “აი, ესენი არიან”. მახსოვს, ხესთან ვიდექით 10-15 ადამიანი. იმის გამო, რომ შეიძლება ასე გარეგნობითაც არ გამოვირჩეოდე — ისევე როგორც ლგბტ თემის ყველა წევრიც შეიძლება არ გამოირჩეოდეს რაიმე გარეგნული ნიშნით — იყო  რაღაც მომენტი, რომ [გავაანალიზე]: “ახლა ერთი ნაბიჯი რომ გადავდგა და გავაგრძელო სიარული, მორჩა, გასული ვარ”. მაგრამ მაგის დაშვებაც არ [მინდოდა], რადგან მე იქ ვიყავი იმისთვის, რომ აქციაზე ვმდგარიყავი და არა იმისთვის, რომ საშიშროების შემთხვევაში, უკან წამოვსულიყავი.

“უცებ მივხვდი, რომ ჩვენ სხვანი ვართ და ისინი — სხვები არიან”

ემოციის დონეზე მოგიყვებით: 10-15 ადამიანი ვიდექით — ალბათ, 10 ქალი და უფრო ნაკლები ბიჭი. უცებ, გარშემო ხალხი ვინც არის, თითქოს ნელ-ნელა იგებს, რომ “უი, ესენი არიან”.  ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ის მიმწოლი ხალხი, ვინც იტყოდა, რომ “ესენი არიან ჩვენი მტრები”, იქ ჯერ არ იყვნენ. რაღაც მომენტში უკვე ვგრძნობდი, რომ ხალხის დიდი დინებები მოდიოდა და ჩვენს გარშემო წრე ვიწროვდებოდა. უცებ მივხვდი, რომ ჩვენ სხვანი ვართ და ისინი — სხვები არიან. იქ უკვე აღარ იდგა ის მომენტი, რაც მანამდე ვთქვი, რომ შეიძლებოდა, ნაბიჯი გადამედგა და სიარული გამეგრძელებინა. იქ უკვე ვიყავით “ჩვენ” და “ისინი”.

ხალხი სულ უფრო აგრესიული ხდებოდა. დაიწყო ფურთხება, ბიჭებისთვის რტყმა… ნელ-ნელა ძალიან საშიში ხდებოდა ეს ყველაფერი.  აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ეკა წერეთელი, ძალიან ბევრს ურეკავდა პოლიციას; ეუბნებოდა, რომ მოდით ხალხნო, ჩვენ ახლა აქ უნდა გვიცავდნენ და არ ვართ დაცულები. ძალიან ნერვიულობდა.

პოლიცია იყო იქ, თუმცა ისე, კანტი-კუნტად, თან ცოტათი რომ რცხვენოდათ იქ ყოფნის. ანუ, არ მინახავს ისეთი ჩართული პოლიციელები, რომლებიც იქ ჩვენს დასაცავად იდგებოდნენ. უფრო იმიტომ იყვნენ, რომ აი, წესრიგი უნდა დავამყაროთო. ცოტათი დამცინავი ტონიც ჰქონდათ. ქართველ ვაჟკაცებად უფრო უნდოდათ დარჩენილიყვნენ, ვიდრე ჩვენი უფლებები დაეცვათ. უფრო [ჰომოფობიური ჯგუფების] მხარეს იდგებოდნენ, რომ არა მათი მოვალეობა. არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა: სხეულზეც ეტყობა ადამიანს, როგორ გელაპარაკება, იმაზეც ეტყობა… არ ვიცი, რაღაც დეტალებია, რომელთაც ვერ გადმოსცემ.

მერე, რაღაც დროს, უკვე მოვიდა მართლაც უფრო მეტი პოლიციელი, მაგრამ მაგ დროისთვის ბევრად მეტი ხალხი იყო გარშემო და მიწოლაც ძლიერდებოდა. პოლიციელებმა გააკეთეს კორიდორი და ამ კორიდორით შეგვიყვანეს იმავე ქუჩის ერთ-ერთ სახლში, უცნობ ადამიანებთან. ანუ, გაგვარიდეს, სანამ მიკროავტობუსი მოვიდოდა [ჩვენს წასაყვანად]. ალბათ სულ 10 მეტრი იყო გასავლელი კორიდორში, მაგრამ იქ უკვე წავიდა უფრო მეტი ფურთხება… კორიდორის შიგნით თუ ვინმეს სწვდებოდნენ ჩასარტყმელად, ჩაარტყამდნენ. გარჩევა აღარ იყო, გოგო იყო ის თუ ბიჭი.

პოლიცია გვეუბნებოდა, თავები დახართო. ცოტა უცნაური მომენტი კი არის: თავდახრილი გაქცევაც დიდად არ გინდა, თან ზუსტად ვერც ხვდები, რატომ მირბიხარ, თან საშიშროებას გრძნობ… საბოლოოდ, კორიდორით შევედით სახლში, რომელიც, როგორც მახსოვს, იტალიური ეზოს სტილის იყო. საკმაოდ დაძაბულ სიტუაციაში ვიყავით: ვერ გაიგებდი, რა იქნებოდა შემდეგ. მერე, როგორც ჩანს, მოვიდა ყვითელი მიკროავტობუსი და ისევ კორიდორით გამოგვიყვანეს პოლიციელებმა, რომ ამ მანქანაში ჩავმსხდარიყავით.

მძღოლი, რომელმაც მიკროავტობუსი არ გააჩერა

შემიძლია ვთქვა, რომ [მიკროავტობუსში ჩვენი ჩასხდომისას] იქ უკვე იქ იდგა აგრესიული ბრბო, განწყობით “ამათ აპარებენ და არ გავუშვათ!”

მანდ იწყება მიკროავტობუსის ფანჯრების ჩამტვრევა, ხელის შემორტყმა, ფეხის შემორტყმა, აგურის ნატეხის შემოგდება, გინება, ფურთხება… ეს იყო ყველაზე გარდამტეხი მომენტი ჩემთვის. მივხვდი, რომ ახლა ეს მიკროავტობუსი თუ გაჩერდა და ამ მძღოლმა თქვა — ერთი ამათი დედაც ვატირე, მე ამათიანი არ ვარო და გადავიდა — მაგ დროს მგონი ისე ჩაგვქოლავდნენ, რომ თვალს არ დაახამხამებდნენ. მოწოდებულნი იყვნენ, რომ ჩვენ ვიყავით მთავარი მტრები და უნდა ჩავქოლილიყავით.

ისეთი განცდა მქონდა… გიცხოვრია, ვიღაცებისთვის რაღაცები დაგიმტკიცებია და გგონია, რომ შეგიძლია, ადამიანებს მოელაპარაკო. და უცებ დგება ის მომენტი, როცა შეიძლება, ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე, უბრალოდ ჩაქოლვით მოგკლან.

ყველანი ვცდილობდით, რომ შიდა მხარეს ვმსხდარიყავით, ფანჯრებისგან შეძლებისდაგვარად შორს. პოლიცია დიდი რაოდენობით იყო მაგ დროს და ნელა გვაპარებდნენ, იმიტომ, რომ წინაც ხალხი იყო და გვეღობებოდნენ. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ მანდ მთავარი გმირი მაინც მიკროავტობუსის მძღოლი იყო: ამ ადამიანს უკვე დაუმტვრიეს მანქანა; თემის წარმომადგენელიც არ იყო — ყოველ შემთხვევაში, ღიად. ჩვეულებრივ, მშიშარა კაცს შეიძლებოდა ეთქვა, რომ “ერთი ამათი დედაც, მე გადავდივარ”. ასეთ შემთხვევაში მიკროავტობუსსაც ამოატრიალებდნენ და მართლა მგონია, რომ ჩაგვქოლავდნენ ისე, რომ თვალს არავინ დაახამხამებდა. ამიტომ, ასე სასწორზე რომ დებ, ვის უნდა გადაუხადო მადლობა, ყველაზე დიდ გმირობად ამ მძღოლს ვუთვლი იმას, როგორც მოიქცა. თვითონაც საფრთხეში იყო და გაგვიყვანა. არ ვიცი, მას რა ევალებოდა, ვისი ბრძანებით იყო და რატომ გააკეთა, მაგრამ ადამიანური გადმოსახედიდან მან ბევრად უფრო მეტად [აჩვენა] თავისი ადამიანობა, ვიდრე პოლიციამ შეასრულა თავისი პოლიციური მოვალეობა.

პოლიცია არ ყოფილა იმ რაოდენობით, როგორითაც უნდა ყოფილიყო და არც [შესაბამისად] იყვნენ მობილიზებულნი. ჩვენ თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობდით და ძალიან ბევრი რამე იყო, რის გამოც ჩვენ არ ვიყავით უსაფრთხოდ. უბრალოდ გაგვიმართლა და გადავრჩით, თორემ ის, რომ პოლიცია იყო მობილიზებული და ამიტომ გადავრჩით, ასეთი განცდა არ დამრჩენია. რაღაც მომენტში მეგონა, რომ მორჩა, ვეღარ გავაღწევთ აქედან. ძალიან ბევრი ხალხი იყო და მართლა ძალიან ნელა უშვებდნენ მიკროავტობუსს. კუს ნაბიჯებით მოვდიოდით ყველაზე სახიფათო მომენტში. აღქმის დონეზე, ძალიან დიდხანს გრძელდებოდა ის პერიოდი, რომ არ იცი, გადარჩები თუ არა.

ყველანი შოკში ვიყავით. თავიდან უფრო [ვსაუბრობდით], ვინმეს სისხლი თუ ჰქონდა, ან გაჭრილი ან რაიმე მსგავსი, ვინმეს რაიმე ისეთი ხომ არ სჭირდა… მაგრამ ყველანი იმდენად ვიყავით შოკისა და ადრენალინის ქვეშ, ერთმანეთთან საუბარი იმაზე, თუ რას გადავურჩით, არ გვქონია.

მძღოლსაც ვერაფერი ვუთხარი და ამას სულ ვნანობ. მაგრამ ძალიან სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები. არ ვიცოდით, სად მივდიოდით.

“გატელევიზორება”

შემდეგ რუსთავის გზატკეცილზე აღმოვჩნდით. გაჩერდა თუ არა მიკროავტობუსი, გადმოვედით და აი იქ დამხვდა კიდევ ერთი შოკი, რომელმაც გამაგიჟა: უკვე გაფრთხილებული იყო ერთ-ერთი ტელევიზია, რომელიც იქ დაგხვდა და რომ გადმოვედით მიკროავტობუსიდან, ეს გააშუქა. არც გარეგნობის დაფარვით, არც ის, რომ სიკვდილს გადავურჩით და ყველა ჩვენგანს საშიშროება შეიძლება ემუქრებოდეს… აი ასე აჩვენეს [სახეები].

მე ჩემს ერთ-ერთ მეგობართან ერთად წავედი მისი ნათესავის სახლში, რადგან ქალაქის ცენტრიდან უფრო მოშორებული იყო. როგორც კი მივედით სახლში, ტელევიზორი ჩავრთეთ და ვნახეთ ის კადრები, რომლებზეც გიამბეთ. ეს იყო მეორე შოკი ჩემთვის: გადავრჩით და ახლა გამოგვატელევიზორეს, რადგან იმ ჟურნალისტისთვის ეს კარგი მასალა ყოფილა.

და კიდევ ერთი მომენტი, თუ რატომ არ ვიყავით პოლიციის მიერ დაცულები: სახლებში თვითონ კი აღარ მიგვიყვანეს, არამედ რაღაცნაირად დაგვშალეს არათვალშისაცემ ჯგუფებად და გაგვიშვეს. ზოგი მეტროთი უნდა წასულიყო, ზოგი რით და ზოგიც — რით. წადით ისეთ ადგილას, სადაც უსაფრთხოდ იქნებითო. ანუ, მათთვის მთავარი იყო, ჯგუფად აღარ ვყოფილიყავით, დავშლილიყავით და მერე ჩვენი საქმისთვის ჩვენ თვითონ უნდა მიგვეხედა.

შფოთვითი ღამეები

ის ღამეც და მომდევნო ბევრი ღამეც იყო რაღაც ისეთი, ომის ფილმებში რომ გვინახავს: ჯარისკაცები რომ იღვიძებენ და ეშინიათ, ოღონდ ზუსტად არ იციან, რისი. ალბათ ორი კვირა გრძელდებოდა ეს. უცებ რომ გეღვიძება და [ხმამაღლა იცხადებ]: არ იცი, სად ხარ და რატომ, რისთვის ხარ, რას აკეთებ… ეს იყო შფოთვითი გაღვიძება, როცა ხარ რაღაცაში, რაც ძალიან საშიშია. ომის ფილმებში მინახავს ეს.

მეორე მხრივ, როცა თქვენთან საუბრისას ჩემს ჰეტეროსექსუალობას აღვნიშნავ, ამას ვაკეთებ არა იმიტომ, რომ [ლგბტ თემისგან] განზე გავდგე, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ადვილი იყო ისევ ჩვეულ ცხოვრებაში გადასვლა. ჩემთვის ეს ამბავი იქ დამთავრდა რაღაც დონეზე, მაგრამ მივხვდი, რომ ადამიანებს ასეთ ბრძოლაში უწევთ ყოველდღიურად ცხოვრება. მაშინ დავინახე, რომ როცა შენ ხარ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, ეს არის შენი ყოველდღიური ბრძოლა. ამას ვერც აქედან მოუვლი და ვერც იქიდან.

“როგორ, ახლაც ვერ ვხედავთ, რა პრობლემა არსებობს?!”

იცით, მარტო ეს ადამიანები კი არა, ვინც შეიძლება, იქ აგურებით მდგარიყვნენ… ჩემი ძალიან ახლო წრის გარშემო ხალხიც კი, ამ ყველაფრის მერე, რაც ყველამ ვნახეთ, ამბობდა, რომ მე ვერ ვხვდები, მაგათ საერთოდ რა პრობლემა აქვთო. ეს იყო ჩემთვის შოკი. შეიძლება, იქ რომ არ ვმჯდარიყავი, ისე ვერ მეგრძნო. ჩემთვის იმდენად გარდამტეხი მომენტი იყო, რომ არ მესმოდა: რას ჰქვია, ახლაც ვერ ვხედავთ, რა პრობლემა არსებობს?!

ჩემთვის პირიქით, პირველად შევიგრძენი ჩემს სხეულზე ის, თუ რა პრობლემა აქვთ [ლგბტ ადამიანებს]. შეიძლება, ეს არ იყოს ყოველდღიურობა, თუმცა ეს ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელშია. მას შეუძლია, გამოაცხადოს ნადირობის სეზონი და მაშინვე ყველას აქვს უფლება, ინადირონ შენზე. ეს გამოჩნდა ჩემთვის მაგ მომენტში.

უნდობლობა

თითქოს რაღაც ნდობის დაკარგვის განცდა მქონდა [მომდევნო პერიოდში]. მაგალითად, ტაქსიში რომ ვჯდებოდი, მძღოლები აუცილებლად მაგ თემაზე იწყებდნენ ლაპარაკს. საერთოდ, მე მიყვარს კამათი, მაგრამ მაგ დღეებში ვეუბნებოდი, რომ მოდით, არ გვინდა ამ თემაზე საუბარი, ვერ შევთანხმდებით. იმ მძღოლმა ხომ არ იცოდა, მე სად ვიჯექი 17 მაისს, მაგრამ სურდა, მოესმინა უმრავლესობის აზრი.

შიშის გრძნობა შეიძლება არ მქონდა, მაგრამ თითქოს რაღაც უცხო ქალაქში გავიღვიძე, სადაც ერთ წამში შეიძლება ისე ჩაგქოლოს ადამიანმა, რომ არც დაფიქრდეს. თითქოს თვალიც ამეხილა იმ მხრივ, რომ თურმე “სად ვბანაობთ” და რა ხდება სინამდვილეში:

რაღაც დონეზე რომ გგონია, საქართველო ცოტათი უფრო განვითარებულია, ვიდრე მისი მეზობლებიო; რაღაც დონეზე რომ გგონია, კარგია, რომ ევროპული ფასეულობები გვაქვს ამხელა საბჭოთა გამოცდილების მერეო… და უცებ ხედავ, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყარა და რეალობა აღმოჩნდა სულ სხვა. შეიძლება, ესეც არ არის რეალობა, მაგრამ იმ დღეებში ეს ვითარება იყო. ეს გრძნობა მქონდა სულ, რომ ვაიმე, ჩვენ რა გვგონია და სინამდვილეში რა ხდება.

ჩემთვის 17 მაისის იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება. ხომ ამბობენ ხოლმე, “სხვა საქართველო”, ოღონდ კარგი გაგებით? ჩემთვის იყო “სხვა საქართველო”, ოღონდ ბევრად უფრო ცუდი.

ვინ არის პასუხისმგებელი?

სახელმწიფო და ეკლესია. ხელიხელჩაკიდებულები.

17 მაისის შემდეგ თითქოს ეს “ხელსაწყო” კარგად დაიხვეწა და რაღაცნაირად უფრო გაითავისეს, როგორ შეიძლება, გამოიყვანო ეს ხალხი, როცა დაგჭირდება. ჩემი აზრით, იგივე ხალხი დაუპირისპირდა ახლა რუსული კანონის აქციასაც.

რაღაცნაირად, ჭინკებზე მონადირეები ჰყავს თითქოს შეკრებილი სახელმწიფოს. შეიძლება, სხვადასხვა ხელისუფლებასაც, თუმცა ამის დაშლა არც ერთს ეჩქარება. ჭინკებზე ნადირობა ისეთი რამეა, არასდროს იცი, როდის გამოცხადდება ღია სეზონი. ეს ძალიან საშიშად მეჩვენება.

[აქტივისტი] გიორგი კიკონიშვილი ამბობს ინტერვიუში, რომ 17 მაისის შემდეგ პირიქით, უკეთესობისკენ წავიდა ვითარება, რადგან ასე ვეღარ დაამობილიზებენ ადამიანებსო. მე ეს გამოცდილება არ მაქვს და ამიტომ ვერ ვიტყვი, მაგრამ ვენდობი ამ ადამიანს.

ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ახტება მიკროავტობუსს, რომლითაც ლგბტ აქტივისტები ცდილობენ ტერიტორიის დატოვებას. 17 მაისი, 2013 / გიორგი გოგუა 

არ ვიცი, რაშია მთავარი პრობლემა და რატომ შეიძლება, სექსუალური უმცირესობის ასე გეშინოდეს ან ასე გძულდეს. მხოლოდ იმით შემიძლია ახსნა, რომ ალბათ შენშიც გიგრძნია რაღაც და გინდა, ეს დაფარო შენი “კაცურობით”. სხვა მხრივ მართლა ვერ ვხვდები, ზიზღმა როგორ უნდა გამოგიყვანოს სახლიდან და ეს იყოს შენი მამოძრავებელი ძალა? რაღაცები ხომ არის, რის გამოც არ გამოვდივართ? როგორ შეიძლება, ზიზღმა ასე დაამობილიზოს ადამიანები? ზუსტად ვერ ვხსნი, მაგრამ სახელმწიფოსთვის ეს კარგი ხელსაწყოა, რომ დაამობილიზოს ხალხი და პრინციპში, მერე რასაც უნდა, იმას მიუქსიოს.

რაც შეეხება ეკლესიას, ჩემი აზრით ის უკვე ისეა ამცდარი ყველანაირ რეალობას — ისევე როგორც დღევანდელი სახელმწიფო —  რომ ალბათ ცოტა რამ დარჩათ ხელში, რითაც ამხელა ჯგუფს გააკეთებინებს იმას, რასაც დაავალებს. ალბათ ეს ცოტა რამ არის მათთვის ლგბტ საკითხებიც. ვერ ვიხსენებ რამე სხვა თემას, რის გარშემოც შეიძლება, ამდენი “გულანთებული ვაჟკაცი” შემოკრიბო, გარდა იმისა, რომ “ევროპას უნდა, ყველანი გავხდეთ გეები”. არ ვიცი. ჩემი გადმოსახედიდან, ეკლესია ძალიან კარგი გამგრძელებელია საბჭოთა კავშირისა იმისთვის,რომ კითხვები არ დასვა და რასაც ზემოდან გეტყვიან, გააკეთო. ალბათ ეს კარგი ნიშა გამოჩნდა რაღაც დროს და გამოყენება არის ამ ნიშის და ძალის.

კომპენსაცია

ჯერ ქართულ სასამართლოში ვუჩივლეთ პოლიციას, მერე კი — სტრასბურგის სასამართლოში. ციალა რატიანი იყო ამ საქმის ადვოკატი და დიდი მადლობა მას. ჩემს შემთხვევაში კომპენსაცია იყო 7 000 ევრო. სოლიდური კომპენსაციაა საქართველოს გათვალისწინებით და თან ისეთი, რომ არ ელოდები. პრეცედენტის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოვიგეთ.

თუმცა, ჩემს მეგობრებს როცა ვეუბნებოდი ამის შესახებ, არავინ იცოდა და ძალიან მიკვირდა, რომ არ გვიზეიმია ეს მოგებული ბრძოლა ისე, როგორც უნდა გვეზეიმა.

ანდა თუ ის გამოატელევიზორეს, როგორ ჩამოვდივართ მიკროავტობუსიდან, ამ თემაზე რატომ არ იყო რეპორტაჟი? შენ თვითონ თუ არ ეტყოდი შენ გარშემო ხალხს, ამის შესახებ ინფორმაცია,თითქოს, არ გავრცელდა.

17 მაისის კვალი ჩემს ცნობიერებაზე

ძალიან ვუფასებ ბრძოლას იმ ადამიანებს — თემის წევრებს თუ არაწევრებს — ვინც ამ ბრძოლაში რჩებიან და აგრძელებენ მას. ბევრად უფრო ვუფასებ ამას, რადგან მივხვდი, რამხელა რესურსი და ძალისხმევაა საჭირო, რომ ასეთი გამოცდილების შემდეგ ისევ გააგრძელო ბრძოლა. თითქოს, არასდროს არაფერია მოპოვებული და რაღაც ყოველთვის საბრძოლველია. ვიღაც არასდროს იღლება და იბრძვის. მგონია, რომ ასეთი ხალხი ბევრად უფრო დავინახე [17 მაისის შემდეგ].

ლგბტ თემის წარმომადგენელ ჩემს მეგობრებს [17 მაისზე] უფრო ცუდად 5 ივლისი ახსოვთ და ეგ დღე აღმოჩნდა ბევრისთვის წყალგამყოფი, რომლის მერეც რაღაცებს საერთოდ აღარ ენდობიან… ის მეგობარი, ვინც თავში ვახსენე და რომელმაც თქვა, რომ ჩვენს გვერდით უნდა იყოთო, წავიდა საქართველოდან. [პერიოდულად] ჩამოდიოდა ხოლმე, მაგრამ ცოტა ხნის წინ შევხვდი და მითხრა, 5 ივლისის მერე კიდევ უფრო ცუდი განცდა მაქვს, შიშის გრძნობა მაქვს ჩასვლამდეო.

როგორც ჩანს, მარტო ლგბტ თემი აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამხელა მასა გამოიყვანო. თითქოს ჟურნალისტებსაც განუცხადეს, რომ თქვენზეც შეგვიძლია, ვინადიროთო. ძალიან საშიშია ეს, ვინაიდან მისი მორგება შესაძლებელია ყველა იმ თემაზე, რომელიც [სახელმწიფოსთვის] არასასურველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი