ნეტგაზეთი | სხვადასხვა ქვეყნის 10-მდე ქალი მინისტრის მოსაზრება/მიმართვა სხვადასხვა ქვეყნის 10-მდე ქალი მინისტრის მოსაზრება/მიმართვა – Netgazeti

სხვადასხვა ქვეყნის 10-მდე ქალი მინისტრის მოსაზრება/მიმართვა

ავტორები:

  • ანნ ლინდე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • არანჩა გონსალესი, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეხედავთ ამ საკითხს, ქალებზე დგას საზოგადოებების ერთიანობის პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი — იქნება ეს სახლში, ჯანდაცვის სისტემაში, სკოლებში თუ მოხუცების მოვლის საკითხში. ბევრ ქვეყანაში ქალები ამ ამოცანებს გასამრჯელოს გარეშე ასრულებენ. თუმცა, როცა ეს სამუშაო პროფესიონალების მიერ სრულდება, ამ პროფესიებშიც დიდწილად ქალები არიან ჩართულნი და, როგორც წესი, იღებენ ნაკლებ ხელფასს, ვიდრე მამაკაცების მიერ დომინირებადი პროფესიები.

COVID-19-ის კრიზისმა გენდერული განსხვავებები კიდევ უფრო გამოაცოცხლა. რეგიონალურმა სტრუქტურებმა, მრავალმხრივმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქალები კრიზისის დაძლევაში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებენ და ზომები, რომლებიც პანდემიისა და ეკონომიკური დაღმავლობის დასაძლევად იქნება მიღებული, გენდერულ საკითხსაც უნდა ითვალისწინებდეს.

ვხედავთ სამ სფეროს, სადაც ქალები და გოგონები რისკის ქვეშ არიან და სჭირდებათ უფრო ძლიერი დაცვა ამ კრიზისის დროს.

პირველი — გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობა, სექსუალური და გენდერული ძალადობა იზრდება კრიზისებისა და კატაკლიზმების დროს. ეს მოხდა 2014-16 წლების ებოლას და 2015-16 წლების ზიკას ეპიდემიის დროს და, როგორც ჩანს, ასეა ახლაც. კარანტინისა ან სახლში დარჩენის ზომებიდან გამომდინარე, ქალები და ბავშვები, ვინც მოძალადე და მაკონტროლებელ კაცებთან ერთად ცხოვრობენ, საგრძნობლად დიდი საფრთხის ქვეშ არიან.

ამ ქალებისა და ბავშვების მხარდაჭერის საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება, როცა კრიზისი დასრულდება და ადამიანებს კვლავ შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება. უნდა უზრუნვველყოთ, რომ ქალთა თავშესაფრები და დახმარების სხვა ფორმები შენარჩუნებული და, შესაბამისად, გაუმჯობესებული იქნება. მთავრობებმა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა უნდა მოახდინონ მეტი რესურსის მიწოდება, როგორებიცაა საგანგებო განსახლება და სატელოფონო დახმარების ხაზები, შესაძლოა, მობილური ტექნოლოგიების ახალი, ინოვაციური გზებით გამოყენებაც, როგორც ხდება ხოლმე ბევრ სხვა სფეროში.

მეორე — პანდემიის ფრონტის წინა ხაზზე მდგომთა უმრავლესობა ქალია, რადგანაც გლობალური მასშტაბით ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მუშაკების 70% ქალია. სასწრაფოდ გვჭირდება ამ ქალების გაძლიერება, დაწყებული უფრო მეტი რესურსის გამოყოფით მათთვის, ვისაც მოუწია იტვირთოს პირდაპირი პასუხისმგებლობა საშინაო მუშაობისთვის. ამ დახმარებაში ასევე შეიძლება შევიდეს ოჯახის ინფიცირებული წევრების მკურნალობა, რომლებიც ქალებისთვის კიდევ უფრო დიდ რისკს წარმოადგენენ.

ქალები აგრეთვე არიან მსოფლიოს ხანდაზმული მოსახლეობის უმრავლესობა — განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში და, შესაბამისად, წარმოადგენენ პოტენციური პაციენტების უმრავლესობას. თუმცა, როგორც წესი, მათი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე უფრო მცირეა, ვიდრე კაცების. უარესიც — ზოგ ქვეყანაში, სადაც ეპიდემია ადრეც ყოფილა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისები, მათ შორის მშობიარობამდელი და მშობიარობის შემდგომი ჯანდაცვა და წვდომა კონტრაცეპციულ საშუალებებსა და უსაფრთხო აბორტზე, შემცირდა, რადგანაც საჭირო გახდა რესურსების გადასროლა კრიზისთან საბრძოლველად. ასეთ ნაბიჯებს საშინელი შედეგები მოაქვს ქალებისა და გოგონებისთვის და ამიტომ, ნებისმიერი ფასით, ამის პრევენციაა საჭირო.

მესამე — ქალები ეკონომიკურად უფრო მოწყვლადები არიან. გლობალური მასშტაბით, ქალების ფინანსური მდგომარეობა კაცებთან შედარებით უარესია, ხოლო მათი მდგომარეობა შრომით ბაზარზე ნაკლებად დაცულია. უფრო მეტიც — ქალები, როგორც წესი, უფრო ხშირად არიან მარტოხელა მშობლები და უფრო დიდი ზარალი მიადგებათ ეკონომიკური დაღმავლობით, რომელიც უკვე დაწყებულია.

ამ განხვავებებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ ეკონომიკურ კრიზისზე რეაგირებისას გათვალისწინებული იყოს ქალების უნიკალური სიტუაცია, განსაკუთრებით კი კონფლიქტურ ზონებსა და ადგილებში, სადაც  გენდერული თანასწორობა წარუმატებლობას განიცდის და ქალებსა გოგონებს აქვთ რისკი, არ მიაღებინონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პოტენციურად სულაც არ გაითვალისწინონ მათი ინტერესები.

წელს არის გაეროს მიერ ქალებისთვის მიძღვნილი მეოთხე კონფერენციის 25 წლის იუბილე, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო პეკინის დეკლარაცია და მოქმედების გეგმა. მოვუწოდებთ ყველა მთავრობას, კვლავ დაუდგნენ გვერდში პრინციპს, რომ ქალებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისას კაცებისნაირი უფლება აქვთ და მათი ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.

ამ მიზნისთვის პოლიტიკის დამდგენლმა პირებმა ყველა დონეზე უნდა იმუშაონ და მოუსმინონ ქალთა უფლებების ორგანიზაციებს კრიზისზე რეაგირების შემუშავების და შემდეგისთვის მომზადების პროცესში. მთავარი კითხვა ყოველთვის უნდა იყოს, ახდენს თუ არა პრობლემა ქალებზე და კაცებზე განსხვავებულ გავლენას და თუ ასეა, როგორ შეიძლება მივაღწიოთ უფრო სამართლიან შედეგს?

აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ, რომ გოგონებს სასწავლებლად იმდენივე დრო ჰქონდეთ, რამდენიც ბიჭებს და ისინი არ ატარებდნენ სრულ პასუხისმგებლობას და-ძმისა და მშობლების დახმარებაზე. აგრეთვე სწორი გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ COVID-19-ის კრიზისიდან, რაც მოითხოვს, რომ კარგად შევხედოთ, თუ როგორ ვაფასებთ და ვუხდით ქალებს მათი წვლილისთვის ჯანდაცვაში, სოციალურ მუშაობასა და ეკონომიკაში. როგორ შეგვიძლია უზრუნვველყოთ, რომ ქალები მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესებისგან ახლა და მომავალში გარიყულები არ იქნებიან?

დღეს ყველა ქვეყანას ერთი კრიზისი აქვს და COVID-19-ს მარტო ვერავინ მოერევა. გამომდინარე იქიდან, რომ ვიზიარებთ ერთი და იგივე მომავალს, ყველა ჩვენგანმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს მომავალი სოლიდარობასა და თანამშრომლობაზე იქნება დამყარებული. მთავრობებმა და გაერომ წამყვანი როლი უნდა იკისრონ. ვიცით, რომ გენდერული თანასწორობის მქონე საზოგადოებები უფრო აყვავებული და მდგრადია, ვიდრე ის საზოგადოებები, სადაც ღრმა განსხვავებებს აქვს ადგილი. მსოფლიოში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს აქვთ შესაძლებლობა, გენდერული თანასწორობა ნომერ პირველ პრიორიტედად აქციონ. მოვუწოდებთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ.


ამ წერილს ასევე ხელს აწერენ:

  • შირლი აიორკორ ბოთჩუეი, განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრი
  • კამინა ჯონსონ-სმითი, იამაიკის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი
  • კანგ ქიუნ-ჰა, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • რეტნო მარსუდი, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • გრეის ნალედი მანდისა პანდორი, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრი
  • მარიზ პეინი, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ფუმზილე მლამბო ნქგუკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი
  • ინე მარი ერიკსენ სორეიდე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და “ნეტგაზეთის” შეთანხმების შესაბამისად. 

თარგმანი: ნიკა ბურდული


იხილეთ აგრეთვე:

ახლა ან არასდროს – გლობალური ლიდერობა COVID-19-ის დროს | გორდონ ბრაუნი და სხვები

ჩვენი საუკეთესო წუთები | ხავიერ სოლანა

უხილავი მკვლელები

COVID19-ის დასრულების გლობალური სტრატეგია | მოსაზრება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი