ახალი ამბებიკომენტარი

ახლა ან არასდროს – გლობალური ლიდერობა COVID-19-ის დროს | გორდონ ბრაუნი და სხვები

9 აპრილი, 2020 • 3911
ახლა ან არასდროს – გლობალური ლიდერობა COVID-19-ის დროს | გორდონ ბრაუნი და სხვები

ავტორები

  • გორდონ ბრაუნი, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
  • ერიკ ბერგლოფი, EBRD-ის ყოფილი მთავარი ეკონომისტი
  • ჯერემი ფარარი, Wellcome Trust-ის (ჯანდაცვის გაუმჯობესებისთვის მომუშავე გლობალური საქველმოქმედო ფონდი) დირექტორი

ამ კვირას სამედიცინო, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ერთიანდებიან, რათა მოითხოვონ სწრაფი და კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება, რათა მობილიზდეს COVID 19-ის კრიზისთან საბრძოლველად საჭირო რესურსები, იმისათვის, რომ ამჟამინდელი ჯანდაცვის კატასტროფა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არ აღმოჩნდეს და თავიდან იქნეს აცილებული გლობალური [ეკონომიკური] დეპრესია.  როგორც მსოფლიოს ლიდერებისადმი წერილშია აღნიშნული, რადგანაც ჩვენ ასე ჩამოვრჩებით COVID-19-ით [დაინფიცირების დიაგრამაზე ხაზს], ამდენი ადამიანის სიცოცხლე უაზროდ იკარგება, ჯანდაცვის სხვა საკითხები იგნორირდება, ხოლო საზოგადოებები და ეკონომიკები გაპარტახების პროცესშია.

2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, G20-ის ქვეყნების ლიდერებმა შეიმუშავეს კოორდინირებული პასუხი. სხვა ადრინდელი განსაკუთრებული კრიზისების დროს, როგორებიცაა ცუნამი, სამოქალაქო ომები ან ეპიდემია, ქვეყნების კოალიციებმა მოიწვიეს დონორების კონფერენცია, რათა საჭირო რესურსები მოგროვებულიყო. დღეს ორივე რამაა საჭირო: G20-ის სამუშაო ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს საერთაშორისო მხარდაჭერის გეგმა და მოიწვიოს დონორი ქვეყნების კონფერენცია, რათა ეს მხარდაჭერა ეფექტიანი გამოდგეს.

ათი წლის წინ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მოხერხდა, როცა გლობალური საბანკო სისტემის არასაკმარისი კაპიტალიზაციის პრობლემა მოგვარდა. დღეს ეკონომიკური კრიზისი არ დასრულდება, სანამ არ იქნება გაცემული პასუხი ჯანდაცვის კრიზისის გამოწვევაზე, ხოლო ჯანდაცვის კრიზისი არ დასრულდება მისი გადალახვით მხოლოდ ერთ ქვეყანაში. მისი დასრულება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ყველა ქვეყანა მოიშუშებს COVID-19-ის მიერ მიყენებულ ჭრილობებს, ხოლო მისი [პანდემიის] რეგულარულად დაბრუნება თავიდან იქნება აცილებული.

ყველა ჯანდაცვის სისტემასა და საზოგადოებას, ყველაზე მდიდარსა და დახვეწილსაც კი, კორონავირუსისგან წამოსული ზეწოლისთვის გაძლება უჭირს. მაგრამ, თუ ჩვენ არაფერი გავაკეთეთ და კორონავირუსი აფრიკულ, აზიურ და სამხრეთამერიკულ ქალაქებსა და პატარა დასახლებებში გავრცელდა, სადაც ტესტირების მწირი რესურსი და მყიფე ჯანდაცვის სისტემაა და სოციალური დისტანცირების მიღწევა უბრალოდ შეუძლებელი იქნება, ეს აფეთქება გამოიწვევს გაპარტახებას, ვირუსის შენარჩუნებას და შეიძლება, მის გარდაუვალ გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით.

ერთადერთი გზა, რომლითაც ამ კრიზისის დასრულება რაც შეიძლება მალეა შესაძლებელი, არის ის, რომელსაც წლების განმავლობაში არ მივყვებოდით: სამეცნიერო და ეკონომიკური სააგენტოების და საჯარო ჯანდაცვის დაფინანსება, რომლებიც გვიცავენ გლობალური კატასტროფისგან. მსოფლიო ლიდერები რაც შეიძლება მალე უნდა დათანხმდნენ 8 მილიარდი დოლარის მობილიზებას — 1 მილიარდი უნდა მოხმარდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო, WHO), რათა მან განაგრძოს თავისი უმნიშვნელოვანესი მუშაობა 2020 წელს, დანარჩენი კი- ეპიდემიური მზადების ინოვაციების კოალიციას (Coalition for Epidemic Preparedness Innovations), რათა დიაგნოსტიკის, თერაპიული საშუალებებისა და ვაქცინების შექმნის, წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესი ეფექტურად იყოს კოორდინირებული. ეს ყველაფერი და ყველა ქვეყნისთვის ამ რესურსებზე თანასწორი წვდომა არის აუცილებელი, თუ გვუსრს ეს პანდემია დავასრულოთ და მომავალი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ.

უნდა გამოიყოს დაფინანსება [ფილტვების მექანიკური] ვენტილაციის აპარატებისა და მედპერსონალის დამცავი ეკიპირებისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ყველა ქვეყანამ, შტატმა ან პროვინციამ იბრძოლოს არსებული მარაგების მოსაპოვებლად, რასაც კონკურენციის გამო ინფლაცია მოჰყვება,  უნდა გავზარდოთ ჩვენი პოტენციალი — გლობალური წარმოების კოორდინირებით და სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვით. ხოლო თუ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, ღარიბ ქვეყნებში მისი დისტრიბუციისთვის უნდა გამოიყოს დაფინანსება ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა Gavi და The Vaccine Alliance.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის ყველაზე ოპტიმისტური გამოთვლებითაც კი, აზიაში კორონავირუსით 900 000, აფრიკაში კი 300 000 ადამიანი დაიღუპება. განვითარებად ქვეყნებს არამარტო არ აქვთ თანამედროვე ჯანდაცვის სისტემები, მათ გააჩნიათ სოციალური უსაფრთხოების სრულიად არაადეკვატური ბადეები. როგორც მინიმუმ, 35 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო აუცილებელი სამედიცინო საქონლის, პერსონალის დაქირავებისთვის და [კორონავირუსის პანდემიისთვის] ქვეყნების გამძლეობის გაძლიერებისთვის.

და მაინც, WHO-ს მონაცემებით, მიუხედავად მომავალი საფრთხისა, ქვეყნების დაახლოებით 30%-ს არ აქვს COVID-19-ისთვის მზაობის გეგმა, ხოლო ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროგრამა ქვეყნების მხოლოდ ნახევარს აქვს. ჯანდაცვისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ბევრ ქვეყანას არ აქვს წყალი, სანიტარული პირობები და ჰიგიენური სტანდარტები. გამოთვლების მიხედვით, მდიდარ ქვეყნებში რთულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის საჭირო ადგილების მხოლოდ 1/7 ექნებათ, ღარიბ ქვეყნებში კი ეს ადგილები ბევრად უფრო ნაკლები, ან საერთოდ არ იქნება.

ნაციონალური მთავრობები აგრეთვე ცდილობენ შეებრძოლონ დაღმასვლას მათ ეკონომიკაში. თუმცა იმისათვის, რომ ლიკვიდურობის კრიზისი გადახდისუნარიანობის კრიზისად არ იქცეს, ხოლო დღევანდელი გლობალური რეცესია – ხვალინდელ გლობალურ დეპრესიად, სასწრაფოდაა მისაღები უკეთესად კოორდინირებული ფისკალური, მონეტარული და სავაჭრო ზომები.

ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული ფისკალური სტიმულირების პაკეტები ბევრად უფრო ეფექტური გამოდგება, თუ ყველა ქვეყანა, ვისაც აქვს ამის საშუალება, ასეთ ზომას მიიღებს. თუმცა, თუ გვინდა შევზღუდოთ [სამსახურიდან] გათავისუფლებები (რომლებსაც უკვე აქვს ადგილი საშიში მასშტაბით), სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბანკებიც ამოქმედდნენ მთავრობის მიერ გარანტირებული სესხებით და ფულადი სახსრებით აღმოუჩინონ საჭირო მხარდაჭერა კომპანიებსა და მათ თანამშრომლებბს.

ყველაზე ღარიბ ქვეყნებს განსაკუთრებული ეკონომიკური დამხარება სჭირდებათ. საერთაშორისო საზოგადოებამ განვითარებადი ქვეყნების მიერ მათი ვალის გადახდაზე უარის თქმით უნდა დაიწყოს, მათ შორის უარი უნდა ითქვას 44 მილიარდ აშშ დოლარზე, რომელიც აფრიკის ქვეყნებს მართებთ. თუმცა, რეალურად, 150 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო განვითარებადი ქვეყნების დასაცავად.

მსოფლიო ბანკს შეუძლია ქვეყნებს დაეხმაროს ისე, რომ მის მიერ სესხების გაცემის ჭერს არ გადასცდეს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. 2009-ში, დიდი რეცესიის დროს, მსოფლიო ბანკის ხარჯები 16 მილიარდიდან 46 მილიარდამდე ავიდა. რესურსების ამგვარი გაზრდა უნდა იყოს გარანტირებული ახლაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განცხადებით, ისიც აპირებს ყველა ხელმისაწვდომი რესურსების მობილიზებას. IMF-მა 500-600 მილიარდი დოლარი უნდა გამოყოს სესხების სპეციალური პირობების (SDR) პროგრამისთვის.

დრო ცოტაა. იდეალურ ვარიანტაში, ეს ყველაფერი შეთანხმებული, გამოცხადებული და ფორმალურად დადასტურებული უნდა იყოს IMF-ისა და მსოფლიო ბანკის განვითარების კომიტეტის შეხვედრაზე 17-19 აპრილს. ეს შესაძლოა იყოს მსოფლიოსთვის ამ სიტუაციიდან გამოსვლის სიცოცხლისუნარიანი ვარიანტი. თუ ფასი დიდი მოჩანს, შეიძლება, მისი არგადახდის შედეგები კატასტროფული გამოდგეს.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და “ნეტგაზეთის” შეთანხმების შესაბამისად. 

ამავე თემაზე გირჩევთ

ჩვენი საუკეთესო წუთები | ხავიერ სოლანა

მასალების გადაბეჭდვის წესი