ახალი ამბებიკომენტარი

უხილავი მკვლელები

20 აპრილი, 2020 • 6097
უხილავი მკვლელები

„კაცობრიობამ იმხელა პროგრესს მიაღწია ბუნების ჩვენი სურვილებისთვის დამორჩლებაში, რომ ზოგჯერ საკუთარი ადგილი გვავიწყდება. პანდემიების ისტორია გვაჩვენებს, რომ აპოკალიფსის მეოთხე მხედარი, ეპიდემია, ვერასდროს დამარცხდება. შესაძლებელია მხოლოდ მისი შეკავება“.

ავტორი: ედუარდო კამპანელა

1969 წელს აშშ-ის მთავარმა ქირურგმა უილიამ სტიუარტმა განუცხადა კონგრესს: “დადგა დრო, დავხუროთ წიგნები ინფექციურ დაავადებებზე და გამოვაცხადოთ გამარჯვება ამ ომში. ანტიბიოტიკები, ვაქცინები, ფართომასშტაბიანი წინსვლა სანიტარული პირობების დაცვაში — ეს ყველაფერი ხელს უწყობდა, მსოფლიო ბევრად უფრო ჯანმრთელი ყოფილიყო, ვიდრე ოდესმე. რამდენიმე წლის განმავლობაში ჰარვარდის და იელის უნივერსიტეტებმა მართლაც გააუქმეს ინფექციური დაავადებების დეპარტამენტები. იმ დროისთვის, ფაქტობრივად, დამარცხებული იყო, პოლიომიელიტი, ტიფი, ქოლერა და წითელა, დასავლეთის ქვეყნებში მაინც.

ტრიუმფი არა მხოლოდ ადრეული, არამედ სახიფათოდ სულელური აღმოჩნდა. აივ/შიდსის ეპიდემია აშშ-ში ათწლეულის შემდეგ დაიწყო და ჯერაც არაა დამარცხებული. 1990-იან წლების მცირე შესვენების შემდეგ თავი იჩინა SARS-მა, MERS-მა, ებოლამ, ზიკამ, ღორის და ფრინველის გრიპმა. ესეც ამ ასწლეულში გამოჩენილი აფეთქებების მხოლოდ მცირე ნაწილია. მართალია, ახალი დაავადებების დიდი ნაწილი ძირითადად მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს შეეხო მტკივენულად, თუმცა ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ ომი მიკრობების წინააღმდეგ დასასრულისგან საკმაოდ შორსაა.

მიუხედავად ამისა, დასავლეთში უსაფრთხოების განცდა ჭარბობდა. ეგონათ, რომ ეპიდემიები, რომლებიც თუნდაც არ წარმოადგენდა ისტორიის ნაწილს,  მხოლოდ გეოგრაფიულად დაშორებულ და ეკონომიკურად ჩამორჩენილ საზოგადოებას ემუქრებოდა. ახალმა კორონავირუსმა, რომელიც დეკემბერში, ვუჰანში აღმოცენდა, ეს ილუზია დაამსხვრია და აჩვენა, რომ ახალი პათოგენები ყველასთვის თანაბრად სასიკვდილოა.

თავდაპირველად თავს ვიტყუებდით, რომ COVID-19, უბრალოდ, აზიური ჯანდაცვის მორიგი კრიზისი იქნებოდა, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიო ებრძვის შეუკავებელ პანდემიას. საჯარო ჯანდაცვის ორგანოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, დაინფიცირების დიაგრამის ხაზი ქვემოთ დაიყვანონ კარანტინის საშუალებით, მოგზაურობის აკრძალვით, უპრეცედენტო სრულმასშტაბიანი „ჩაკეტვით“. ამავე დროს კი, მთავრობები და ცენტრალური ბანკები განწირულად ცდილობენ, ქვემოთ დაიყვანონ რეცესიის ხაზი ასევე უპრეცედენტო [ეკონომიკის] სტიმულირების პაკეტებით.

დაავადება და უარყოფა

ერთი ფაქტი უკვე ნათლად გამოიკვეთა: ყველაზე მდიდარ და განვითარებულ ეკონომიკებშიც კი ადამიანები მაინც ადამიანები არიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი მოწყვლადნი არიან ახალი მიკრობული საფრთხეებისადმი, კერძოდ კი, ზოონოზური დაავადებებისადმი (რომლებიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის), რომლებიც ბუნებრივი ევოლუციის შედეგია და რომელსაც კიდევ უფრო უმარტივებს არსებობას ადამიანთა საქმიანობა. როგორც ბოლო ორი პანდემია გვაჩვენებს, მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის მოახერხებს ვირუსი, ბაქტერია ან პარაზიტული ორგანიზმი ცხოველიდან ადამიანზე გადასვლას

ებოლა, მაგალითად, შიმპანზეებისგან წამოვიდა, შავი ჭირი- ვირთხებისგან, ხოლო COVID-19 (ყველაზე დიდი ალბათობით) ღამურებისგან. ახალ მიკრობებზე დარდის გარდა, უნდა ვიდარდოთ ძველებზეც. ანტიგენური მუტაციის წყალობით, მალარია და ტუბერკულოზი, რომლებიც ერთხელ კინაღამ დამარცხდნენ, თავიდან გამოჩნდნენ პრეპარატებისდამი რეზისტენტულ ფორმებში.

ჟურნალ Epidemics and Society-ში იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსი ფრენკ სნოუდენი აჩვენებს, თუ რატომ არ ყოფილა არასდროს სწორი დასავლეთის სიმშვიდე ეპიდემიების მიმართ. სასიკვდილო დაავადებების აფეთქებები შორს არის „ჩამორჩენილი“ საზოგადოებების ექსკლუზიური მახასიათებლისგან, ისინი ადამიანთა პროგრესის ნეგატიური გვერდითი მოვლენაა. ეკოსისტემების ცვლილებით და ბუნებრივი საზღვრების მოშლით ადამიანები თავიანთ თავს მოწყვლადს ხდიდნენ ვირუსების, ბაქტერიების და მიკრობების მიმართ, რომლებიც ევოლუციას განიცდიან მათი სისუსტეების გამოსაყენებლად. ეკონომიკურმა განვითარებამ ადამიანთა და ცხოველთა გადაკვეთის შესაძლებლობები გაზარდა, ხოლო გლობალურმა ვაჭრობამ დაავადებების გასავრცელებლად ახალი გზები შექმნა.

ისტორიაში ბრძოლა ადამიანებსა და მიკრობებს შორის რეალურად იყო დაპირისპირება გონებასა და ცრურწმენებს შორის. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები პანდემიების წინაშე დაუცველები იყვნენ, ამიტომ რელიგიურ რიტუალებს მიმართავდნენ, რათა ვითომ განრისხებული ღმერთი დაეწყნარებინათ. როდესაც მეცნიერებამ, საბოლოო ჯამში, იმარჯვა რელიგიაზე, ერთი ილუზია მეორემ ჩაანაცვლა. ჩვენ დავარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ღმერთები ვართ და შეგვიძლია, ბუნება და მიკრობული სამყარო ვაკონტროლოთ.

ამ გრძელი და მტკივნეული სასწავლო პროცესისგან უკეთ შეგვიძლია გავიგოთ, რატომ იყო მსოფლიო ასე მოუმზადებელი მიმდინარე კრიზისისთვის. სნოუდენს მკითხველი ფართომასშტაბიან მოგზაურობაში მიჰყავს და აჩვენებს მსოფლიო პანდემიების ისტორიას — შავი ჭირის, ყვავილის, ქოლერის და ტუბერკულოზის, მალარიის, პოლიოს, აივ ინფექციის და ებოლას. სნოუდენის მიზანია, აჩვენოს მკითხველს, თუ როგორ ისწავლა კაცობრიობამ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა საჯარო ჯანდაცვის სისტემების შექმნით და სამედიცინო სფეროში ცოდნის გაღრმავებით.

ეს ბრძოლა მუდმივია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნებისმიერი ინფექციური დაავადება უნიკალურია. ზოგიერთის მთავარი ატრიბუტი მაღალი სიხშირის გავრცელებაა, ზოგისთვის- ლეტალურობის დონე. ზოგი ბაქტერიული იყო, ზოგი კი- ვირუსული ან პარაზიტული. ზოგი გადადიოდა ჰაერით, ზოგი კი- დაბინძურებული წყლით ან გადამტანით, როგორიცებიც არიან კოღოები და ტილები.

რაც მათ საერთო აქვთ, ეს არის შესაძლებლობა, ადამიანების ძლიერი ტანჯვა და მთელი საზოგადოების გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვიონ. ინფექციურ დაავადებებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შეუწყონ შფოთვას, შიშს, მასობრივ ისტერიას და რელიგიურობის ზრდას (განსაკუთრებით წარსულში). ინფექციური დაავადებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას სოციალური ერთიანობისა და სოლიდარობისთვის და, შესაბამისად, საზოგადოების შესაძლებლობისთვის, მართოს კოლექტიური კრიზისები.

პანდემიის პიკი

სნოუდენის მიერ გაანალიზებულ ინფექციურ აფეთქებებს შორის შავი ჭირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისი ეპიდემიოლოგიური სურათის, სიძლიერის და საზოგადოებაზე გავლენის ეფექტის გამო. უფრო მეტიც — მან სამუდამოდ შეცვალა ხელისუფლების მიერ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები.

შავმა ჭირმა, ცნობილმა თავისი ვირულენტურობით, ლეტალურობით და საშინელი კლინიკური გამოვლინენებით, სიმპტომების გამოჩენიდან რამდენიმე დღეში დაავადებულთა 50% იმსხვერპლა და გასნხვავებით პოლიოსგან, წითელასგან, ყბაყურასა თუ სხვა დაავადებებისგან, რომლებიც ძირითადად ბავშვებს და მოხუცებს „ესხმიან თავს“, შავი ჭირის მთავარი სამიზნე ზრდასრული ადამიანები იყვნენ, რის შედეგადაც ბევრი ქვრივად ან ობლად დარჩა, შესაბამისად კი, გაძლიერდა ეკონომიკური, დემოგრაფიული და სოციალური პრობლემები.

უფრო მეტიც — შავი ჭირი ერთადერთია, რომელიც მსოფლიოში, როგორც მინიმუმ, ბოლო 1500 წლის განმავლობაში მძვინვარებს და კაცობრიობას მოჰყვება რელიგიური ცრურწმენების ხანიდან სამეცნიერო აღმოჩენების დრომდე. ის ჩვეულებრივ აფრიკაში ან აზიაში ჩნდებოდა და შემდეგე ვრცელდებოდა ევროპასა და ამერიკაში  მოვაჭრეების დახმარებით. პერიოდული ეპიდემიური ტალღები ათწლეულები ან საუკუნეები ვრცელდებოდა.

ასე, მაგალითად, შავმა ჭირმა 1334-72 წლებში ევროპის მოსახლეობის ⅓ იმსხვერპლა და შემდეგ, 1879 წლამდე, პერიოდულად კვლავ ჩნდებოდა ხოლმე. ამავე დროს, სხვა ინფექციური დაავადებები — სიფილისიდან დაწყებული 1490-იანებში და დამთავრებული ქოლერათი 1830-ში, შავი ჭირის პარალელურად ვრცელდებოდა.

ჟილ და მიუზის ქრონიკები, შავი ჭირი ტურნეში, 1349, ფოტო Getty Images

საუკუნეების განმავლობაში ევროპელებს სწამდათ, რომ შავი ჭირი განრისხებულმა ღვთაებამ გამოგზავნა, როგორც სასჯელი დაუმორჩილებლობისა და ცოდვებისთვის. ამ ღვთაების დასაწყნარებლად საზოგადოება ხშირად ცდილობდა განტევების ვაცისა და შესაძლო ცოდვილების გარიყვას, იქნებოდნენ ისინი პროსტიტუციაში მყოფნი, ებრაელები, რელიგიური დისიდენტები, უცხოელები, კეთრით დაავადებულები, შემწეობის მთხოვნელები თუ ჯადოქრობაში ბრალდებულები.

მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში, შავი ჭირის დროს, ევროპის ქალაქებმა თუ პატარა დასახლებებმა უცხოელებისთვი კარი ჩაკეტეს, ხოლო თავის საზღვრებში დევნიდნენ ყველას, ვისაც არასასურველად მიიჩნევდნენ. დაკავებულებს ან ქვებს ესროდნენ, ან ლინჩის წესით ასამართლებდნენ, ან სულაც კოცონზე წვავდნენ.

განრისხებული ღვთაების დაწყნარების ნაკლებად სასტიკი გზა მონანიება იყო. ამის ტიპური მაგალითია რელიგიური კონფესიების მსვლელობები, რომლებსაც, მაგალითად, ევროპაში მოგზაური ფლაგელანტები აწყობდნენ, სანამ მათ დევნას ინკვიზიცია დაიწყებდა.

სხვა შემთხვევებში, საზოგადოებები, რომლებსაც ეპიდემია შეეხოთ, მიმართავდნენ წმინდანებს, რომლებსაც უნდა ეშუამდგომლათ ღმერთთან დატანჯული კაციობრიობის სახელით. 1631 წელს, შავი ჭირის დასრულებაში მარიამის როლის აღსანიშნავად, ვენეციაში ააშენეს წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია.

რელიგიური ფანატიზმი, ნათელია, არ იყო საკმარისი შავი ჭირის დასამარცხებლად, განსაკუთრებით მისი ხელახლა აღმოცენების გათვალისწინებით. თუმცა სხვა ზომები შავი ჭირის წინააღმდეგ, რომელთა ნაწილიც არაადამიანური იყო, საჯარო ჯანდაცვის პოლიტიკის პირველი ინსტიტუციონალური ფორმა გახდა.

შავი ჭირის დროს იტალიური ქალაქები იყვნენ პირველნი, ვინც ჯანდაცვის ორგანოებს საგანგებო უფლებამოსილება მიანიჭეს და გაამარტივეს კოორდინაცია ჯარსა და ბიუროკრატიულ აპარატს შორის. ქალაქების საზღვრებში დაავადებულები იზოლირებული იყვნენ, ხოლო მათ სახლებთან დაცვა იდგა. გარდა ამისა, ვენეცია იყო პირველი ქალაქი, რომელმაც გემების და ეკიპაჟის კარანტინი დაიწყო.

საბოლოო ჯამში, ეს ადრეული ზომები იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. სასიკვდილო ეპიდაფეთქებებმა გაამართლა საგანგებო ზომები — ეკონომიკისა და მოსახლეობის კონტროლი დაკავებით, თვალთვალით და თავისუფლების შეზღუდვით. დაავადების შეკავებისა და სოციალური დისტანციის ზომები კვლავ არის ნომერ პირველი თითქმის ყველა ინფექციური დაავადებისგან დაცვის საქმეში, დაწყებული ქოლერათი, დამთავრებული აივ ინფექციითა და ებოლათი. მართალია, ეს ზომები ყოველთვის მიზანშეწონილი და ეფექტიანი არ ყოფილა,  მაგრამ მმართველებს მტკიცე ხელმძღვანელის იმიჯს უქმნიდა.

სამეცნიერო მედიდურობა

მიუხედავად ფართოდ გავრცელებული ცრურწმენებისა, ჩვენს წინაპრებს ესმოდათ, რომ შავი ჭირი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა და იზოლაცია საჭირო იყო დაავადების შესაკავებლად. თუმცა არ იცოდნენ, თუ რა იწვევდა დაავადებას. საუკუნეების განმავლობაში, ექიმებს, რომლებზეც გავლენა ე.წ. „მიაზმების“ თეორიამ მოახდინა, სჯეროდათ, რომ დაავადების მიზეზი იყო „ცუდი ჰაერი“, რომელიც დამპალი ორგანული ნივთიერებებიდან მოდიოდა.

მხოლოდ მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეში ექიმებმა დაიწყეს იმის დადგენა,  რეალურად რა ხდება. მიკროსკოპის გამოგონებამ ხელი შეუწყო დაავადებების წარმოშობის ახალი, მიკრობული თეორიის შექმნას, რომელმაც მიზეზად დაასახელა მიკროორგანიზმები და არა მიაზმები. შავი ჭირის შემთხვევაში, „დამნაშავე იყო“ ბაქტერია Yersinia pestis, რომელსაც ატარებდნენ შავ ვირთხებზე მცხოვრები ტილები, ეს შავი ვირთხები კი იმ დროს სავაჭრო გემებსა და გადაჭედილ, დიდ ქალაქებში დიდი რაოდენობით იყვნენ.

მიკრობული თეორიის შექმნა და შემუშავება გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლასა და სამედიცინო რევოლუციაში. მისი წყალობით შეიქმნა სრულიად ახალი სფეროები, როგორებიცაა მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, პარაზიტოლოგია და ტროპიკული მედიცინა. მეოცე საუკუნის შუა პერიოდისთვის იქამდე ყველაზე ხშირმა და აგრესიულმა ინფექციებმა უკან დაიხიეს, ამის მიზეზი კი გახდა ვაქცინების და ანტიბიოტიკების შექმნა, ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტები და გაუმჯობესებული ჰიგიენა.

მხოლოდ ვაქცინაციამ იმდენად შეამცირა ყვავილით, დიფთერიით, ტეტანუსით, წითელათი, პოლიოთი, წითურათი და ყბაყურით დაავადებები, რომ ეს დაავადებები დიდწილად დავიწყებას მიეცა. ქიმიურ DDT-ს უნდა გაენადგურებინა მალარია და სხვა მწერებში დაავადებული პათოგენები, სანამ აღმოაჩინეს, რომ ის კანცეროგენული იყო. ქოლერა კი ასე თუ ისე დამარცხდა წყლის ქლორირებითა და ქვიშის ფილტრაციით.

„პანდემიის საუკუნეში“ (The Pandemic Century), სადაც აღწერილია ბოლო საუკუნის განმავლობაში სამეცნიერო საზოგადოების ბრძოლა ვირუსებთან, სამეცნიერო ჟურნალისტი მარკ ჰონიგსბაუმი გვაჩვენებს, თუ როგორ შექმნა ამ მიღწევებმა მიკრობული სამყაროს მართვის შესაძლებლობის განცდა. კაპრიზული ღვთაებებისგან საუკუნოვანი ტანჯვის შემდეგ კაცობრიობამ უცებ საკუთარი ღვთიური ძალების შექმნა დაიწყო.

თუმცა ამის გაცნობიერებას დაემატა მედიდურობაც. 1948 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა დარწმუნებით განაცხადა, რომ კაცობრიობა ახლოს იყო დედამიწიდან ინფექციური დაავადებების გაქრობასთან. მისი თაობა თვლიდა, რომ მიკრობები იყვნენ სტატიკური ან ნელა განიცდიდნენ ევოლუციას, გეოგრაფიულად შეზღუდულები და, შესაბამისად, დიდწილად ადვილად სამართავი. ძველი დაავადებები მარცხდებოდნენ და მხოლოდ ცოტა ფიქრობდა იმის თაობაზე, რომ შეიძლება ახლებს წამოეყოთ თავი.

როგორც უკვე ცნობილია, მიკრობული მოქნილობის იდეა, რომლის თანახმადაც შეიძლება არსებობდეს დაავადებების მხოლოდ გარკვეული რაოდენობა, არასწორია. 1940 წლიდან მეცნიერებმა აღმოაჩინეს 335 ახალი ინფექციური დაავადება, რომელთა ორი მესამედიც წარმოიშვა ველურ ბუნებაში, კერძოდ კი, ღამურებში. მსგავსი მაგალითებია Lassa mammarenavirus, მარბურგის ვირუსი, Lyme borreliosis, რიფტ-ვალის ციებ-ცხელება, დასავლეთ ნილოსის ვირუსი, SARS, MERS, ებოლა, თუმცა ასეთი ვირუსები ბევრად უფრო მეტია.

სახიფათო პათოგენების დამარცხებისას, მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის დაიკავებენ მათ ადგილს ახალი საფრთხეები. დინამიკურ სამყაროში ცხოვრებისას ახალი დაავადებები გარდაუვალია. ადამიანები წარმოადგენენ საშინლად რთული ეკოლოგიური სისტემის ნაწილს. ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები ათწლეულების განმავლობაში შეიძლება მიძინებული იყვნენ უჯრედებსა და ქსოვილებში, ან უკვე დნობად ყინულში, სანამ არ გამოიღვიძებენ სისტემაში მომხდარი უცაბედი შოკით ან სხვა მიკრობთან კავშირში შესვლით.

მაგალითად, 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა სიმონ ენტონიმ და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს, რომ ახალი ვირუსების რაოდენობა ყველა ძუძუმწოვარ სახეობაში შესაძლოა იყოს დაახლოებით 320,000, ხოლო ყველაზე ხშირი გადამტანები ღამურები არიან, რადგანაც დიდ ჯგუფებად ცხოვრობენ, დიდ დისტანციას გადიან და ფართოდ არიან გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ასევე ბუნდოვანია საზღვარი, რომელიც ჰყოფს ინფექციებს ქრონიკული დაავადებებისგან. მაგალითად, პაპილომავირუსი არის კიბოს რამდენიმე სახეობის პირდაპირი გამომწვევი, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

უფრო მეტიც — აშშ-ის მედიცინის ეროვნული აკადემიის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, როგორც ჩანს, იზრდება„ინფექციური დაავადებების აღმოცენების საბაზისო ალბათობა”. ბევრი ახალი დაავადება ჩნდება ცხოველური რეზერვუარებიდან ან ეკოლოგიური ნიშიდან, რომელიც ადრე ადამიანებისგან შორს იყო. დემოგრაფიული ზრდა, კლიმატის ცვლილება, გადაჭედილი ქალაქები, მუდმივი სიღარიბე და გლობალური სავაჭრო გზები აგრძელებენ ისედაც არამყარი ეკოლოგიური წონასწორობის შერყევას და, შესაბამისად, კაცობრიობას ახალი, მომაკვდინელები პათოგენების საფრთხის წინაშე აყენებს.

ფრთხილი გაგრძელება

Epidemics and Society-ში სნოუდენი ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის 1998 წლის ანგარიშს, რომელშიც წერია: „შემდეგ ათასწლეულში შესაძლოა ისტორიკოსებმა  დაწერონ, რომ მეოცე საუკუნის უდიდესი შეცდომა იყო იმაზე ფიქრი, რომ ინფექციური დაავადებების ელიმინაციასთან ვიყავით ახლოს. ამ თვითდარწმუნებამ, რეალურად, საფრთხე გაზარდა“. ორი ათწლეულის შემდეგ ეს პროგნოზი გამართლდა — კორონავირუსის პანდემიამ მდიდარი და ღარიბი ქვეყნებიც დააჩოქა.

თუმცა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოება არაა დამნაშავე ჩვენს არასწორ გათვლებში. მას შემდეგ, რაც 1960-იანი და 70-იანი წლების განწყობა არასწორი აღმოჩნდა, ვირუსოლოგებმა, ეპიდემიოლოგებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააცნობიერეს, რომ პანდემიები კვლავ წარმოადგენდნენ სერიოზულ საფრთხეს. 2015 წელს ფილანტროპმა ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მსოფლიო ნაკლებად იყო მზად გრიპის პანდემიისთვის. თუმცა პოლიტიკოსები და ბიზნეს-ლიდერები ზედმეტად იყვნენ დაკავებული შეუზღუდავი გლობალიზაციისგან სარგებლის მიღებით, რათა გაფრთხილებები ყურად ეღოთ.

არცერთი უახლესი ეპიდემია გლობალური ჯანდაცვისთვისა და ეკონომიკისთვის არ ყოფილა ისეთი სახიფათო, როგორც COVID-19. 2009 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ღორის გრიპი (H1N1) აკმაყოფილებდა პანდემიური ვირუსის კრიტერიუმებს, მაგრამ გლობალური „შეფერხების“ მოლოდინი არ გამართლდა. მსგავსად, 2003 წელს ელოდნენ, რომ SARS ახალი ეპიდემია გახდებოდა, მაგრამ ესეც მცდარი აღმოჩნდა. მართალია, ერთმა დაცემინებამ შეიძლება პანდემია გამოიწვიოს, მაგრამ შიდასახეობრივი გაუთვალისწინებელი გარემოებები ძალიან კომპლექსურია, რაც ფართომასშტაბიან პანდემიებს დაბალი ალბათობის მოვლენად აქცევს.

თუმცა დაბალი ალბათობა სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ალბათობა არ არსებობს. COVID-19-ის პანდემიამ აჩვენა ჩვენი მოწყვლადობა და მზადყოფნის სიმცირე და ხაზი გაუსვა მომავალში უფრო ფრთხილი მიდგომის საჭიროებას. როგორც სხვა ინფექციური დაავადებების აფეთქებისას, მისმა მოულოდნელობამ დაბნეულობა და ქაოსი დათესა. მის მიერ გამოწვეული ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ზიანი გამოიწვევს მუდმივ ცვლილებებს ჩვენს ეკონომიკაში, პოლიტიკასა და ინდივიდუალურ ცხოვრებაში.

ახალი ეპიდემიები მომავალში გაფრთხილების გარეშე გამოჩნდება, თუმცა უნდა გვქონდეს იმედი, რომ მათთვის მზად ვიქნებით ისე, რომ შუა საუკუნეების მსგავსად, განტევების ვაცის ძებნასს ან აპოკალიპტურ სცენარებს არ ჩავიდებთ თავში. მუდმივი პანდემიური განგაშის პირობებში ყოფნა ჩვენი ცხოვრების სტილსა და თავისუფლებებს შეზღუდავს, თანაც არსებობს მესამე გზაც: მედიდურობა უნდა ჩაანაცვლოს მორჩილებამ: ჩვენი მეცნიერული სწრაფვა მიმართული უნდა იყოს მიკრობული სამყაროს გაგებისკენ და არა დაპყრობისკენ.

მთავრობებმა, თავის მხრივ, უნდა მოუსმინონ მეცნიერების დასკვნებს. უფრო მდგრადი ეკონომიკური პარადიგმების მიღებით, საჯარო ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებით, ექსპერტებში რწმენის აღდგენითა და შოკების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებით, შეგვიძლია პანდემიის მიერ გამოწვეული მორიგი გლობალური კატასტროფის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად ვიცნობთ მიკრობულ სამყაროს, სნოუდენი და ჰონიგსბაუმი გვახსენებენ, რომ ბუნება ყოველთვის შესძენს ვირუსებს, ბაქტერიებს და პარაზიტებს თვისებებს, რომლებიც ჩვენთვის უცნობია. COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ მათი და სხვა წიგნები ინფექციურ დაავადებებზე, დიდი ალბათობით, საკმაოდ დიდი ხნით დარჩება გადაშლილი.


სტატიის ავტორი ედუარდო კამპანელა არის მადრიდში IE-ს უნივერსიტეტის ცვლილებათა მართვის ცენტრის მოქმედი წევრი.

სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და “ნეტგაზეთის” შეთანხმების შესაბამისად. 

თარგმანი: ნიკა ბურდული

ამავე თემაზე

გაეცანით სხვა მოსაზრებებსაც

COVID19-ის დასრულების გლობალური სტრატეგია | მოსაზრება

მასალების გადაბეჭდვის წესი