ავტორი: ნინა ხრუშჩოვა, საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, ნიკიტა ხრუშჩოვის შვილთაშვილი
2013 წელს კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდებებით სასამართლო მიმდინარეობდა. მაშინ ჩემი დიდი ბაბუის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ რუსეთისა და ცომით სავსე ჯამის შედარება გავიხსენე – „ჩაყოფ ხელს ცომში, სულ ქვემოთ, სანამ ხელს ამოიღებ, ცომში პატარა ხვრელი რჩება. მაგრამ შემდეგ თვალის დახუჭვასაც ვერ მოასწრებ, რომ ცომი თავის პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება“. ათ წელიწადში ნავალნის სიკვდილი არქტიკულ კოლონიაში ადასტურებს, რომ დიდად არაფერი შეცვლილა.
ციხე, რომელშიც ნავალნი ჰყავდათ, განსაკუთრებით სასტიკი პირობებისაა. „პოლარულ მგლად“ წოდებული კოლონია მყინვარე გულაგია ძალადობრივი დამნაშავეებისთვის. თუმცა ბლოგერმა და ადვოკატმა ნავალნიმ ძალადობით ნამდვილად არ გაითქვა სახელი. 2013 წელს მას თანხების მითვისების ბრალდებები შეუკერეს, ხოლო 2021-ში ციხეში პირობითი გათავისუფლების პირობების დარღვევისთვის, სასამართლოს უპატივცემულობისთვის და თაღლითობისთვის გაუშვეს. ციხეშივე, კვლავაც შეთითხნილი ბრალდებებით, მას სხვა გამამტყუნებელი განაჩენებიც გამოუტანეს.
რაღა თქმა უნდა, ნავალნის ჭეშმარიტი დანაშაული ვლადიმერ პუტინისადმი ოპონირება იყო. იგი თითქმის ორი ათწლეული დაუღალავად ებრძოდა პუტინსა და მის გარემოცვას – სათავეში ედგა 2011 წელს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაყალბების გამო დაწყებულ პროტესტებს, იძიებდა ელიტების კორუფციას, სურდა პუტინის შეცვლა (არჩევნებში, რომლებზეც არ დაუშვეს). ბევრი პროცესი სტალინისეული საჩვენებელი სასამართლოს მსგავსი იყო – უნდა შეექმნა სამართლის ილუზია, კრიტიკოსი კი საარჩევნო ბიულეტენიდან და ტელევიზორიდან გაექრო. ოღონდ, თუ სტალინის სასამართლოები თავისუფლად იყენებდნენ სასიკვდილო განაჩენს, ოფიციალურად მაინც, ნავალნის წინააღმდეგ არც ერთი საქმე ასეთ ზომას არ მოითხოვდა.
რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური ამტკიცებს, რომ სეირნობისას ნავალნიმ გონება დაკარგა და მედიკოსების მცდელობების მიუხედავად, გონს ვეღარ მოვიდა. თუმცა წინა დღეს ნავალნის, – სასამართლოში ვიდეოჩართვის მონაწილეობისას, – ცუდად ყოფნის არაფერი ეტყობოდა. იგივე შეიძლება ითქვას 12 თებერვალზეც [სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე], როცა მას ადვოკატი ეწვია. ამით არ ვამბობ, რომ ნავალნი მოკლეს და ეს პირადად პუტინმა შეუკვეთა – „პოლარულ მგელში“ ყოფნა ნებისმიერის ჯანმრთელობას გამოუთხრის ძირს. მაგრამ, პირდაპირ თუ ირიბად, ნავალნი პუტინმა მოკლა.
ეს მკვლელობის პირველი მცდელობა არ ყოფილა. 2020-ის ზაფხულში ნავალნი სსრკ-ში შექმნილი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. სამკურნალოდ იგი ბერლინში გადაიყვანეს. მან იცოდა, რომ იქიდან რუსეთში დაბრუნება ნიშნავდა პოლიტიკური დევნის გაგრძელებას. იცოდა, რომ შეიძლებოდა, მოეკლათ – ბორის ნემცოვის, ანა პოლიტკოვსკაიას და უამრავი სხვა ადამიანის მსგავსად. თუმცა აირჩია რუსეთში დაბრუნება და პუტინთან დაპირისპირების გაგრძელება.
მოსკოვში თვითმფრინავის დაშვებისთანავე ნავალნი დააკავეს. ამას პროტესტები მოჰყვა – ათი ათასობით ადამიანმა ქუჩებში მოითხოვა მისი გათავისუფლება და მხოლოდ განამტკიცა კრემლის ხედვა, რომ ნავალნი საფრთხე იყო და ნეიტრალიზაციას საჭიროებდა. საჩვენებელ სასამართლოებში მისი სახელის გამოყენებასაც ვერ ბედავდნენ და იხსენიებდნენ, როგორც „გერმანელ პაციენტებს“. „ჰარი პოტერის“ სამყაროს წააგავდა, რომელშიც ლორდ ვოლდემორი არის „ის, ვისი სახელიც არ უნდა იყოს ნახსენები“.
როცა 2013 წელს ნავალნის საქმეებზე ვწერდი, ვივარაუდე, რომ რუსეთი ევოლუციონირებს გაანადგურებდა, თუნდაც ნელა. რა ვიცოდი, რომ შემდგომ ეს პერიოდი „ვეგეტარიანული დრო“ გახდებოდა, როცა დამოუკიდებელ მედიას დევნიდნენ, მაგრამ არ კრძალავდნენ; პროტესტი ისჯებოდა, მაგრამ არა ხანგრძლივი პატიმრობით; კრემლის ცნობილ მტერს, ნავალნის, შეეძლო ანტიკორუფციული ფონდი ჰქონოდა და უსამართლობაზე ესაუბრა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კრემლი მტაცებელი გახდა.
2022 წლის 24 თებერვლიდან 300-ზე მეტი საქმე აღიძრა მხოლოდ და მხოლოდ „რუსეთის ჯარის დისკრედიტაციისთვის“. დღეს რუსეთში ანტისაომარი ლექსის თქმა საკმარისია, რომ საჩვენებელი სასამართლო მოგიწყონ. დესპოტის ტრაგედია ხომ ისაა, რომ ბრძოლა არასდროს მთავრდება. რაც მეტი საჩვენებელი სასამართლო ჩატარდება, კიდევ უფრო მეტია საჭირო, რომ ხალხს ეშინოდეს. რაც უფრო მეტ რეპრესიას აიტანს ხალხი, მაინც მეტია საჭირო, რეაქცია რომ არ მოჰყვეს. რაც მეტი სისხლი დაიღვრება, კიდევ უფრო მეტი უნდა დაიღვაროს.
პუტინის მსგავსი ავტორიტარისთვის არ არსებობს დასასრული, ფინიშის ხაზი. დღეს რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ხვალაც იგივე უნდა გააკეთოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი თვის ფორმალურ საპრეზიდენტო არჩევნებამდე იგი ყველაზე ნაკლებად შეეგუება ოპონენტებს.
კი ბატონო, მოლოდინია, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის. იმის თქმაც შეიძლება, რომ ნავალნის სიკვდილმა ბევრად უფრო მეტი ყურადღება მიიქცია, ვიდრე მისმა ნებისმიერმა განცხადებამ ციხიდან. შესაძლებელია, მკვლელობა ირიბი ყოფილიყო, მაგრამ იგივე ლოგიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ 2018 წლის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე სკრიპალების მოწამვლაზე. არც ერთი, – არც ნავალნი, არც სკრიპალი, – პუტინისთვის მყისიერ საფრთხეს არ წარმოადგენდა, მათმა სიკვდილმა კი ნეგატიური საერთაშორისო ყურადღებაც მიიქცია. მაგრამ პუტინს გზავნილის გაგზავნა სჭირდებოდა: მტრებო, მიფრთხილდით.
და ასე, ცომიც პირვანდელ ფორმას დაუბრუნდა.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს „ნეტგაზეთის“ პოზიციას.
თარგმანი: ნიკა ბურდული