ახალი ამბებიკომენტარი

COVID19-ის დასრულების გლობალური სტრატეგია | მოსაზრება

14 აპრილი, 2020 • 4304
COVID19-ის დასრულების გლობალური სტრატეგია | მოსაზრება

ავტორები:

  • ნგეირ ვუდსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მართვის სკოლის დეკანი
  • რაჯაი ბატნიჯი, ორგანიზაცია Collective Health-ის თანადამფუძნებელი

მსოფლიო, რომელიც კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, შესაძლოა, იქცეს დაპირისპირებული ქვეყნების კოლექციად, რომლებიც ადრინდელთან შედარებით, ბევრად უფრო ჩაკეტილები და ნაციონალისტურები ხდებიან, ხოლო სწრაფი და ეფექტიანი გლობალური თანამშრომლობის გარეშე, მსოფლიო ვერასდროს მოახერხებს, ამ კრიზისიდან უსაფრთხოდ გამოვიდეს.

ჯერჯერობით დომინირებენ ნაციონალისტური, „ძლიერი ხელის“ ზომები. მთავრობები არ კმაყოფილდებიან მხოლოდ კომენდანტის საათით, სავალდებულო კარანტინით და საკუთრების რეკვიზიციით — ისინი კეტავენ საზღვრებს და მოსახლეობის დარაზმისთვის საომარი დროის რიტორიკას იყენებენ. ამავე დროს, გლობალური წარმოების ჯაჭვის და საერთაშორისო ვაჭრობის ნორმალურ მუშაობას ხელს უშლის არა მარტო კარანტინი, არამედ მდიდარი ქვეყნების კონკურენცია აუცილებელი საქონლის მისაღებად.

თუმცა, მალე ხელისუფლებებს მოუწევთ, თავიდან აამუშაონ მსოფლიო ეკონომიკა და ამისთვის საჭირო იქნება საერთაშორისო თანამშრომლობა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სფეროში.

COVID-19-ის კრიზისისდან გამოსვლის პირველი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტია მასობრივი ტესტირება (როგორც ინფექციის, ასევე მისდამი იმუნიტეტის არსებობაზე), რადგან ჯანმრთელებმა შეძლონ სამუშაოზე დაბრუნება, ხოლო ინფიცირებულებმა მიიღონ საჭირო მკურნალობა. ამისთვის მთავრობებს მოუწევთ, უზრუნველყონ ტესტების საკმარისი რაოდენობის, დამცავი აღჭურვილობის, ხელოვნური სუნთქვის აპარატების და რეანიმაციაში მკურნალობის საშუალების უზრუნველყოფა.

მასობრივი ტესტირება და მკურნალობა შესაძლებელი რომ გახდეს, აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობა. ყელიდან და ცხვირიდან ნაცხების აღების ინსტრუმენტის მთავარი მომწოდებელი კომპანია Copan ბაზირებულია ჩრდილოეთ იტალიაში. შეგროვებული უჯრედებიდან რნმ-ის ამოღების რეაგენტების ძირითად ნაწილს აწარმოებს გერმანული კომპანია Ciagen, რომელიც ეყრდნობა გლობალური წარმოების რთულ ჯაჭვს. აშშ-ის მიერ გამოყენებული ხელოვნური სუნთქვის აპარატების დაახლოებით ნახევარს აწარმოებენ უცხოური კომპანიები, მათი მესამედი კი ევროპიდან შედის შტატებში.

ამავე დროს, აშშ-ის შტატების გუბერნატორები ერთმანეთს ეჯიბრებიან დეფიციტური ხელოვნური სუნთქვის აპარატების ბაზარზე, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება კი მათ ექსპორტს კრძალავს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრი აცხადებს, რომ ტესტირების ჩატარებას ანელებს ის, რომ ქვეყანა ვერ ახერხებს, აუცილებელი რეაგენტების მომწოდებელი იპოვოს.

გამოსავალი არის ამ პროდუქციის წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროში თანამშრომლობა გლობალური წარმოების ჯაჭვისა და ყველა რესურსისა და აპარატურის გაერთიანებით ისე, რომ ისინი საჭიროებისამებრ გადანაწილდეს. მაგალითად, ჩინეთი ახლა აშშ-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატებს ჩუქნის და პირბადეების ექსპორტითაა დაკავებული.

პანდემიური კრიზისიდან გამოსვლის მეორე კომპონენტი: დაავადების ეფექტიანი ზედამხედველობა და კონტროლი. კი, ბევრი ქვეყანა უარს ამბობს, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის მსგავსი ონლაინ-თვალთვალი დანერგოს მოქალაქეებზე. მაგრამ,კონტაქტების სხვა გზით გამოვლენა ძალიან ბევრ დროს მოითხოვს, ამიტომ რთულია წარმოიდგინო [კრიზისიდან] გამოსვლის სტრატეგია, რომელიც არ ითვალისწინებს ამ მიზნებისთვის მობილური აპლიკაციების გამოყენებას.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, მობილური სათვალთვალო აპლიკაციების გამოყენებას შეუძლია, ეფექტურად შეუწყოს ხელი ინფიცირებულების რაოდენობის კლებას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას მხოლოდ მოსახლეობის 60% იყენებს. შესაბამისად, დასავლურმა საზოგადოებებმა უნდა ისწავლონ ჩინეთისა და სამხრეთ კორეის წარმატებიდან და ეძიონ ბალანსი ორ რამეს შორის — პირველია შიში, რომ მთავრობებს გაეზრდებათ თვალთვალის შესაძლებლობები, მეორე კი, ზიანი, რომელიც კარანტინის რეჟიმში ჩაკეტილ ადამიანებს ადგებათ.

ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ, სწრაფ რეჟიმში უნდა დაიწყონ თანამშრომლობა მეთვალყურეობის ინსტრუმენტებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის შენაერთის შექმნის მიზნით. ეს მოითხოვს გამჭვირვალე ზედამხედველობას, სამართლიანობის მკაფიო პრინციპებს (მათ შორის თანასწორ წვდომასა და თანასწორ მოპყრობას), მონაცემების კარგად დაცვას და გამოყენებული ალგორითმების აუდიტს.

მესამე, COVID-19-ის კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე საიმედო სტრატეგია ეფექტიანი ვაქცინის შექმნაა. საბედნიეროდ, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების თანამშრომლობა ასეთი ვაქცინის შექმნის გზაზე პროგრესს ზრდის. აშშ-ის, ჩინეთისა და ევროპის მეცნიერები ვირუსის გენური თანმიმდევრობის მონაცემებს ერთმანეთში ცვლიან; ჰარვარდის უნივერსიტეტის, ჩინეთის სინძინის ჰოსპიტალისა და ჩრდილოეთ იტალიის ექიმები მუშაობენ [ვირუსის] მკურნალობის მეთოდებზე; წამყვანი ვირუსოლოგები უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს WHO-ს კონფერენციებზე და აქვეყნებენ ინტერნეტში ისეთ რესურსებზე, როგორებიცაა medRxiv და bioRxiv.

საერთაშორისო თანამშრომლობა საჭირო იქნება იმის გარანტირებისთვის, რომ ვაქცინა მთელ მსოფლიოში იქნება გამოყენებული. ბოლო დროს ჩინეთის ხელისუფლება იტყობინება COVID-19-ის ახალ შემთხვევებზე, რომლებიც „იმპორტირებული“ იყო სხვა ქვეყნებიდან, ხოლო ევროპაში და სამხრეთ ამერიკაში ზოგიერთი ექსპერტი უკვე პროგნოზირებს კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღას. 

აქ შეგივძლია ყურადსაღები ისტორია გავიხსენოთ. ვაქცინაციის წყალობით, ბევრმა მდიდარმა ქვეყანამ 1940-იანი წლების ბოლოსთვის მოახერხა ყვავილის (Smallpox) ცალმხრივი ლიკვიდაცია, მაგრამ დაავადება მაინც ბრუნდებოდა, ოღონდ სხვა ქვეყნებიდან. საჭირო გახდა WHO-ის მიერ წამოწყებული გლობალური ძალისხმევა, რომლის წყალობითაც ყვავილის ლიკვიდაცია 1978 წლისთვის მთელ მსოფლიოში მოხერხდა.

გარდა ამისა, არსებობს [ვირუსის გამოჩენის შესახებ] ადრეული ინფორმირების სისტემის აუცილებლობა, რათა აღმოჩენილი იყოს ახალი ან მუტირებული ვირუსების აღმოცენება. როგორც სამხრეთ კორეის მაგალითი გვაჩვენებს, COVID-19-ის აფეთქების ადრეული აღმოჩენა დაეხმარა მთავრობას სწრაფ რეაგირებაში — მასობრივი ტესტირების ჩატარებაში, მთელი მოსახლეობის კონტაქტების აღმოჩენის ჩართვაში და პანდემიის შეკავებაში, რითიც პოტენციურად შემსუბუქდა ამ აფეთქების ეკონომიკური და სოციალური შედეგები.

თუმცა,ადრეული შეტყობინების სისტემა მოითხოვს, რომ მთავრობებმა ახალი ინფექციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ მაშინვე, როცა ამის შესახებ შეიტყობენ, ეს კი საკმაოდ საჩოთირო საკითხი შეიძლება იყოს. სახელმწიფოებს სჭირდებათ გარანტიები, რომ დაავადების აფეთქების შეტყობინების შემდეგ, მათ არ „დასჯიან“ — არ დააწესებენ აკრძალვებს მოქალაქეების გადაადგილებაზე და სავაჭრო შეზღუდვაზე, ხოლო ყველა ასეთი ზომა, შემოღების შემთხვევაში, კოლექტიური იქნება.

მსოფლიოს ეს გაკვეთილი ჯერ კიდევ გასული ორი ათწლეულის — SARS და ებოლას ეპიდემიების დროს უნდა მიეღო. 40 ქვეყნის მიერ დაწესებულმა სავაჭრო შეზღუდვებმა და გადაადგილების აკრძალვამ მოიტანა აფეთქებების შესახებ ინფორმაციის დამალვა, რამაც შეანელა გლობალური რეაგირება. SARS-ის ეპიდემიის დროს მიღებული გამოცდილების გამო, ჩინეთის ხელისუფლება, შესაძლოა, ნაკლებად იყო მიდრეკილი, მთელი მსოფლიოსთვის ეუწყებინა COVID-19-ის აფეთქების შესახებ. და მართლაც, როგორც კი ჩინეთმა ეს გააკეთა, ბევრმა ქვეყანამ, WHO-ის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, საზღვრების ჩაკეტვა დაიწყო. როცა ეს კრიზისი დასრულდება, მთავრობებმა უნდა იზრუნონ ადრეული გაფრთხილების სისტემაზე და ესმოდეთ, რომ ეს მოითხოვს კოლექტიურ ურთიერთმეგობრობას quid pro quo-ს პრინციპით.

დაბოლოს, რაც უფრო სწრაფად და ეფექტიანად დავკავდებით ვირუსის შეკავებით მსოფლიოს ყველაზე ღარიბ და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში, უფრო უკეთესად დავიცავთ თითოეულ ჩვენგანს. ამისთვის საჭირო იქნება სასწრაფო ინვესტიციები დაავადებათა პროფილაქტიკაში და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ თანამშრომლობა, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის აფრიკული ცენტრებთან, IMF-ის გადაუდებელი დაფინანსების პროგრამები (დღეისთვის ასეთი დაფინანსება 90 ქვეყანაზე მეტმა მოითხოვა), მსოფლიო ბანკის პროგრამები ჯანდაცვის საგანგებო დახმარებისთვის.

პანდემია COVID-19 ქმნის უპრეცედენტო საფრთხეს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და მსოფლიო ეკონომიკისთვის. მხოლოდ ნაციონალისტური პოლიტიკისა და რიტორიკის გვერდზე გადადებით და საერთაშორისო თანამშრომლობის გამყარების მხარდაჭერით, მთავრობები შეძლებენ დაიცვან ადამიანები, რომელთა ინტერესებსაც, როგორც თავად ამბობენ, იცავენ.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და “ნეტგაზეთის” შეთანხმების შესაბამისად. 

თარგმანი: ნიკა ბურდული

ამავე თემაზე გირჩევთ

ჩვენი საუკეთესო წუთები | ხავიერ სოლანა

ჩვენი საუკეთესო წუთები | ხავიერ სოლანა

მასალების გადაბეჭდვის წესი