ახალი ამბებიკომენტარი

ჩვენი საუკეთესო წუთები | ხავიერ სოლანა

30 მარტი, 2020 • 3687
ჩვენი საუკეთესო წუთები | ხავიერ სოლანა

ავტორი: ხავიერ სოლანა

როგორც ბევრმა მკითხველმა შეიძლება იცოდეს, ამჟამად მადრიდში ვარ ჰოსპიტალიზირებული მას შემდეგ, რაც COVID-19-ის ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა. გამოჯანმრთელება ნელა მიდის, მაგრამ პერსპექტივები იმედისმომცემია. მართალია, ჩემი საყვარელი ადამიანებისგან იზოლაცია არაა სასიამოვნო, თუმცა ნუგეშისმომცემია, რომ ყველა ეს სირთულე თავზე 21-ე საუკუნეში დაგვეცა, როცა სოციალური კავშირის შესანარჩუნებლად ამდენი ინსტრუმენტია ხელმისაწვდომი. დროის გატარების უფრო ტრადიციული ხერხები — მუსიკის მოსმენა, კითხვა და რა თქმა უნდა, წერა, აგრეთვე დიდი საჩუქარია.

მრავალი საათის განმავლობაში, ამ დაპატიმრების გადასატანად, ვეყრდნობოდი გამორჩეულ კომპანიონს: უინსტონ ჩერჩილს. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იწვევდა ჩემს აღტაცებას და ამ დღეებში საშუალება მომეცა მისი ცხოვრების შესახებ ახალი დეტალები აღმომეჩინა, ისტორიკოს ენდრიუ რობერტსის მიერ დაწერილი არაჩვეულებრივი ბიოგრაფიის წყალობით.

ჩერჩილის აღმაფრთოვანებელი გამძლეობა მეორე მსოფლი ომის განმავლობაში შთაგონების ულევი წყაროა, განსაკუთრებით კი ასეთ დროს. მისი ხასიათი და ნამსახურეობის ნუსხა — ორივე, ეჭვგარეშე, ძალიან რთული, გვახსენებს რომ გმირობა შეიძლება გაჯერებული იყოს არასრულყოფილებასთან, რომ სულისკვეთება შეიძლება გაჯერებული იყოს წინააღმდეგობებით, რომ სიმამაცე შეიძლება გაჯერებული იყოს ყოყმანობასთან. ჩერჩილისნაირი ადამიანები იმსახურებენ აღიარებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კრიტიკისგან იმუნიტეტით უნდა სარგებლობდნენ და დიდებით იყვნენ შემოსილნი.

ცალკეულ ომში, რომელსაც ბევრი ჩვენგანი უკვე ეწევა COVID-19-ის წინააღმდეგ, და რომლის წარმოებაც, სამწუხაროდ, კიდევ ბევრს მოუხდება, აუცილებლად მოგვიწევს გადავიტანოთ „სისხლი, მძიმე შრომა, ცრემლები და ოფლი“, რომელთა შესახებაც ჩერჩილმა 1940 წლის მაისში ისაუბრა. თუმცა, ჩვენ აგრეთვე უნდა შევეცადოთ მივბაძოთ მის მხიარულ სულისკვეთებას. მონაცემების თანახმად, ვირუსი ზოგ პაციენტს ყნოსვისა და გემოს გრძნობას აკარგვინებს, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, რომ მან ჩვენი იუმორის გრძნობა დაასუსტოს.

კოლექტიური გადმოსახედიდან, ჭკვიანური იქნებოდა, გადაგვეხედა ერთი გვერდისთვის ჩერჩილის წიგნიდან. ბოლო დღეებში, ბევრმა მსოფლიო ლიდერმა განაცხადა რომ ვირუსის წინააღმდეგ ომს ვაწარმოებთ — გარკვეულ მიმართებაში, ისინი მართლები არიან. როგორც ნებისმიერ სხვა ომში, საჭიროა რესურსების მობილიზაცია, ხოლო სამოქალაქო ღირებულებები, როგორებიცაა ვალდებულება, ამხანაგობა და საზოგადოებრივი სამსახური განახლებული ძალისხმევით უნდა იყოს ხელშეწყობილი. გასაოცარი სამედიცინო პერსონალი, რომელიც ესპანეთსა და მთელ მსოფლიოში აკეთებს მაქსიმუმს ვირუსთან საბრძოლველად და დაავადებულთა ტანჯვის შესამსუბუქებლად, ყველა ჩვენგანისთვის მაგალითია.

ამჟამად ისტორიული პროპორციების კრიზისის წინაშე ვართ. რასაც ახლა გავდივართ, ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ომი, მაგრამ ის არაა ტიპური ომი. დღეს მტერი მთელი კაცობრიობისთვის ერთია, ხოლო სახელმწიფო რესურსების მობილიზაცია უნდა ხდებოდეს მოსახლეობის დიდი ნაწილის დემობილიზაციასთან ერთად.

მნიშვნელოვანია, ამ და სხვა განსხვავებების დანახვა არ დაგვავიწყდეს. სხვა შემთხვევაში, საომარი რიტორიკა დააბნელებს ჩვენს მსჯელობას და კონკრეტული მახეების წინაშე მოწყვლადს გაგვხდის. ამ არასასურველი სცენარების თავიდან ასაცილებლად, ნება მომეცით ჩამოვრეკო რამდენიმე ზარი და რამდენიმე საკითხი დავაყენო.

პირველი — არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ძლიერი ხელმძღვანელობა, რომელიც ამ საშინელ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება და მოუქნელი ხელმძღვანელობა. ჩვენს მთავრობებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი სივრცე ამ სიტუაციის შესაბამისი მენეჯმენტისთვის, მაგრამ ეს არ უნდა განიხილონ როგორც carte blanche — არც ახლა და არც არასდროს.

სამოქალაქო უფლებების მაქსიმალური პრეზერვაცია და ჩვენი ლიდერების ანგარიშვალდებულად დატოვების გაგრძელება უბრალოდ ეთიკური იმპერატივი არაა; ეს არის დღეს არსებული საფრთხის მსგავსი გამოწვევებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება. ამ შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოება სულაც არ სუსტდება — პირიქთ, ის ამდიდრებს საზოგადოებრივ დებატს და შესაბამისად ზრდის ჩვენს შანსს, გამოვარკვიოთ, რა იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯები.

მეორე — არ უნდა აგვერიოს პატრიოტული პასუხისმგებლობა, რომელიც, ყველა ეჭვგარეშე, საჭირო და მისასალმებელია, ნაციონალიზმის ექსკლუზიურ ფორმებში. არ არის დრო განტევების ვაცი ვეძებოთ, პანიკას ავყვეთ და ჩვენს ყველაზე ცუდ ინსტინქტებს გამოთავისუფლების საშუალება მივცეთ. მიმდინარე კრიზისი გადაილახება მხოლოდ რაციონალიზმით, თანაგრძნობით და ორმხრივი ურთიერთგაგებით, როგორც ჩვენს საზღვრებს შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ. საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობა შესწავლილი უნდა იყოს სოლიდარაობის სულისკვეთებით, რომელიც დღეს ისე როგორც არასდროს ბოლომდე შეესაბამება ჩვენს ინტერესებს. ამჟამინდელი კრიზისის დაძლევის უმთავრესი ასპექტი იმის უზრუნველყოფაა, რომ [ვირუსთან ბრძოლის] საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება უფრო დიდი იქნება, ვიდრე ვირუსის.

და ბოლოს, უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ამ მეტაფორული ომის შემდეგ წარმოქმნილი სოციოეკონომიკური მდგომარეობა არანაირად არ დაემსგავსოს იმას, რომელიც ნამდვილი ომის შემდეგ დგებოდა. სხვა სიტყვებით, რეკონსტრუქციული ზომები უნდა იყოს პრევენციული და არა რეაქციული, ხოლო შოკის „შემსრუტავმა“ მანქანამ უმალ უნდა დაიწყოს მთელი ძალით მუშაობა.

ევროკავშირის ინსტიტუტებმა და ქვეყნებმა გამოწვევის დასაძლევად ამ მიმართებაში ყველაფერი საჭირო უნდა გააკეთონ. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც და ფორუმებიც აუცილებელი იქნება ეფექტური გაერთიანებული პასუხის შემუშავებაში. მომავალში გახედვისას, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ დაგვავიწყდეს გლობალიზაციის ბევრი ღირსეული მხარე, რომლებიც, რა თქმა უნდა, მოითხოვენ ფრთხილ გადაფასებას, მაგრამ არა პირდაპირ უარყოფას.

მომავალ კვირებში, ბევრი რამ იქნება კოლექტიური, ზოგი ჩვენგანისთვის კი ინდივიდუალური რისკის ქვეშ. დღეს ხშირია გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება პოსტ-პანდემიური მსოფლიო, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ახალი მსოფლიო აშენდება იმ სიტყვებზე და საქციელებზე, რომლებსაც დღეს ჩავიდენთ და წარმოვთქვამთ.

კაცობრიობას ამაზე რთული გამოცდაც ჩაუბარებია და ახლა საჭირო ზომები ვერანაირად ვერ იქნება მეორე მსოფლიო ომის დროს მიღებული ზომების მსგავსი. მაგრამ, თუ COVID-19-ის კრიზისი არ დაგვამახსოვრდება როგორც ჩვენი ქვეყნების „საუკეთესო წუთები“ (ჩერჩილის სიტყვებს ვისესხებ [finest hour]), მოდით, ჩვენ საუკეთესო წუთებად მაინც დავიმახსოვროთ.


ხავიერ სოლანა 78 წლის ესპანელი ფიზიკოსი და პოლიტიკოსია. იყო ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1992-95 წლებში, NATO-ს გენერალური მდივანი 1995-99 წლებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენილი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივანი და დასავლეთ ევროპის კავშირის გენერალური მდივანი 1999-2009 წლებში.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და “ნეტგაზეთის” შეთანხმების შესაბამისად. 

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი