ახალი ამბები

მოვითხოვთ ზაზა აბაშიძის გადაყენებას – სოლიდარობის პლატფორმა

5 მაისი, 2020 • 2121
მოვითხოვთ ზაზა აბაშიძის გადაყენებას – სოლიდარობის პლატფორმა

„სოლიდარობის პლატფორმა“ მოიხთოვს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა აბაშიძე ამჟამად დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.

საქმე ეხება აბაშიძის მიერ ფეისბუკზე დაწერილ კომენტარს:

“უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!” – კომენტარი ზაზა აბაშიძის ფეისბუქ პროფილიდან  2 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწერა. მისი სქრინი კი თავდაპირველად “ტაბულამ” გაავრცელა. ამავე პოსტზე, მის კიდევ ერთ კომენტარში ვკითხულობთ: “კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს..ვნიათ! გინდა აზეერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი…”

„სოლიდარობის პლატფორმა“ ამ განცხადებას ქსენოფობიურად აფასებს და ამბობს:

„სახელმწიფო მოხელის მხრიდან საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მსგავსი გამოხატულება მიუღებელია და ემსახურება საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაღვივებას.

იმ ფონზე, როცა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოს აზერბაიჯანელი თემი მასობრივად კიდევ ერთხელ გახდა სიძულვილის ენის ობიექტი, საჯარო მოხელის მხრიდან მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო მეტად აღვივებს საზოგადოებაში საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მიმართ რასისტულ განწყობებს და ხელს უშლის სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის და ინტეგრაციის პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმა წერს, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამდებობების პირების გამოხმაურება და მათი მხრიდან თანასოწორობისა და სოლიდარობის იდეის ღიად მხარდაჭერა საზოგადოებაში.

„სხვა შემთხვევაში მთავრობის უმოქმედობა რასიზმის და ქსენოფობიის შეწყნარებად შეიძლება იქნას აღქმული და მას გამრიყავი გავლენა ექნება არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის.

მიგვაჩნია, რომ არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ ასეთი განცხადებების პოპულარიზაციის და გავრცელების შესაკავებლად ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადააყენოს ზაზა აბაშიძე. ამასთან, არსებითია, ზაზა აბაშიძემ საჯარო ბოდიში მოიხადოს რასისტული განცხადებების გამო”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის აქტივისტებს და მიზნად ისახავს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის დიალოგის წარმოებას, სოლიდარობის მშენებლობას და არადომინანტური ჯგუფების საჭიროებების, წუხილების და პერსპექტივების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურად დაყენებას.

თავად აბაშიძე უცენზურობისთვის ბოდიშს იხდის, თუმცა დისკრიმინაციას უარყოფს. ზაზა აბაშიძე კრიტიკას 4 მაისს “ფეისბუქზე” გამოეხმაურა. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა უცენზურო სიტყვების გამო, თუმცა აღნიშნა, რომ მისი კომენტარი კონკრეტულად არ ეხებოდა არცერთ ეთნიკურ ჯგუფს. ის წერს:

ჩემი სიტყვები მუშევანის ამბებთან დაკავშირებით აიტაცეს ვაი-პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტების ნაწილმა და რეზულტატიც: ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა, აგენტი და, რაც მთავარია ეროვნული შუღლის გამღვივებელი!

ეს ცილისწამებაა (თუმცა, ამის დამწერნი სხვას რას აკეთებენ!?).

არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მეგობრებთან მიმოწერაში არ არის! პირიქით, აღნიშნულია, რომ ეს ეხება ყველას-აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს- საქართველოს ყველა მოქალაქეს!

ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად არღვევს საგანგებო რეჟიმს და, ამით საფრთხეს უქმნის სხვას, იქცევა ვირუსის გამავრცელებლად და პრაქტიკულად მკვლელად! ზუსტად იგივეს დავწერდი, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში.

აი, ჩემი კომენტარების შინაარსი მეგობრის სტატუსზე უცენზურო სიტყვების გარეშე!

აბაშიძე ასევე მოითხოვს ბოდიშს  მათგან, ვინც შუღლის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა.

ზაზა აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად, რომელიც განათლების სამინისტროს სსიპ-ს წარმოადგენს, 2015 წელს დაინიშნა. ის იყო  “რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის” თავმჯდომარეც, რომელიც დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შექმნილმა “გორჩაკოვის ფონდმა” 2013 წელს დააფუძნა.

აბაშიძე უცენზურობისთვის ბოდიშს იხდის, თუმცა დისკრიმინაციას უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი