ახალი ამბები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დმანისში პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვს

17 მაისი, 2021 • 1193
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დმანისში პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მოუწოდებს, მიიღოს მყისიერი და ეფექტიანი ზომები ადგილზე უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად.

ამისთვის, ორგანიზაციის აზრით, სიტუაციის განსამუხტად საჭიროა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილზე მოახდინოს პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზაცია და მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა.

“გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია დმანისში ძალადობისა და კონფლიქტის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო და ის სვან ეკომიგრანტებსა და საქართველოს აზერბაიჯანელი თემების წარმომადგენლებს შორის მასშტაბურ დაპირისპირებაში და ძალადობაში გადაიზარდა. აღნიშნულ ძალადობას დღეს დმანისში ორივე თემის მასობრივი საჯარო გამოსვლები მოჰყვა, რასაც ძალადობრივი შეხლა-შემოხლის ფაქტები ახლავს თავს”, — ნათქვამია განცხადებაში.

დმანისში იმყოფებიან სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები, თუმცა, ორგანიზაციის ცნობით, უსაფრთხოების რისკების გამო მათთვის რთულია ადგილზე მუშაობა. უსაფრთხოების არარსებობის გამო მუშაობაში ხელი ეშლებათ მედიის წარმომადგენლებსაც.

“ჩვენი წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე მობილიზებული საპოლიციო ძალები არასაკმარისია და ქუჩებში რეალურად უკონტროლო ვითარებაა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი უახლოეს მომავალში ამ საკითხზე ვრცელ შეფასებას გამოაქვეყნებს. ამ ეტაპზე არსებითია ადგილზე მშვიდობიანი გარემოსა და მართლწესრიგის მყისიერი უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ ამ მასშტაბის დაპირისპირების სისტემური მიზეზების კვლევა და მათზე მიმართული პოლიტიკის დაგეგმვა და გატარება”, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მოუწოდებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს — უზრუნველყოს ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება და წესრიგის ეფექტიანი და რეალური დამყარება;
  • მთავრობას და პრემიერ-მინისტრს — უზრუნველყოს ადგილზე მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა სიტუაციის განსამუხტად; შეისწავლოს მომხდარი კონფლიქტის სისტემური სოციალური და პოლიტიკური მიზეზები და შეიმუშაოს გრძელვადიანი და ფართო ხედვა სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიური ჯგუფებს შორის არსებითად მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნისა და კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში მისი ტრანსფორმაციის მიზნით.

დმანისში სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის ორი დღეა, დაპირისპირებაა. გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის მფლობელის თქმით, კონფლიქტი ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მხრიდან ლუდის “ნისიად” ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი