ახალი ამბები

აბაშიძე უცენზურობისთვის ბოდიშს იხდის, თუმცა დისკრიმინაციას უარყოფს

5 მაისი, 2020 • 1338
აბაშიძე უცენზურობისთვის ბოდიშს იხდის, თუმცა დისკრიმინაციას უარყოფს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს აკრიტიკებენ ფეისბუქ კომენტარის გამო, რომელიც მან მარნეულის საკარანტინე ზონაში მცხოვრებთა მისამართით დაწერა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” მას პროკურატურაში უჩივლა და ძალადობრივი ქმედებისაკენ მოწოდებაში დაადანაშაულა. კრიტიკა გაისმა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მარნეულის მერის მხრიდანაც.

“უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!” – კომენტარი ზაზა აბაშიძის ფეისბუქ პროფილიდან  2 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწერა. მისი სქრინი კი თავდაპირველად “ტაბულამ” გაავრცელა. ამავე პოსტზე, მის კიდევ ერთ კომენტარში ვკითხულობთ: “კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს..ვნიათ! გინდა აზეერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი…”

“ევროპულმა საქართველომ” 4 მაისის განცხადებაში კომენტარი საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად შეაფასა. პარტია ითხოვს, აბაშიძის მიმართ გატარდეს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები.

“ბატონი აბაშიძე, რომელიც არის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახე და თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა ამ თანამდებობაზე, კვლავაც ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას. “ევროპული საქართველოს” სახელით მოვითხოვ არა მხოლოდ მისი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას, არამედ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. ეთნიკური შუღლის გაღვივება არის არათუ დაუშვებელი, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და მის მიმართ ვერანაირ შემწყნარებლობას საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფო ვერ გამოიჩენს”, – თქვა გიორგი კანდელაკმა პარტიის სახელით.

დღესვე, 4 მაისს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბაშიძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. კოლეგების მსგავსად, კომენტარში ისინიც ხედავენ დანაშაულის ნიშნებს.

“ბუნებრივია, ეს ქმედება დამამძიმებელია მისი საჯარო სტატუსიდან გამომდინარე. ის პირდაპირ სახეს წარმოადგენს ქართული ოცნების. მოვითხოვთ პროკურატურისგან, მოხდეს ამ პირის სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან ეს ქმედება შეიცავს  სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს”, – აღნიშნა პარტიის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა.

დისკრიმინაციულ კომენტარზე საუბრისას მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა აღნიშნა, რომ არცერთ ადამიანს აქვს უფლება, მარნეულელებსა თუ საქართველოს სხვა მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენოს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან ისმის ასეთი განცხადება.

“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ადამიანი- საჯარო მოხელე თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. ნებისმიერი დისკრიმინაციული განცხადება არის ცუდი და შესაბამისი პასუხი უნდა მიიღოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებიდან, ასევე შესაბამისი უწყებების მხრიდან.

ჩვენ ვართ მრავალფეროვანი საქართველო. ამ ქვეყნის ყველა შვილი არის სრულყოფილი მოქალაქე. ჩემთვის, პირადად, მარნეული არის საქართველოს გული და არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება, მარნეულელებზე და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე ცუდი თქვას ეთნიკურ ან სხვა კულტურულ – რელიგიურ ჭრილში”, – თქვა ზაურ დარგალმა, “რადიო მარნეულის”ცნობით.

კომენტარს აკრიტიკებს პლატფორმა “არა ფობიას”, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს.

“მისი პოზიცია აღვივებს ეთნიკურ შუღლს და გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას  ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ, რითიც ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას”, – წერია განცხადებაში.

ზაზა აბაშიძე კრიტიკას 4 მაისს “ფეისბუქზე” გამოეხმაურა. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა უცენზურო სიტყვების გამო, თუმცა აღნიშნა, რომ მისი კომენტარი კონკრეტულად არ ეხებოდა არცერთ ეთნიკურ ჯგუფს. ის წერს:

ჩემი სიტყვები მუშევანის ამბებთან დაკავშირებით აიტაცეს ვაი-პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტების ნაწილმა და რეზულტატიც: ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა, აგენტი და, რაც მთავარია ეროვნული შუღლის გამღვივებელი!

ეს ცილისწამებაა (თუმცა, ამის დამწერნი სხვას რას აკეთებენ!?).

არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მეგობრებთან მიმოწერაში არ არის! პირიქით, აღნიშნულია, რომ ეს ეხება ყველას-აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს- საქართველოს ყველა მოქალაქეს!

ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად არღვევს საგანგებო რეჟიმს და, ამით საფრთხეს უქმნის სხვას, იქცევა ვირუსის გამავრცელებლად და პრაქტიკულად მკვლელად! ზუსტად იგივეს დავწერდი, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში.

აი, ჩემი კომენტარების შინაარსი მეგობრის სტატუსზე უცენზურო სიტყვების გარეშე!

აბაშიძე ასევე მოითხოვს ბოდიშს  მათგან, ვინც შუღლის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა.

ზაზა აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად, რომელიც განათლების სამინისტროს სსიპ-ს წარმოადგენს, 2015 წელს დაინიშნა. ის იყო  “რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის” თავმჯდომარეც, რომელიც დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შექმნილმა “გორჩაკოვის ფონდმა” 2013 წელს დააფუძნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი