ახალი ამბებისამართალი

“დემონსტრანტების წინააღმდეგ” – ცვლილებები კანონმდებლობაში

28 აპრილი, 2021 • 2644
“დემონსტრანტების წინააღმდეგ” – ცვლილებები კანონმდებლობაში

აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოები მწვავედ აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მიიჩნევენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“.

ერთი კანონპროექტით მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, მეორით კი ადმინისტრაციული წესით პირის დაკავების ვადა 48 საათამდე იზრდება.

„ნეტგაზეთმა“ უკვე მოამზადა სტატია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციების გამკაცრების შესახებ. ამ სტატიაში მეორე ინიციატივაზე შევჩერდებით:

ვადების ცვლილება კოდექსში

საქართველოს პარლამენტში 26 აპრილს დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც ადმინისტრაციული წესით პირის დაკავების ვადა 48 საათამდე იზრდება.

ცვლილება შედის ასკ-ის 247-ე მუხლში, რომელიც ადმინისტრაციული დაკავების ვადებს განსაზღვრავს. მუხლის პირველი პუნქტი ამბობდა, რომ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს“.

მეორე პუნქტი კი ადგენდა, რომ თუკი პირს არასამუშაო დროს დააკავებდნენ ადმინისტრაციული წესით, შეიძლება „მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე“, თუმცა მისი დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

პარლამენტში ახლად დარეგისტრირებული კანონპროექტით კი დგინდება, რომ „ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს“. 12 საათზე ჩანაწერი ამოღებულია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (ასკ-ში) შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორად უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილია მითითებული, ინიციატორებად კი, ის და მისი თანაგუნდელი კიდევ 7 დეპუტატი.

26 აპრილს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ, რადგან უნდა მოესწროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება პირველ ივნისამდე.

რა შუაშია საკონსტიტუციო სასამართლო?

2019 წლის მარტში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მოქალაქე ირაკლი ჯუღელმა და მიუთითა, რომ თუკი სამუშაო დღეებში ადამიანის ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა 12 სთ იყო, არასამუშაო დღეებში 48 საათის მითითება არაკონსტიტუციური გამოდიოდა, რადგან კონსტიტუციის თანასწორობის პრინციპი ირღვეოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ასკ-ის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი [რაც ეხებოდა არასამუშაო დღეებში 48 საათით პატიმრობას].

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ეს ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდება 2021 წლის პირველი ივნისიდან. გია ვოლსკის თანახმად, სწორედ ამ დრომდე უნდა მოესწროს პარლამენტის მიერ განახლებული კანონის მიღება.

„გირჩის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ 28 აპრილს, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვაზე გააკრიტიკა დაგეგმილი ცვლილებები და განაცხადა:

„როგორც მე მესმის, მოქალაქემ როდესაც მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი მიზანი იყო უფლებათა გაფართოება. მაგრამ სარჩელის შედეგად, ახლა თქვენ როგორც ღებულობთ, ნაცვლად იმისა, 12 სთ გაგეხადათ არასამუშაო დღეებშიც, ან შუალედური გეპოვათ — 24 სთ, ყველგან აირჩიეთ ყველაზე შემზღუდავი ნორმა და შემოიტანეთ ყველგან 48 სთ“.

„პოლიტიკურად ასეთ დაძაბულ დროს, როდესაც შერიგებაზე ვსაუბრობთ, რა საჭიროა აშკარად ადამიანის უფლებათა არა სასარგებლოდ, არამედ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯის განხორციელება? თან, საერთოდაც, რატომ ფიქრობთ, რომ ასე უნდა გავიგოთ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება?“ – იკითხა მან.

„უნდა მოისპოს დიფერენცირებული მიდგომა“ – „ოცნება“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კანონპროექტის ავტორმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან:

„მოქალაქე დავობდა არა იმაზე, „12 სთ რატომ არ არის“, ან „24-იანი უნდა იყოს“, არამედ იმაზე, რომ არსებითად ყველანი ვართ თანასწორნი და არ შეიძლება ერთისთვის, ვინც სამუშაო საათში დააკავეს, 12 სთ იყოს და სხვისთვის, ვისაც არ გაუმართლა, 24 თუ 48“…

ამასთან, ოხანაშვილის თანახმად, კოდექსი 48 სთ-იან ვადას ისედაც განსაზღვრავდა და „რაიმე სიახლე არ შემოგვიატანია, [პოლიციის უფლებებს] არ ვაფართოებთ“.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა პარლამენტარმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემაც განაცხადა, რომ „ამ შემთხვევაში საუბარია, მოისპოს დიფერენცირებული მიდგომა“.

სარჯველაძის თქმითვე, პარლამენტი ამ საკითხს დაჩქარებულად განიხილავს, რადგან „საკონსტიტუციოს გადაწყვეიტლებაა აღსასრულებელი და დაყოვნების ახსნა უფრო რთული იქნება, ვიდრე იმის, რატომ განიხილება დაჩქარებულად“.

„მთლიანობაშიც საუბარია სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლასთან და არ შეიძლება, რამე წინაღობა ვიპოვოთ ამ საკანონმდებლო ინიციატივაში“, – დასძინა სარჯველაძემ.

„დაბალანსებული უნდა იყოს“

შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქვა პარლამენტარმა ლევან იოსელიანმაც, რომელიც პარტია „მოქალაქეებს“ წარმოადგენს და რამდენიმე გარემოება გამოყო:

  • „გასაგებია საკონსტიტუციოს დათქმა ვადებთან დაკავშირებით, მაგრამ უფლებების თვალსაზრისით დაბალანსებული უნდა იყოს“.
  • „ადმინისტრაციული დაკავების დროს ისედაც ხელწერილით ხდება გათავისუფლება და უმეტეს შემთხვევებში არც ხდება დაყოვნება. ეს გარემოება, — რახან ისედაც არ ხდება ადამიანის დაყოვნება, ხდება ხელწერილით გათავისულფება, მერე დაბარება და დაჯარიმება, — გვიბიძგებს, მოვძებნოთ გონივრული ვადა, რომ მოესწროს სამართალწარმოების განხორციელებაც და არ იქნას გამოყენებული დაუსაბუთებლად მათი დაკავების შესაძლებლობა“.

„გირჩის“ პარლამენტარმა იაგო ხვიჩიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების ყველაზე უარესი გაგება ხდება“ და „ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ვართ სპეციფიკურ პერიოდში, ბატონი შარლ მიშელის დამსახურებით, შერიგების ეტაპზე“, ამ და მეორე კანონპროექტის წარდგენა კი დოკუმენტის სულისკვეთებას არღვევს:

„შერიგების ნაცვლად, წამქეზებლურია და მესიჯს აგზავნის, რომ ზედმეტი არ გაბედოთ, თორემ დაგიჭერთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრმა, ანა ბუჩუკურმაც განაცხადა, რომ „ეს 48 სთ ჯობია, შევამციროთ“:

„48 სთ-ის სტანდარტი, როგორც იცით, უკავშირდება სისხლის სამართლის კოდექსით დაკავების სტანდარტს და სტრასბურგის სასამართლოსაც განსხვავებული სტანდარტები აქვს. სხვა მხრივ, ბუნებრივია, საკონსტიტციოს გადაწყვეტილებით, ეს ნორმა არის შესაცვლელი“, – თქვა მან.

„რისკების დასაზღვევად“?

ანრი ოხანაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ ინიციატივა „არ ემსახურება პოლარიზაციას“ და „ჩვენ ვსაუბრობთ კანონდარღვევაზე, მოქალაქეზე, რომელიც არღვევს კანონს, საზოგადოებრივ წესრიგსს და უსაფრთხოებას“. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მუხლის მისეულ ლოგიკაზეც:

„სწორება უნდა იყოს იმაზე, თუ რისთვის გვჭირდება ეს ვადა. რისთვის გვჭირდება ადამიანის დააკვება ან 6, ან 12 ან 24 საათით? ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმიდან გამომდინარე, დაკავება ხდება უკიდურეს შემთხვევაში, როგორც „ულტიმა რაციოს“ პრინციპი, ანუ უკუდირესი ზომა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად რომ ამოწურულია სხვა ზომები, ამ შემთხვევაშია შესაძლებელი დაკავება“.

„მეორეც, — რატომ გვჭირდება განრიდების შემდეგ მისი დაკავება? [იმიტომ] რომ დაკავების შემდგომ არის რისკები, რომ პიროვნებამ ზემოქმედება მოახდინოს მოწმეზე, გაანადგუროს მტკიცებულება და ხელი შეუშალოს გამოძიებას. 48 სთ-ში უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავმა უწყებამ მტკიცებულებების შეგროვება, დაცვის მხარემ კი დაცვის განხორცილება უზრუნველყოს“.

კოდექსი „უფრო რეპრესიული ხდება“

არასამთავრობო ორგანიზაციები დაანონსებულ ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებენ. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ ცვლილება „სრულად უგულებელყოფს წლების განმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციების და უფლებადამცველების მხრიდან მოთხოვნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის საჭიროებას, ამის ნაცვლად კი კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ყოფილი EMC მიუთითებს, რომ მართალია, კანონპროქტი ფორმალურად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებას (რადგან ახალი რედაქციით დაკავების ხანგრძლივობა აღარ განასხვავდება იმის მიხედვით, პირის დაკავების ვადის ამოწურვა ემთხვევა სამუშაო თუ არასამუშაო დღეს), თუმცა:

„ნაცვლად იმისა, რომ ზოგადად 12- საათიან ვადამდე შემცირებულიყო იმ პირთა დაკავების ვადის ხანგრძლივობაც, რომელთა დაკავების ვადის ამოწურვაც ემთხვევა არასამუშაო დღეს, დაკავების ვადა ყველა შემთხვევისთვის გაიზარდა 48 საათამდე“.

„ეს მიდგომა ცალსახად წარმოადგენს მოქალაქეების უფლებების გაუარესებას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დღემდე არ არსებობს ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანახმადვე, შემოთავაზებული ცვლილება ითვალისწინებს პირის ადმინისტრაციული დაკავების 48- საათიან ბლანკეტურ ვადას „განურჩევლად იმისა, თუ რა საფუძლით ხდება პირის დაკავება, რაც, ზრდის პირის თავისუფლების უფლების თვითნებური და მომეტებული შეზღუდვის რისკებს“.

„მაგალითად, შემოთავაზებული რედაქციის მიხედვით, პირი შესაძლოა 48 საათით იქნეს დაკავებული მხოლოდ მისი იდენტიფიცირების ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მიზნებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საფუძვლებით პირის 48 საათით დაკავება აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ზომაა“, – წერს ორგანიზაცია.

საია

დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ და განმარტავს, რომ მართალია, კანონპროექტის მიხედვით ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა:

„კანონპროექტი უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, რომლის მიხედვითაც 24 -საათიანი დაკავების ვადა სრულიად საკმარისია პირის სასამართლოში წარსადგენად, მიუხედავად იმისა, თუ რა დროს მოხდა მისი დაკავება“.

ამასთან, საია კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„კანონპროექტში უნდა გაიწეროს, რომ როდესაც ამოიწურება პირის დაკავების საფუძველი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება. აღნიშნული ჩანაწერის არსებობა დააზღვევს კანონის ბოროტად გამოყენების ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირის იზოლატორში დაკავება მოხდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება დაკავების საფუძველი იმ მოტივით, რომ ჯერ კიდევ არა არის ამოწურული დაკავების ვადა“.

დროის შესაძლო შემცირება და რეფორმა?

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მართალია, კანონპროექტში ვადად 48 საათია განსაზღვრული, თუმცა მას ერთვის „ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომ [დაკავებული პირი] პირველი შესაძლებლობისთანავე წარედგინოს სასამართლოს, მაგრამ არაუმეტეს 48 სთ-ისა“.

„ამიტომ ეს არ უნდა იქნას არაფრისდიდებით გაგებული, რომ მაინცდამაინც 48-ე საათზე უნდა მოხდეს“, – განაცხადა მან. თუმცა ჩანაწერი პოლიციას ამის საშუალებას აძლევს.

დეპუტატების, — ხვიჩიას, ბუჩუკურის, იოსელიანის, — შეკამათების შემდეგ ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დროის შემცირების საკითხზე შემდგომში შესაძლოა იმსჯელონ მეორე საკომიტეტო მოსმენაზე:

„გეთანხმებით, რომ შეიძლება იყოს თეორიულად 12 საათიც, 24 საათიც. საკონსტიტიციოსაც აქვს გარკვეული მსჯელობა განვითრებული ამ მიმართუებით, ხომ არ შეიძლება იყოს ნაკლები, 24 სთ. ან ხომ არ უნდა იყოს 12 სთ. მსჯელობა არის, თუმცა, რა არგუმენტზე დაყრდნობით უნდა იყოს 12 ან 24, ეს არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს საკითხი შეგვიძლია შემდგომი მსჯელობის საგნად ვაქციოთ“.

მიხეილ სარჯველაძემ ბოლოს განაცხადა, რომ დროის შემცირებაზე მეორე მოსმენისას იმსჯელებენ, მანამდე კი:

„კარგად მოვიძიოთ აღმასრულებლებისგან და ამის საფუძველზე შეგვეძლება, რომ მართებული, ახალი ინიციატივა შევქმანთ, და თუ იქნა შესაძლებელი, რომ დავწიოთ ეს 48 სთ-იანი, კონსტიტუციის პრიზმიდან ნებადართული სტანდარტი, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ჩვენი კომიტეტი დიდი სიამოვნებით ვიქნებოდით ინიციატორი იურიდიულ კომიტეტთან ერთად“…

ანრი ოხანაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უმრავლესობის სურვილია, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში მოხდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა:

„მოგეხსენებათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის 1984 წელს მიღებული, საჭიროებს გადახედვას და დამუშავებას. იურუდიული კომიტეტი ორ მნიშვნელოვან რეფორმას იწყებს, მათ შორის ამ კოდექსის რეფორმას და ყველა იურისტს, ვინც აქ ხართ, მოგიწვევთ სამუშაო ჯგუფში, რათა დავსახოთ ამბიციური გეგმა, რომ ეს კოდექსი ამ მოწვევის პარლამენტში დავხვეწოთ და იქ ვისაუბროთ კიდევ შემდგომ სტანდარტებზე“.

„დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული“

არასამთავრობო ორგანიზაციები (ყოფილი EMC, საია) და აქტივისტები ამ სტატიაში განხილულ ცვლილებებს განიხილავენ 26 აპრილს დარეგისტრირებულ კიდევ ერთ კანონპროექტთან ერთად.

მეორე კანონპროექტითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (ასკ-ში) შედის ცვლილებები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

აქტივისტურ წრეებში მიიჩნევენ, რომ სანქციების გამკაცრება დემონსტრაციების წინააღმდეგ არის მიმართული, რათა პროტესტის გამოხატვის სურვილი ჩაახშონ.

უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, ეს ნაბიჯი, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, საზოგადოებაში თვითცენზურას გამოიწვევს.

ამასთან, ორგანიზაციების ნაწილი კიდევ ერთხელ მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეალური რეფორმის საჭიროებაზე და აცხადებს, რომ კოდექსის არსებული ფორმაც კი უკვე გამოიყენება გამოხატვის უფლების შესაზღუდად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს:

„ამ კოდექსის ამ ფორმით შენარჩუნება არის გამოყენებული შეკრების უფლების შესაზღუდად. ეს პოლიციას უტოვებს მექანიზმს, თავისი ძალაუფლება გამოიყენოს დაუსაბუთებლად, მათ შორის, აქციის მონაწილეების მიმართ. ამიტომ, როდესაც მოლოდინია იმის, რომ კანონი მთლიანად გადასახედია, რეფორმაა ჩასატარებელი, სანქციის დამძიმება ამ პირობებში … არის სრულიად გაუმართლებელი და არაგონივრული გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ კოდექსის მოქმედების ხარისხს. ამან კიდევ უფრო მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული პირების მიმართ“…

ნონა ქურდოვანიძე, საიას იურისტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმაზე წლების განმავლობაში მიდის საუბარი და არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მსჯელობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირეულ გადახედვაზე. შესაბამისად, ყოვლისმომცველი რეფორმის ნაცვლად, კოდექსით გათვალისწინებული რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრება დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე“, – წერია საია-ს მიერ 28 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტმა 28 აპრილს ორივე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

გარეკანის ფოტო: ამერიკის ხმა

რატომ მკაცრდება სანქცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი