ახალი ამბები

მუშევანში მცხოვრები ინფიცირებულები კლინიკაში გადაიყვანეს – მერის წარმომადგენელი

2 მაისი, 2020 • 1251
მუშევანში მცხოვრები ინფიცირებულები კლინიკაში გადაიყვანეს – მერის წარმომადგენელი

სოფელ მუშევანიდან, სადაც გუშინ, 1-ელ მაისს ინციდენტი მოხდა, Covid-19-ით დაინფიცირებული პაციენტები კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სოფელში მერის წარმომადგენელმა, რობიზონ სელიმაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დაინფიცირებულებმა ამჟამად თავად გამოთქვეს კლინიკაში გადაყვანის სურვილი.

“თვითონვე გვთხოვდნენ, [მიგვეწოდებინა ინფორმაცია], რა წავიღოთ საავადმყოფოშიო. მოემზადნენ, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ წყნარად”, – განაცხადა სელიმაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი 1-ელი მაისის საღამოს მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა როგორც ექიმებს, რომლებიც დაინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანას ცდილობდნენ, ისე პოლიციელებს და მერის წარმომადგენელს, რობიზონ სელიმაშვილს.

“გვითხრეს, ჩვენს სოფელში ვირუსი არ არის, გაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია”, – უთხრა ნეტგაზეთს მერის წარმომადგენელმა ინციდენტის შემდეგ.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მომხდრაზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების თანახმად, ინციდენტისას 2 სატრანსპორტო საშუალება მსუბუქად დაზიანდა, ფიზიკური დაზიანებები კი არავის აღენიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი