ახალი ამბები

პოლიციის ქმედებები რიონის ხეობაში „დაუსაბუთებელი და რეპრესიულია“ – „სამართლიანობის ცენტრი“

20 მაისი, 2021 • 1096
პოლიციის ქმედებები რიონის ხეობაში „დაუსაბუთებელი და რეპრესიულია“ – „სამართლიანობის ცენტრი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებები დაუსაბუთებელი და რეპრესიული იყო, პროცესის ესკალაციას შეუწყო ხელი და რადიკალიზების საფრთხეებს ზრდის.

20 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელშიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებისას საპოლიციო ღონისძიებებია შეფასებული, ვკითხულობთ:

„ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიან პროტესტს სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობდა, რა დროსაც უგულებელყოფილი იყო პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული და დიალოგზე ორიენტირებული გზები“.

აპრილიდან სოფელ ნამოხვანში და მიმდებარე ტერიტორიებზე დიდი რაოდენობით იყო მობილიზებული საპოლიციო ძალები. როგორც ორგანიზაცია წერს:

  1. „3 აპრილიდან რიონის ხეობაში ნამოხვანისკენ მიმავალ გზებზე აბსტრაქტული საფრთხის მოტივით პოლიციის ბლოკპოსტების ჩადგა, რასაც შედეგად მოჰყვა პროტესტის თავდაპირველი კერის – სოფელ ნამოხვანისკენ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა. სამართალდამცავების მიერ განმარტებული არ ყოფილა, თუ რა კონკრეტული და მყისიერი საფრთხის პრევენციას ემსახურებოდა აღნიშნული ღონისძიებები. შედეგად, სამართალდამცავი ორგანოების აღნიშნულ გადაწყვეტიულებას შედეგად მოჰყვა როგორც გადაადგილების თავისუფლების, ისე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში დაუსაბუთებელი და დისპროპორციული ჩარევა;
  2. დაუსაბუთებელი და არაპროპორციული იყო სამართალდამცავების მოქმედება 11 აპრილს, როდესაც პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა და ადგილზე დარჩენილ აქციის მონაწილეებს პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა. სამართალდამცავებმა კარვების დაშლის საფუძვლად მდინარე რიონის ადიდების საფრთხე მიუთითა, რისი რისკებიც რელევანტური მეტეოროლოგიური საექსპერტო დასკვნით დღემდე არ არის დადასტურებული. ამასთან, პოლიციამ აქციის მხარდამჭერებს სოფელ ნამოხვანში, გონივრულ ალტერნატიულ სივრცეში კარვების განთავსებაზეც უარი განუცხადა, კარვების აღებიდან მეორე დღეს კი ის ტერიტორია გადათხარა, სადაც კარვები იყო განთავსებული. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლიციის მიზანი არა აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, არამედ კონკრეტულ ადგილას, ნამოხვანში შეკრების პროცესის შეწყვეტა იყო. აქციის ორგანიზატორებისთვის კი სწორედ სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე აქციის ჩატარება იყო გამოხატვის არსებით კომპონენტი, რადგან ამ ლოკაციიდან უშუალოდ შეეძლოთ ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებზე ვიზუალური დაკვირვება და პროტესტის ადრესატამდე მიტანა. აქციების განგრძობადი ხასიათიდან გამომდინარე კი კარვები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო, რათა მონაწილეებს ეფექტიანად ესარგებლათ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით;
  3. პოლიცია ნამახვანჰესის აქციის მონაწილეების მიმართ ისეთ რეპრესიულ მეთოდებსაც იყენებდა, როგორიცაა დაკავება და ჯარიმები, რაც პროცესის ესკალაციას უწყობს ხელს და რადიკალიზების საფრთხეებს ზრდის.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, სახელმწიფო თავისი „ხისტი და რეპრესიული პოლიტიკით“, — კერძოდ, საპოლიციო ძალების მეშვეობით, — „დაუსაბუთებლად და თვითნებურად ერევა რიონის ხეობის მცველების მშვიდობიან შეკრების უფლებაში“.

„გაძლიერებული საპოლიციო ღონისძიებებით „რიონის ხეობის მცველების“ ფუნდამენტურ უფლებებში ამგვარი უხეში და დაუსაბუთებელი ჩარევა კი პროცესების დამატებით გართულების რისკებს ქმნის“, – წერია შეფასებაში.

სრული დოკუმენტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ამ საკითხზე გირჩევთ, წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ სტატია:

„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი