“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (ყოფილი EMC) კრიტიკულად აფასებს “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულთა ფართო წრეზე ბლანკეტურად აუქმებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და პროცესიდან სრულად გამორიცხავს დაზარალებულებს.
ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციით, 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე, სრულად ვრცელდება ამნისტია, გარდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი) და წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არასათანადო მოპყრობისა.
კერძოდ, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თქმით, ამნისტია ვრცელდება ისეთ შემთხვევაშიც, თუკი ჯერ არაა დაწყებული კონკრეტულ გარემოებაზე გამოძიება, ან სისხლისსამართლებრივი დევნა. დოკუმენტის მიხედვით, ერთადერთი წინაპირობა ქმედებაზე დანაშაულზე ამნისტიის გასავრცელებლად თავად ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობაა.
“სამართლებრივი თვალსაზრისით, კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქცია არის ზედმეტად ზოგადი და ფართო. განსაკუთრებით პრობლემურია კანონპროექტის ჩანაწერი, რომლითაც ამნისტირებული იქნება 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ისეთი დანაშაულებიც, რომლებზეც მომავალში დაიწყება გამოძიება.
შესაბამისად, პარლამენტი ამნისტიას აცხადებს ჯერ კიდევ უცნობ, გამოუკვლეველ ქმედებებზე, მათ შორის, შესაძლო სამოხელეო დანაშაულებზე, მტკიცებულებების განადგურებასა თუ ფალსიფიკაციაზე, აგრეთვე, ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ძალადობრივ დანაშაულებზე. ეს მიდგომა სამართლებრივი განსაზღვრულობის ფუნდამენტურ პრინციპს არღვევს, რაც სამრთლებრივიდა დემოკრატიული წესრიგის საფუძველია”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა აბსოლუტურად დაცული უფლებაა, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უშვებს გადახვევას და გამონაკლისს.
კერძოდ, “სოციალური სამაართლიანობის ცენტრის” თქმით, დაუშვებელია ადამიანის სხეულის, ფსიქოლოგიური მთლინობისა და ღირსების ხელყოფის საკითხი პოლიტიკური მოლაპარაკებებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეთ გატანის საგანი გახდეს.
შესაბამისად, ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემურია, რომ ამნისტიის შემოთავაზებული რედაქცია წამების, არაადამიანური ან/და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის აბსოლუტურ უფლებას სათანადოდ არ იცავს და სრულად არ აზღვევს იმ დანაშაულებზე ამნისტიის არ გავრცელებას, რომელიც აღნიშნული უფლების ხელყოფას შეიძლება უკავშირდებოდეს:
“Მართალია, კანონპროექტით დადგენილი გამონაკლისები, რომელზეც ამნისტია არ ვრცელდება (სსკ-ის 117, ასევე 1441 – 1443), წარმოადგენს წამების აკრძალვის დამცავ ძირითად მუხლებს ეროვნული სამართლის სისტემაში, თუმცა, მსგავსი საქმეების გამოძიების ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული მუხლების გამოყენება ხშირი არ არის და უფრო მეტიც, პროკურატურა მსგავსი შემადგენლობის დანაშაულებს სხვა სახის კვალიფიკაციას აძლევს ხოლმე (მაგალითად, სამოხელეო დანაშაულის ( ჩადენილი ძალადობით ან მმისი მუქარით)).
ამ პირობებში რჩება რისკი, რომ არასათანადო კვალიფიკაციის პრაქტიკის გამო, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აბსოლუტური უფლებით დაცული ინტერესები მაინც დაექვემდებაროს ამნისტიას და ამდენად, დაუშვებელ გადახვევას” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
განცხადების ავტორების თქმით, შემაშფოთებელია ისიც, რომ კანონპროექტი მინიმალურადაც არ ითვალისწინებს ამ მოვლენების დროს დაზარალებულთა ინტერესებს და მთლიანად გამორიცხავს მათი თანხმობის საჭიროებას ამნისტიის პროცესიდან.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ სამართლებრივთან ერთად, ამნისტიის აქტს აქვს ფართო პოლიტიკური კონტექსტი. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, აქტზე ხელმომწერი პოლიტიკური სუბიექტი იღებს პოლიტიკურ და ეთიკურ პასუხიმგებლობას ამნისტირებული დანაშაულების სიმძიმეზე. შედეგად, დამდგარ ზიანსა და თანმდევ საფრთხეებზე. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამნისტია, როგორც პოლიტიკური აქტი, უნდა ეფუძნებოდეს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს და მისი პოლიტიკური თუ მორალური მიზანშეწონილობა მკაფიო უნდა იყოს არა მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ელიტისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.
განცხადების ავტორების თქმით, კანონპროექტის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ამნისტიის აქტის მიზანია ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის შემცირება და 19-21 ივნისის მოვლენების გადაჭარბებული პოლიტიზების თავიდან აცილება:
“აღსანიშნავია, რომ 19021 ივნისის მოვლენებს უკავშირდება სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებისათვის უპრეცედენტო საპოლიციო ძალის გამოყენება, ათეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტის და ჟურნალისტის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ამ მოვლენების ხარვეზიანად და შერჩევითად გამოძიება.
სამწუხაროდ, დღემდე არ არის ეს მოვლენები სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, აგრეთვე, სახელმიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები დაზარალებულების სამართლებრივი თუ სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამ ფონზე, ასეთი მოვლენის ამნისტირება კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უკავშირდება, რომელზეც ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსიც კრიტიკულად აუცილებელია” ,- წერს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.
განცხადების ავტორების თქმით, სამწუხაროდ, ამნისტიის კანონპროექტის ავტორები თუ მისი პოტენციური მომხრეები ამ დრომდე არ საუბრობენ აქტის მნიშვნელობაზე, მის აუცილებლობაზე და იმ შესაძლო სიკეთეეებზე, რაც მის მიღებას შეიძლება უკავშირდებოდეს.
აგრეთვე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თქმით, ილუზორული და არარეალისტურია, რომ ამნისტია ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზების შემცირებას და პოლიტიკური ველის კონსოლიდაციას, რადგან ამ დრომდე, ორგანიზაციის შეფასებით, არ შეცვლილა პოლიტიკური ლიდერების პოზიციონირება და დღემდე ისმის ურთიერთმტრობასა და ანტაგონიზმე დაფუძნებული განცხადებები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ლიდერებისგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს:
- ამნისტიის კანონპროექტი უნდა დაეფუძნოს ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს;
- აუცილებელია, ამნისტია იყოს მკაფიო და ზუსტი შინაარსის და ამ პროცესში მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს დაზარალებულთა ჩართულობასა და მათ ინტერესებზე;
- ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებისთვის და პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, ინსტიტუციურ რეჟიმში გადაყვანისთვის ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს რეალური პოლიტიკური ნება ფუნდამენტური საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებისთვის, აგრეთვე, პოლიტიკური ძალაფულების განაწილებისთვის.