ახალი ამბები

ნიუ-იორკში კვლევის ფარგლებში ტესტირებულთა 21%-ს ანტისხეულები აღმოაჩნდა – რას ნიშნავს ეს?

24 აპრილი, 2020 •
ნიუ-იორკში კვლევის ფარგლებში ტესტირებულთა 21%-ს ანტისხეულები აღმოაჩნდა – რას ნიშნავს ეს?

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ 21%-ს იმ ადამიანებისა, ვისაც ქალაქ ნიუ-იორკში ტესტირება ჩაუტარეს, Covid-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდათ. ასეთი ადამიანების პროცენტული წილი ნიუ-იორკის შტატის მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში კი 14% იყო.

ანტისხეულებზე ტესტები (სისხლში ანტისხეულების არსებობა) ზოგადად უჩვენებს, გამოიმუშავა თუ არა ადამიანმა ვირუსის მიმართ იმუნიტეტი. ასეთი სახის ტესტირება თავად ვირუსს ინფექციის დროს არ ავლენს, თუმცა უჩვენებს, რომ შესაძლოა, მას უკვე გადატანილი ჰქონდეს Covid-19.

კვლევაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, ქალაქ ნიუ-იორკში 1300 ადამიანი იყო ჩართული, ნიუ-იორკის შტატში კი, ჯამში, 3000. ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც სუპერმარკეტებში დადიოდნენ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენად არის ეს მონაცემები სტასტისტიკურად მნიშვნელოვანი, როგორც თავად გუბერნატორმაც დაადასტურა. ამასთან, შეერთებულ შტატებში, ზოგადად, ეჭვქვეშ აყენებენ ანტისხეულებზე ტესტირების სიზუსტეს.

მაგრამ თუკი კვლევაში მითითებული რიცხვების განზოგადება შესაძლებელი იქნებოდა ნიუ-იორკის შტატზე, მაშინ გამოდის, რომ 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი ქალაქ ნიუ-იორკში და 2.6 მილიონი ნიუ-იორკის შტატშ, უკვე ინფიცირებულია.

ეს რიცხვი ბევრად აღემატება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას — 250 000 შემთხვევა შტატში.

თუმცა, როგორც გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, ენდრიუ კუომოს პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე ქალაქ ნიუ-იორკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, დოქტორმა დემეტრე დასკალიკისმა, განაცხადა, რომ არ შეიძლება ანტისხეულებზე ტესტირებებზე დაყრდნობით მიღებული იქნას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სოციალური დისტანცირების ზომების შესუსტების თუ ეკონომიკური საქმიანობის განახლების შესახებ.

მან განაცხადა, რომ ასეთმა ტესტებმა „შეიძლება მოგვცეს ცრუ უარყოფითი ან ცრუ დადებითი შედეგი“ და ხაზი გაუსვა, რომ არსებობს „მნიშვნელოვანი ხარვეზები“ ასეთი ხერხით იმის დასადგენად, აქვთ თუ არა ადამიანებს Covid-19-ზე იმუნიტეტი.

გუბერნატორმა კუომომ უარი თქვა, გამოეთქვა ვარაუდი, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს კვლევის წინასწარი მონაცემები. მისი თქმით, კვლევას ძირითად გამოიყენებენ „ინფექციის სიჩქარის დონის ცვლილებისთვის თვალყურის სადევნებლად“.

ამასთან, როგორც გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, სუპერმარკეტების მომხმარებლები არ არის მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევა — ერთი მხრივ, ისინი დადიან საჯარო სივრცეებში, მაღაზიებში, რამაც შეიძლება გაზარდოს ვირუსის გადადების რისკი. „ესენი არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სახლებში, იზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებონდნენ“,-  განაცხადა ენდრიუ კუომომ.

კვლევა შეიძლება ასევე მიანიშნებდეს, რომ ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ოფიციალური — დაახლოებით 0.5%.

მასალების გადაბეჭდვის წესი