ახალი ამბები

„არ გვეზეიმება“ — გურიაში წელს ლელობურთს არ ითამაშებენ

14 აპრილი, 2020 • 3589
„არ გვეზეიმება“ — გურიაში წელს ლელობურთს არ ითამაშებენ

გურიაში, ლანჩხუთის სოფელ შუხუთში Covid-19-ის ეპიდემიის გამო წელს არ ითამაშებენ ტრადიციულ სააღდგომო ლელობურთს.

ლელო (ან ლელობურთი) ადგილობრივი, ტრადიციული, ხალხმრავალი თამაშია — სოფლების, ზემო და ქვემო შუხუთის მკვიდრი მოსახლეობა ყოველ წელს ერთმანეთს უპირისპირდება გამარჯვების მოსაპოვებლად.

მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რათა სილით და ნახერხით სავსე 18- კილოგრამიანი ბურთი, — რომელსაც ყოველ წელს თვითონ ამზადებენ, — როგორმე მიიტანონ სოფლის ცენტრიდან მეტოქის სასაზღვრო ღელემდე.

ლელო ყოველ წელს იმართება, ნებისმიერ ამინდში. თუმცა წელს, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მრავალწლოვანი ტრადიცია დაირღვევა.

როგორც „ნეტგაზეთს“ უთხრა დეკანოზმა საბა ჟღენტმა, შუხუთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, — რომელიც თამაშს ზედამხედველობს ხოლმე და, შეიძლება ითქვას, ცენტრალური ფიგურაა, — თამაში წელს არ გაიმართება.

„არა მხოლოდ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე… ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა — 9 აპრილს, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, არ გვითამაშია. იმიტომ, რომ ლელო თამაშია, მხიარულება და გართობაა. ჩვენ კი არც მაშინ გვემხიარულებოდა და, სამწუხაროდ, არც ახლა არის ზეიმის დრო“, – გვითხრა მან.

ტრადიციულად, ლელობურთში გამარჯვებულ მხარეს ბურთი გასულ წელს გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე მიაქვს ხოლმე პატივისცემის ნიშნად. 1989 წლის 9 აპრილს, წინამძღვრის ცნობით, მხოლოდ ორმა ადამიანმა სიმბოლურად ააგდო ბურთი და პირდაპირ წაიღო სასაფლაოზე.

წელს კი ასეც არ მოხდება: „სავარაუდოდ, ბურთი შეიკერება, მაგრამ იმ ადამიანის საფლავზე წავა, ვინც გამოვარჩიეთ, მაგრამ ყველაფრის გარეშე. ოჯახის წევრი წაიღებს და ამით დამთავრდება ყველაფერი. არც სასაფლაოზე არ იქნება შეკრება“, – გვეუბნება იგი.



14 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირება 296 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსი 30-ს პაციენტს დაუდასტურდა. ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან ეს ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა, დანარჩენები კი მკურნალობას აგრძელებენ.

კარანტინის რეჟიმში 4838 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი- 434.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტის შემდეგ არის გამოცხადებული, დაწესებულია კომენდანტის საათი საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი