ახალი ამბები

საქართველოს 4.9 მლნ მოქალაქის პირადი მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე აიტვირთა – მედია

30 მარტი, 2020 • 4325
საქართველოს 4.9 მლნ მოქალაქის პირადი მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე აიტვირთა – მედია

ბიზნეს-ტექნოლოგიების საინფორმაციო პორტალი Zdnet და ისრაელში ბაზირებული კიბერუსაფრთხოების ცენტრი Under the Breach საქართველოს ამომრჩეველთა ბაზის გაჟონვის შესახებ იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, შაბათს, 28 მარტს ჰაკერულ ფორუმზე აიტვირთა 1.04 GB MDB ფაილი, რომელიც შეიცავდა 4,9 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქის (გარდაცვლილთა ჩათვლით) ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა: სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი.

Under the Breach-ის ვარაუდით, მონაცემთა ბაზა დათარიღებულია 2011 წლით და აღებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდიდან. საიტზე ამომრჩეველთა ერთიანი სია ხელმისაწვდომი არ არის და სიაში მყოფი ცალკეული პირების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება მხოლოდ პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ შეიძლება.

თუმცა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გავრცელებული ბაზა ფორმატითაც და მონაცემებითაც რადიკალურად განსხვავდება იმ ბაზისგან, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს.

“ჩვენს მონაცემთა ბაზაში არის 3.5 მილიონი ამომრჩეველი. ამ სიაში არ არის მოცემული გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია. ასევე, აქ მითითებული აქვთ მოწმობის ნომერი, მამის სახელი – ეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ბაზაში არ არის. ანუ შეიძლება ითქვას, ეს არ არის ამომრჩეველთა სია”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

შსს- თქმით კი, “ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი