ახალი ამბები

შეწყდეს პოლიტიკური ზეწოლა – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ბაკურიძის მოხსნაზე

14 მარტი, 2020 • 1340
შეწყდეს პოლიტიკური ზეწოლა – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ბაკურიძის მოხსნაზე

მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აკრიტიკებს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების მთავარი გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გაშვებას. ორგანიზაცია ტვიტერზე წერს:

„პარასკევ საღამოობით ჟურნალისტების დათხოვნა ტრადიცია ხდება აჭარის ტელევიზიაში. ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის წინააღმდეგ ხმამაღლა გამოდის, ახლახანს გაუშვეს სამსახურიდან. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტონ პოლიტიკური ზეწოლა“.

აჭარის ტელევიზიის მთავარი გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, რომელსაც ერთი კვირის წინ უფლებამოსილება შეუჩერეს და ეთერიდან მოხსნეს, 13 მარტს სამსახურიდან გაუშვეს. გათავისუფლების ბრძანებას ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აწერს ხელს.

თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება ერთი კვირით ადრე, პარასკევს, 6 მარტს დროებით შეუჩერეს, რის საფუძვლადაც იმავე დღეს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის მოკვლევა იყო დასახელებული.

ზუსტად ერთ კვირაში, 13 მარტს ხელმოწერილ გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ „თ. ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის პირობების აშკარა უხეშ დარღვევას“.

ამასთან, ბრძანება თეონა ბაკურიძეს ბრალს სდებს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისთვის, გიორგი აბაზაძისთვის მუშაობაში ხელშეშლაში და აბაზაძესა და ფირუზ ბოლქვაძეზე „ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და აშკარა ბულინგში“.

ბაკურიძე დისციპლინურ მოკვლევას გაუგებარს, მოგონილს და მიზანმიმართულს უწოდებს. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი, მათ შორის თეონა ბაკურიძე, უკვე თვეებია, არხზე მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და ზეწოლასა და ხელისუფლების ჩარევაზე საუბრობენ.


აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო — იმ პერიოდიდან, როდესაც დირექტორი, ნათია კაპანაძე თამამდებობიდან გადააყენეს.

მაშინ ნათია კაპანაძემ აღნიშნული დაუკავშირა ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს. მას შემდეგ ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე ასრულებდა, რომელსაც ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ფუნქციები შეუკვეცა.

ზოიძემ ამის შემდეგ აჭარის მაუწყებელი საერთოდ დატოვა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეზე.

ისინი აცხადებენ, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს საკვანძო თანამდებობებიდან იმ ადამიანების გაშვებას, რომლებიც ამ ტელეარხის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავენ.

ბოლო პერიოდში ტელევიზიაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა.

აჭარის მაუწყებელზე განვითარებული მოვლენები მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 12 მარტს გამოქვეყნდა.

ორი დღით ადრე, 10 მარტს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰარლემ დეზირმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია აჭარის მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით.

აჭარის მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენების დეტალებში გასარკვევად გირჩევთ, წაიკითხოთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/257977

 

მასალების გადაბეჭდვის წესი