ახალი ამბები

კოალიცია პრეზიდენტს მოუწოდებს, აჭარის ტელევიზიაზე ცვლილებებს ვეტო დაადოს

4 ივლისი, 2023 • 714
კოალიცია პრეზიდენტს მოუწოდებს, აჭარის ტელევიზიაზე ცვლილებებს ვეტო დაადოს

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონს, რომელიც მათ შორის მიზნად ისახავს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ კანონი ძირს უთხრის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

შესაბამისად, განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონს.

კოალიციაში აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის მიერ რამდენიმე კვირის წინ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ინიცირებული იყო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც,  სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდებოდა 9-დან 11-მდე, უქმდებოდა სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა, იზრდებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადები და ა.შ.:

„აღნიშნული კანონპროექტი არ პასუხობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს და აგრძელებდა ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს. გასულ კვირას კი მმართველმა პარტიამ დამატებითი ცვლილებები შეიტანა დოკუმენტში, რომლის მიხედვით უქმდება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო და მის კომპეტენციებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ითავსებს. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9 დან 11-მდე იზრდება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ერთის ნაცვლად სამი კანდიდატის დასახელების უფლებამოსილება ენიჭება“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა გამოწვევაა პოლარიზაცია და დეზინფორმაცია, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი და მრავალფეროვანი შინაარსის მიწოდებაში გადამწყვეტია. მმართველი გუნდის არსებული პოლიტიკა და ნაბიჯები კი, განცხადების ავტორების შეფასებით, პირიქით, მიმართულია კერძო მედიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლისაკენ და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად:

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ისარგებლოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით და ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონს და ამით მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი და თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ასევე მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს ვეტო და საკუთარი ძალისხმევა და პოლიტიკა წარმართოს თავისუფალი, უსაფრთხო და პლურალისტური მედიაგარემოს შესაქმნელად, რაც ხელისუფლების კონსტიტუციურ და კონვენციურ ვალდებულებას წარმოადგენს“ ,— აცხადებენ კოლიაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი