ახალი ამბები

მიღწეული შეთანხმება საზოგადოების გამარჯვებად უნდა შეფასდეს – ზურაბიშვილი

8 მარტი, 2020 • 1398
მიღწეული შეთანხმება საზოგადოების გამარჯვებად უნდა შეფასდეს – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “საზოგადოების” გამარჯვებას უწოდებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს და ბარიერი 1%-მდე დაიწიოს.

“მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება. ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია”, – წერს სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ ფეისბუკ გევრდზე.


ოპოზიციამ და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ მათ შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიციის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად:

  1. ციხეებიდან გათავისუფლდებიან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები;
  2. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით, რაც გულისხმობს 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატს;
  3. პარლამენტში მოსახვედრი ბარიერი დაიწევს 1%-მდე.

თუმცა, მემორანდუმში, რომელიც ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა, კონკრეტული პატიმრების გვარები ნამდვილად არ არის აღნიშნული. “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმება ვერ შედგებოდა, რადგან ეს “სცდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს”.

“პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდა”, – ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ენმ-ის ერთ ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა. მას ჟურნალისტებმა კითხეს, მემორანდუმში ჩაიწერა თუ არა კონკრეტული გვარები.

“გვარები არ არის ჩაწერილი არის, მაგრამ შეთანხმება არსებობს. ამის გარანტია არ არის არავინ, ამის გარანტია არიან ჩვენი ფაილიტატორები. შეთანხმება არსებობს, რომ პოლიტპატიმრები უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, შეწყდეს”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

მემორანდუმი – რაზე შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი