ახალი ამბები

ვერ გაიცემა ვერანაირი დაპირება ვინმეს გათავისუფლებაზე – კობახიძე

8 მარტი, 2020 • 1364
ვერ გაიცემა ვერანაირი დაპირება ვინმეს გათავისუფლებაზე – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ოპოზიციის იმ წარმომადგენლების განცხადებებს, რომელთა თქმითაც, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობს ციხეებიდან 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ დაკავებული პირების, ასევე, გიგი უგულავას გათავისუფლებას. ამის შესახებ კობახიძემ “იმედის კვირაში” ისაუბრა.

“ბუნებრივია, დღეს ვერანაირი მემორანდუმი ვერ გაფორმდებოდა, რომელიც აცდენილი იქნებოდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიიღება კონკრეტული დამოუკიდებელი ორგანოების მიერ: ეს არის პროკურატურა, სასამართლო.

თუ შეწყალებაზეა საუბარი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დამოუკიდებელია პოლიტიკური ხელისუფლებისგან. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა არც ფორმალური და არც მატერიალური ბერკეტი, რომ რაიმე ასეთი დაპირება გაგვეცა კონკრეტულ ინდივიდებთან დაკავშირებით”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, ერთადერთი, რასაც 8 მარტს გაფორმებული მემორანდუმი გულისხმობს, არის ის, რომ “პროცესები საქართველოში უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი პრინციპის შესაბამისად და დაცვით”.

“ეს ნიშნავს იმას, რომ მომავლში არ უნდა მოხდეს ისე, რომ ვინმემ გამოიყენოს კონკრეტული ორგანოები, სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ამ განცხადების შინაარსი, რომელსაც შევუერთდით. რაც შეეხება ოპოზიციის ინტერპრეტაციებს, ეს აცდენილია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. შესაბამისად, მათ განცხადებებს არ აქვს საფუძველი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიცემა ვერავითარი პირობა იმასთან დაკავშირებით, ვინ და როდის უნდა გათავისუფლდეს. ერთადერთი, ვისაც აქვს ამის საშუალება, ეს არის პროკურატურა, სასამართლო და გამონაკლის შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტი”, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტარმა მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს, გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში ნუ გაავრცელებ ტყუილებს.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორე, რომ “ვინმეს გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ვერ იქნება”.

ოპოზიციამ და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ მათ შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიციის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად:

  1. ციხეებიდან გათავისუფლდებიან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები;
  2. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით;
  3. პარლამენტში მოსახვედრი ბარიერი დაიწევს 1%-მდე.

თუმცა, მემორანდუმში, რომელიც ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა, კონკრეტული პატიმრების გვარები ნამდვილად არ არის აღნიშნული.

“პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდა”, – ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ენმ-ის ერთ ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა. მას ჟურნალისტებმა კითხეს, მემორანდუმში ჩაიწერა თუ არა კონკრეტული გვარები.

“გვარები არ არის ჩაწერილი არის, მაგრამ შეთანხმება არსებობს. ამის გარანტია არ არის არავინ, ამის გარანტია არიან ჩვენი ფაილიტატორები. შეთანხმება არსებობს, რომ პოლიტპატიმრები უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, შეწყდეს”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

მემორანდუმი – რაზე შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი