ახალი ამბები

აბაშიძე: საქართველოსთან ვაჭრობის შეზღუდვა რუსეთის არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა

5 აგვისტო, 2015 • • 941
აბაშიძე: საქართველოსთან ვაჭრობის შეზღუდვა რუსეთის არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა

“როგორც ჩანს, რუსეთის მხარე, რუსეთის უწყებების ინფორმაციით, შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას, რაც ჩვენი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი, რომელიც 2012 წელს დაწყებულმა ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა მოიტანა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა”, – აცხადებს აბაშიძე.

 

პრემიერის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველო შარშან შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული 15-მდე სანქციიდან ერთ-ერთს, რომელიც დაკავშირებულია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან:

 

“ეს სანქცია წელს ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა და 2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს  რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს”, – აცხადებს აბაშიძე.

 

საქმე ის არის, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა 4 აგვისტოს დაავალა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს საპასუხო ემბარგო დაუწესონ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს მიუერთდნენ. გუშინვე როსპეტრებნადზორმა გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი ღვინის მწარმოებელი საქართველოდან სისტემატურად არღვევს ღვინის წარმოების ტექნოლოგიას და ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები გამოშვებულ პროდუქციას უხარისხოდ ამოწმებენ, რის გამოც ღვინის გარკვეული პარტია რუსეთში არ შეუშვეს. 

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი