ახალი ამბები

კორონავირუსი შინაურ ცხოველებზე არ გადადის, თუმცა, მათ სხვა საფრთხე ემუქრებათ

4 მარტი, 2020 • 8655
კორონავირუსი შინაურ ცხოველებზე არ გადადის, თუმცა, მათ სხვა საფრთხე ემუქრებათ

ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ კორონავირუსის ახალი ტიპი Covid-19 ძაღლებზე ან/და კატებზე გადადის.  მეტიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელებისას, შინაური ცხოველები საფრთხეს არ წამოადგენენ.

თუმცა, რაც უფრო მეტ ქვეყანას აღწევს ახალი ვირუსი, მით უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არიან შინაური ცხოველებიც. კერძოდ, შიშისა და დეზინფორმაციის გამო ზოგიერთი პატრონი ცხოველზე უარს ამბობს.

განსაკუთრებით რთულია ვითარება ჩინეთში, სადაც ცხოველების უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიტოვებულ ცხოველთა ოდენობას უბრალოდ ვეღარ აუდიან. ისინი ასევე ამბობენ, რომ არსებობს ცხოველთა მოკვლის მაღალი რისკიც. 

ჰონგკონგელი ძაღლი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა

დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰონგ-კონგში ძაღლისგან აღებულ ნიმუშებს კორონავირუსის არსებობაზე ანალიზი ჩაუტარდათ, პასუხი კი „მსუბუქად დადებითი” იყო.

ძაღლს სიმტომები არ ჰქონდა, თუმცა, რადგან მისი პატრონი ინფიცირებული იყო, ის კარანტინში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს. მიუხედავად ამ შემთხვევისა, ჯანმო ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურება, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ძაღლები და კატები ავადდებიან.

ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი


ზემოხსენებულის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა, რატომ აჩვენა ძაღლზე ჩატარებულმა სამედიცინო ტესტმა „მსუბუქი დადებითი?

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსზე მეცნიერებმა ჯერჯერობით ცოტა იციან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, ახალი ვირუსი სხვადასხვა ზედაპირზე რამდენიმე საათით ან დღით ცოცხლობს.

CNN წერს, რომ ამის გამო ჩინეთში „ინფიცირებულ ნაღდ ფულს“ ანადგურებენ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კი მოქალაქეებს ურჩევს, ანგარიშსწორებისთვის უფრო ხშირად საბანკო ბარათები გამოიყენონ.

ამგვარად, როგორც ფულის, მაგიდის, ტანსაცმლის ან სხვა ნივთის ზედაპირზე, შესაძლებელია, კორონავირუსი ძაღლის ან კატის სხეულზე არსებობდეს, თუმცა, თავად ცხოველი ინფიცირებული არ იყოს.

ამის დასადასტურებლად ჯერ კიდეც მიმდინარეობს კვლევები.

„უკვე არსებული მტკიცებულებებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძაღლები [კორონავირუსის] გავრცელებისთვის უფრო მეტ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ვიდრე, კარი სახელურები,“ –  აცხადებს შეილა მაკქლენდი, მის კომენტარს კი CNN ავრცელებს.

მაკქლენდი ცხოველთა გადარჩენის საქველმოქმედო ორგანიზაციის [Lifelong Animal Protection Charity (LAP)] დამფუძნებელია.

ცხოველების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, კორონავირუსის ოჯახის წარმომადგენელი ზოგიერთი ვირუსი ცხოველებში გვხვდება, თუმცა, არა ის ახალი ტიპი, რომელიც მსოფლიოში ვუჰანიდან გავრცელდა. ამის მეცნიერული დადასტურება, ჯერჯერობით, არ არსებობს.

შიში და შინაური ცხოველები – რა რისკები არსებობს

ცხოველთა გადარჩენის საქველმოქმედო ორგანიზაცია CNN-თან საუბარში ამბობს, რომ ჰონგ-კონგელი ძაღლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოსახლეობაში შიშმა იმატა.

„პანიკის დროს ადამიანებმა შესაძლოა მიატოვონ ამ მოკლან „თავიანთი შინაური ცხოველები. სხვა შემთხვევებისთვის, კი შესაძლოა ძაღლების ყოლა სტიგმატიზებული გახდეს,“ – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ორგანიზაცია ოფიციალურ ფეისბუკ გვერზე ასევე წერს, რომ ჰონგკონგელი ძაღლის შემთხვევაში მედია უპასუხისმგებლოდ მოიქცა.

კატა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

შიშთან ერთად, პრობლემა შინაური ცხოველებისთვის მათი პატრონების კარანტინიცაა.

BBC წერს, რომ ჩინეთში გავრცელებული ვირუსისა და შესაბამისად, კარანტინის გამო, ცხოველები პატრონებს კარანტინში თან არ მიჰყავთ, ხშირად კი მათ, უბრალოდ, მარტოდ ტოვებენ.

გამოცემასთან ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ვეღარ აუდიან მიტოვებულ ცხოველთა რიცხვს. ისინი ანონიმურად საუბრობენ და ამბობენ, რომ უკვე აღარ აქვთ ფინანსური რესურსი, რათა ცხოველები გამოკვებონ.

არსებობს თუ არა მსგავსი საფრთხე საქართველოში მცხოვრები შინაური ცხოველებისთვის?

ჩინეთისგან განსხვავებით, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების არეალი ძალიან მცირეა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი ტიპით ინფექცია 3 ადამიანს დაუდასტურდა.

თუმცა, ცხოველების დამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ვირუსი უფრო მეტად გავრცელდა, შინაური ცხოველებისთვის ეს გამოწვევა იქნება.

ერთ-ერთი ასეთი ცოველთა დამცველი თიკო კვალიაშვილია. თიკო თითქმის ყოველდღიურად ეხმარება ცხოველებს, ხშირად საკვებით ან/და მედიკამენტებით.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს საზოგადოებაში აბსოლუტურად ჯანსაღ, არააგრესიულ ცხოველებს აწამებენ და კლავენ, მათ ვირუსის გავრცელება რომ დააბრალონ, მათ მასობრივად დახოცავენ,“ – ამბობს კვალიაშვილი ნეტგაზეთთან.

უფლებადამცველი განმარტავს, რომ თუნდაც თბილისში ქუჩები მიტოვებული ძაღლებით სავსეა.

„ახლაც მომწერა ქალმა, რომ იქნებ გაგვაჩუქებინო ძაღლი, ჩემი ახლობლის, რომელიც არ სჭირდება იმიტომ, რომ უნდოდა ხვადი, მოუყვანეს ძუ და აპირებს, რომ გადააგდოს. ეს ხდება ყოველდღიურად. ქალაქიდან რომ გავიდეთ და შევხედოთ ქუჩებს, სავსეა გაგდებული ცხოველები.

ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს პასუხიმსგებლობა ცხოველის ნორმალურად მოვლისთვის. ცხოველი მათ ჰგონიათ ნივთი და სათამაშო, როდესაც ჰბეზრდებათ, იშორებენ როგორც ნივთს, მაგრამ იმას ვერ ითვალისწინებენ, რომ ნივთი ვერ გრძნობს, ცხოველი კი გრძნობს. ეს არის ღალატი, რასაც ჩვენ ცხოველებს ვუკეთებთ,“ – ამბობს თიკო კვალიშვილი.

თიკო კვალიაშვილი. ფოტო: პირადი ფეისბუკი

რაც შეეხება გამოსავალს, ის ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სერიოზული პრობლემაა ასევე ყალბი ამბები და გადაუმოწმებელი ინფორმაცია კორონავირუსის ახალი ტიპის ინფექციაზე.

გამოსავალი კი სახელმწიფოს მხრიდან საინფორმაციო კამპანიების გაფართოება და გახშირება იქნებოდა.

ჩვენ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს ვკითხეთ, ხომ არ იგეგმებოდა მსგავსი კამპანიები.

„ვფიქრობ, რომ ნებისმიერი საინფორმაციო კამპანია ამ კუთხით დადებითი და პოზიტიური არის, უბრალოდ, თავად დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმდენად სრულყოფილ ინფორმირებას ახდენს საზოგადოების და იმდენად აქტიური არის ჩართული ამ საკითხის მართვაში, რომ ნებისმიერი სხვა ჩართულობა, უბრალოდ, დამატებითი აქტივობა იქნება.

მოსახლეობისთვის აუცილებელ ინფორმაციას ცენტრი მათ აქტიურად აწვდის,“ – გვაპსუხობს წილოსანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი