საზოგადოება

₾3000 ჯარიმა ცხოველის მიტოვებისთვის — რას მოიცავს კანონპროექტი შინაურ ცხოველებზე

13 თებერვალი, 2024 • 2382
₾3000 ჯარიმა ცხოველის მიტოვებისთვის — რას მოიცავს კანონპროექტი შინაურ ცხოველებზე

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტით, ძაღლისა და კატის ყოლაზე შესაძლოა ახალი რეგულაციები დაწესდეს.

დოკუმენტის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ვალდებულებების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა დაკბენა-დაკაწვრის გზით სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის/კატის მიტოვება გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის მიხედვით, მეპატრონეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმება და ვაქცინაცია. ამასთან, კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ მეპატრონე ასევე ვალდებულია ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების შესაძლებლობა შეწყვიტოს სტერილიზაცია/კასტრაციის გზით. იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ამ ვალდებულებას დაარღვევს, 100 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა დასაშვებია ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული წესის დარღვევა კანონპროექტით 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონპროექტი კრძალავს ცხოველის შეყვანას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე. აღნიშნული ნორმის დარღვევისთვის კანონპროექტში 50 -ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

კანონპროექტი ვალდებულებებს უწესებს ვეტერინარულ კლინიკებსაც. კერძოდ, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია არ არის შეტანილი მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია თავად უზრუნველყოს პატრონიანი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის შემთხვევაში კი, რომელიც არ არის კასტრირებულ/სტერილიზებული, აცნობოს მეპატრონეს აღნიშნული ვალდებულების შესახებ და შესაბამისი აღნიშვნა შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

კანონპროექტით ასევე იკრძალება სამედიცინო ჩარევის გარეშე  არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველებისათვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, მათ შორის:

  • ყურების კუპირება;
  • ყბის ძვლის კუპირება;
  • კუდის კუპირება;
  • ეშვების მოცილება;
  • კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა; ვ) სმენის დაქვეითება;
  • ხმის იოგების გადაჭრა.

აღნიშნული ნორმის დარღვევა, კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანი ხდება. კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე, რამაც მისი სხეულის მძიმე დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამოციდან ასოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე.

დოკუმენტში ასევე განისაზღვრა მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლი. კანონპროექტის მიხედვით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მეპატრონე უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის პირი და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი ცნობები:

  • ნასამართლობის, დანაშაულისთვის მსჯავრდადების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
  • კინოლოგიური დაწესებულებიდან მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მართვის თაობაზე შესაბამისი კურსის (მეპატრონისა და მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის ერთობლივი ჩართულობით) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნული ნორმის დარღვევა მეპატრონის 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, კანონპროექტით აკრძალულია მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გასეირნება 18 წელს მიუღწეველი პირისთვის:

კანონპროექტის მიხედვით, მომეტებული რისკის ჯიშებს განეკუთვნება:

  • ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ;
  • ფილა ბრაზილეირო;
  • ბულტერიერი;
  • ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი;
  •  არგენტინული დოგი;
  • ტოსა ინუ;
  • ამერიკული ბულდოგი;
  • კანგალი;
  •  კანე კორსო;
  • დობერმანი;
  • კავკასიური ნაგაზი;
  • შუააზიური ნაგაზი;
  • აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი;
  •  ბერძნული ნაგაზი;
  • კრაშის ნაგაზი;
  • გერმანული ნაგაზი;
  • რუმინული ნაგაზი;
  •  მასტიფები;
  • ბორდოული დოგი;
  • კანარის დოგი;
  • როტვეილერი;
  •  რიზენშნაუცერი;
  •  ლეონბერგერი;
  •  მარემა;
  • მოსკოვური საყარაულო;
  • კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი);
  •  სტაფორდშირ ბულ ტერიერი;
  • ბანდოგი;
  • გულდონგი;
  • მგლის ჰიბრიდები.

დოკუმენტის მიხედვით, მეპატრონე, რომელიც დაინტერესებულია ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლებით, ვალდებულია მიმართოს საშენს და წარუდგინოს შემდეგი ცნობები:

  • ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ვეტერინარული დაწესებულებიდან;
  • ცხოველის ჯიშიანობასა და გამრავლებაზე ვარგისიანობის შესახებ კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებიდან.

კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის (ძაღლი, კატა) მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლების უზრუნველსაყოფად იკრძალება:

    • ნარევი (მეტისი) ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, გარდა სელექციის შემთხვევისა;
    •  ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში;
    •  გენეტიკური დაავადების მქონე ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება; დ) თვრამეტ თვემდე და რვა წლის ზემოთ ასაკის ძაღლის გამრავლება; ე) გარეული ცხოველის შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველთან;
    • ძუ ძაღლების გამრავლება წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ.

თვრამეტ თვემდე ან/და რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლის გამრავლება, კანონპროექტის მიხედვით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე კი გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა), ან არარეგისტრირებული, ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით დაუშვებელია ცხოველთა მიმართ არასათანადო და სასტიკი მოპყრობა, მათ შორის:

  • დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა, მათ შორის:
  • ცხოველის ცემა;
  • ცხოველის მუდმივ დაბმულ მდგომარეობაში ყოლა;
  • ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცხოველის განზრახ დაზიანება;
  •  ცხოველის იმგვარი ფიზიკური დატვირთვა, რაც იწვევს მის ტანჯვას;
  • ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ და წახალისება სხვა ცხოველის ან/და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ;
  • არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება;
  • ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის;
  • ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის და მათზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება, გარდა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით’’ გათვალისწინებული შემთხვევებისა;
  • ცხოველთა ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა და ამ მიზნით: ი.ა) ინფორმაციის გავრცელება;
  • სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვას.

კანონპროექტის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება, გარდა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე.

შინაური ცხოველის საკვებად გამოყენება კი დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას სამოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით,  შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება,  დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე.

რაც შეეხება ცხოველის წამებას, სასტიკ მოპყრობასა და სხვაგვარ ძალადობას, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე. ხოლო იმგვარი ძალადობა, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი