ახალი ამბები

მივესალმები ავღანეთის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას – ზურაბიშვილი

29 თებერვალი, 2020 • 1682
მივესალმები ავღანეთის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიესალმება აშშ-სა და თალიბანის შეთანხმებას ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა რამდენიმე საათის წინ მოაწერეს ხელი ისტორიულ შეთანხმებას, რომლის მიზანია მრავალწლიანი სამხედრო კონფლიქტის დასრულება და მშვიდობის მიღწევა ავღანეთში.

ამ შეთანხმებით, აშშ ჯარისკაცთა რაოდენობას ავღანეთში, პირველ ეტაპზე, 13 000-დან 8 600-მდე ამცირებს, თუმცა თუკი თალიბანი შეთანხმების პირობების შესრულებას გააგრძელებს, აშშ და ნატო ავღანეთიდან შემდეგი 14 თვის განმავლობაში სრულად გაიყვანენ სამხედრო ნაწილებს.

სანაცვლოდ თალიბანი პირობას დებს, რომ ექსტრემისტებს აღარ მისცემს საშუალებას, გამოიყენონ ქვეყანა აშშ-ის და კოალიციის ჯარებზე თავდასხმისთვის; ამასთან, თალიბანი პირობას დებს, რომ დაიწყებს მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობასთან, რაზეც აქამდე უარს აცხადებდა, რადგან მას „დასავლეთის მარიონეტად“ მიიჩნევდა.

„მივესალები ავღანეთის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. როგორც ავღანეთში მისიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი მონაწილე, საქართველო მიესალმება ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით უნდა უნდა დამთავრდეს „დაუსრულებელი ომი“ ავღანეთში (მისი გაპრეზიდენტების ერთ-ერთი პირობა საზღვარგარეთ ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირება იყო). ეს ყველაზე ხანგრძლივი ომია, რომელშიც აშშ ყოფილა ჩართული. 2004 წლიდან ამ საერთაშორისო მისიაში არაერთხელ ჩაერთვნენ ქართული ქვედანაყოფებიც.

დეტალებისთვის გირჩევთ:

აშშ-მა და თალიბანმა ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

მასალების გადაბეჭდვის წესი