ახალი ამბები

აშშ-მა და თალიბანმა ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

29 თებერვალი, 2020 • 3606
აშშ-მა და თალიბანმა ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომლის მიზანია მრავალწლიანი სამხედრო კონფლიქტის დასრულება და მშვიდობის მიღწევა ავღანეთში.

შეთანხმებას ხელი თბილისის დროით დაახლოებით 17:30 საათზე მოეწერა ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც უკვე წელიწადზე მეტია, მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დოჰაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო; თალიბანის მხრიდან დოჰაში ჩავიდა 31-წევრიანი დელეგაცია, რომელსაც პოლიტიკური ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი ხელმძღვანელობს.

რას ითვალისწინებს შეთანხმება?

ამ შეთანხმებით, აშშ ჯარისკაცთა რაოდენობას ავღანეთში, პირველ ეტაპზე, 13 000-დან 8 600-მდე ამცირებს, თუმცა თუკი თალიბანი შეთანხმების პირობების შესრულებას გააგრძელებს, აშშ და ნატო ავღანეთიდან შემდეგი 14 თვის განმავლობაში სრულად გაიყვანენ სამხედრო ნაწილებს.

სანაცვლოდ თალიბანი პირობას დებს, რომ ექსტრემისტებს აღარ მისცემს საშუალებას, გამოიყენონ ქვეყანა აშშ-ის და კოალიციის ჯარებზე თავდასხმისთვის;

ამასთან, თალიბანი პირობას დებს, რომ დაიწყებს მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობასთან, რაზეც აქამდე უარს აცხადებდა, რადგან მას „დასავლეთის მარიონეტად“ მიიჩნევდა.

თალიბანსა და მთავრობას შორის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობით, მოლაპარაკებების საკითხი უნდა იყოს ცეცხლის სრულად შეწყვეტა ქვეყნის მასშტაბით და ძალაუფლების გადანაწილება სახელმწიფოში.

თალიბანი პირობას დებს, რომ ხელმოწერისთანავე გაათავისუფლებს 1000 ავღანელ ტყვეს, სანაცვლოდ კი მათი 5000 მებრძოლის გათავისუფლებას ელის.

როგორც „როიტერსი“ წერს, ავღანეთში მცხოვრები მილიონიბით ადამიანი იმედიანადაა განწყობილი შეთანხმების მიმართ და იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს.

ავღანეთში ზეიმობენ სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას. ფოტო: Reuters

შეთანხმების დადებას დაესწრნენ პაკისტანის, ინდონეზიის, ინდოეთის, უზბეკეთის ოფიციალური პირები. ხელმოწერამდე რამდენი საათით ადრე თალიბანმა ავღანეთში ყველა მებრძოლს მოუწოდა, „თავი შეიკავონ რაიმე სახის თავდასხმისგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“. ხელმოწერის ცერემონიალი სასტუმრო შერატონში გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე გაიმართა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წინა დღით CNN-ზე გამოაქვეყნა მოსაზრება, სადაც წერს, რომ თალიბანს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ქვეყანაში ძალადობა შეამციროს; მის თანახმადვე, ნატო მხარს უჭერს აშშ-ის მიერ მშვიდობიანი გამოსავლის ძიებას. შეთანხემბის ხელმოწერის დროს სტოლტენბერგი ავღანეთში იმყოფებოდა.

18-წლიანი ომი

შეერთებული შტატები ავღანეთში 2001 წელს შეიჭრა. სამხედრო ინტერვენციას წინ უძღოდა ალ ყაიდას 11 სექტემბრის სასტიკი თავდასხმა აშშ-ში ტყუპ კოშკებზე, რასაც 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგაd თალიბანმა — რომელიც იმ დროისთვის ავღანეთს მართავდა — უარი განაცხადა ალ ყაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის შტატებისთვის გადაცემაზე.

აშშ/ნატოს და სხვების სამხედრო ოპერაციის შედეგად თალიბანის ხელისუფლება ჩამოაგდეს. თუმცა თალიბანი ამით არ დასრულებულა — დროთა განმავლობაში მათ მოახერხეს გაძლიერება, ამ დროისთვის კი მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებს.

2001 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მრავალწლიან ბრძოლას დაახლოებით 2400 ამერიკელი ჯარისკაცი, ათობით ათას ავღანელი ჯარისკაცი, ადგილობრივი მებრძოლი თუ სამოქალაქო პირი შეეწირა. AP-ის ცნობით, შტატებს ამ კონფლიქტში 750 მილიარდი აშშ დოლარი აქვს დახარჯული.

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრდება „დაუსრულებელი ომი“ ავღანეთში (მისი გაპრეზიდენტების ერთ-ერთი პირობა საზღვარგარეთ ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირება იყო). ეს ყველაზე ხანგრძლივი ომია, რომელშიც აშშ ყოფილა ჩართული.

როგორც „ალ ჯაზირა“ წერს, მრავალი წლის განმავლობაში თეთრი სახლის სხვადასხვა ადმინისტრაცია თავს არიდებდა ამ გადაწყვეტილებას იმ არგუმენტით, რომ აშშ ავღანეთში პროგრესს აღწევდა, თუმცა 2019 წელს გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, ავღანეთის ომი „მოუგებელი ომი“ იყო და აშშ-ის ჯარების გაყვანა მხოლოდ დროის საკითხი იყო.


2015 წლის 1 იანვრიდან, ავღანეთში, ნატოს საერთაშორისო მისია „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RFM-ის) ფორმატში მიმდინარეობს. 2004 წლიდან ამ საერთაშორისო მისიაში არაერთხელ ჩაერთვნენ ქართული ქვედანაყოფებიც. RFM-ის ფარგლებში ავღანეთში ახლაც იმყოფება მათი ნაწილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში „საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა“.

საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი