ახალი ამბები

ტყიბულში მეშახტეებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს

24 თებერვალი, 2020 • 1513
ტყიბულში მეშახტეებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტაზე მომუშავე მეშახტეებმა მესამე დღეა მუშაობა შეწყვიტეს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, მათი პროტესტი უკრაინულ-ქართული ბიზნეს-ჯგუფის, Steel International Trade Company-ის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ძიძიგურის შახტზე შეჩერდა ელმავალის მუშაობა, რომელიც მეშახტეებისთვის სამუშაო ადგილამდე მისვლის საშუალებაა. ელმავლის შეჩერების შემდეგ კი მეშახტეებს დაახლოებით 6 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. გარდა ამისა, მეშახტეები შიშობენ, რომ კომპანია გეგმავს ძიძიგურის სახელობის შახტის მუშაობის შეჩერებას.

თამაზ დოლაბერიძის თქმით, აღნიშნული ელმავლის გაუქმებიდან გამომდინარე, მეშახტეების სამუშაო მდგომარეობა მძიმდება:

“ამ ადამიანებს უწევთ ფეხით გაიარონ 6 კილომეტრამდე და ამის შემდეგ კიდევ იმუშაონ ადგილზე, რაც მათ დაღლას იწვევს და ეს არ არის შესაბამისი სამუშაო ნორმა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დოლაბერიძემ – “თუმცა, მეორე მხრივ, თუ ეს ელმავალი გაუმართავია, შესაბამისად, მეშახტეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს კიდეც მისი შეკეთება, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. მაგრამ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ამ დროის განმავლობაში მეშახტეებმა ეს ტერიტორია ფეხით დაფარონ”.

დოლაბერიძის თქმით, კომპანიამ ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში განაცხადა, რომ ელმავლების გაუმართაობიდან გამომდინარე იგეგმებოდა ახალი ელმავლების ჩამოტანა, რომელიც დოლაბერიძის თქმით ამ დრომდე უკვე უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

დოლაბერიძის თქმით, კომპანია ასევე გეგმავს, რომ ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომელთა გადაყვანა მოხდეს მინდელის სახელობის შახტში. ამის მიზეზად კი კომპანია ბაგირის რეაბილიტაციას ასახელებს, რომლითაც მეშახტეები მიწის ქვეშ ჩადიან. როგორც დოლაბერიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, კომპანიის ამ გადაწყვეტილებამ მეშახტეების პროტესტი გამოიწვია, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ კომპანიას ძიძიგურის სახელობის შახტის გაუქმება სურს. თუმცა, დოლაბერიძის თქმით, კომპანია მეშახტეების ამ მოსაზრებას არ ადასტურებს.

ტყიბულის მეშახტეთა პირველადი ჯგუფის პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლმა, გაგა ისაკაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, რომ კომპანია დაახლოებით 4 თვის წინ დაჰპირდა მეშახტეებს აღნიშნული ბაგირის შემოწმებას, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა:

“4 თვის წინ ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის მონაწილეობით კომპანიას უნდა შეემოწმებინა ძიძიგურის სახელობის შახტის ბაგირების მდგომარეობა, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა, გარდა ამისა, ახლა გვითხრეს კომპანიის წარმომადგენლებმა, რომ კიდევ დამატებითი დეტალებია შესამოწმებელი, რაც კიდევ დროსთანაა დაკავშირებული. წინა კომპანიასაც ბევრჯერ ჰქონდა გადაწყვეტილი ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვა, ამ ახალმა კომპანიამაც ვერ დაამყარა სწორი კომუნიკაცია. გარდა ამისა არ წერენ განსაზღვრულ დროს, ამ ყველაფრის ერთობლიობა კი მეშახტეების უნდობლობას იწვევს”, – განმარტა ისაკაძემ.

ისაკაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გააუქმებს ძიძიგურის სახელობის შახტას, მეშახტეები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა კადრების შემცირებაც გამოიწვიოს.

ისაკაძის თქმით, მეშახეტეები მუშაობას განაახლებენ, თუ კომპანია ბაგირს გაგზავნის შემოწმებაზე და დაადგენს  რეაბილიტაციისთვის საჭირო ზუსტ თარიღებს.

IPN ავრცელებს ტყიბულის შახტების მფლობელი კომპანიის, Coal of Georgia-ს დირექტორის, მიხეილ სოცკის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ დღეს მეშახტეების მოთხოვნებთან დაკავშირებით პროფკავშირს შეხვდა და არავითარი შემცირებები ან ხელფასის დაკლება მეშახტეებისთვის არ იგეგმება, ძიძიგურის შახტი კი ტექნიკური მიზეზებითაა გაჩერებული. სოცკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ კომპანია, საერთო ჯამში, ინფრასტრუქტურის განახლებას და 600 ათასის ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი