ახალი ამბები

ტყიბულში მეშახტეების ნაწილი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან

11 თებერვალი, 2021 • 1400
ტყიბულში მეშახტეების ნაწილი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან

10-11 თებერვლის ღამეს ტყიბულში 9 მეშახტე გაიფიცა. მეშახტეთა მე-3 ცვლამ ღამე პროტესტის ნიშნად გაატარა ძიძიგურის სახელობის შახტის მე-4 უბანზე.

“იანვრის თვეში ძიძიგურის შახტის ამ უბანზე ვერ შესრულდა ნახშირის მოპოვების გეგმა, თუმცა, ამის მიუხედავად, მთელი თვის განმავლობაში მეშახტეები ფიზიკურად მაინც მუშაობდნენ. რადგან ნახშირის მოპოვების გეგმა ვერ შესრულდა, მშრომელებს ხელფასის ნახევარი დააკლეს. ისინი მიიჩნევენ, რომ გეგმის შეუსრულებლობა არ მომხდარა დასაქმებულთა გამო, ისინი ასრულებდნენ უბნის უფროსის დავალებებს”, – აცხადებს საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმზღვანელი თამაზ დოლაბერიძე.

მისივე თქმით, გეგმის შეუსრულებლობა გამოიწვია შახტში ხანძრის გაჩენის საშიშროებამ, ხოლო მეშახტეები მთელი თვის განმავლობაში ატარებდნენ სარემონტო სამუშაოებს, რადგან გამოერიცხათ აფეთქების ან ხანძრის გაჩენის საშიშროება.

თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, პროფკავშირები იზიარებს მეშახტეთა მოთხოვნებს და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გაფიცულ თანამშრომლებს შინაგანაწესის დარღვევის მიზეზით გაათავისუფლებს, პროფკავშირები მათ უფლებებს დაიცავენ.

საქნახშირის თანახმად, “N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით უარს აცხადებენ შახტიდან ამოსვლაზე, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია”.

ნახშირმომპოვებელი კომპანიაც ადასტურებს, რომ მეშახტეების გაფიცვა იანვრის თვის გეგმის შედეგების შეჯამებას უკავშირდება. გავრცელებული განცხადების თანახმად, ძიძიგურის შახტის სხვა უბნებმა გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს, მე-4 უბანმა კი ეს ვერ შეძლო, რაც მათ ანაზღაურებაზე აისახა, როგორც ეს კომპანიასა და დასაქმებულთა შორის გაფორმებულ კონტრაქტშია ასახული.

“II უბანმა 6100 ტონა მოიპოვა და გეგმა 110.9 % -ით შეასრულა, რაც მოიცავს 91.01 ₾ დღეზე.
VI უბანმა მოიპოვა 5405 ტონა, გეგმა შესრულდა 108.1 % – ით. ანაზღაურებამ შეადგინა 90.00 ₾ დღეზე.
IV უბანმა მოიპოვა 4660 ტონა, გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7 % -ით. ანაზღაურებამ დღეზე 48.00 ₾ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ VI და II უბნის თანამშრომლებმა იანვრის თვეში გადაჭარბებით შეასრულეს გეგმა და, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მათ ანაზღაურებას ბონუსიც დაემატა. IV უბანმა კი გეგმის მხოლოდ 77.7 % შეასრულეს, რაც შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად (რომელიც თანამშრომლებსა და კომპანიას შორის არის გაფორმებული), მათ გამომუშავებულ ანაზღაურებაზე აისახა”, – აცხადებენ კომპანიაში.

საქნახშირის თანახმად, “N4 ნახშირმომპოვებელ უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა”.


ამ დროისთვის შახტზე ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია. ასევე შეზღუდულია ძიძიგურის შახტის მე-4 უბანზე სხვა მეშახტეების ჩასვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი