ახალი ამბები

„დეპუტატმა, ყველაფერს მოვაგვარებ, ოღონდ ამოდითო“ – მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს

11 თებერვალი, 2021 • 766
„დეპუტატმა, ყველაფერს მოვაგვარებ, ოღონდ ამოდითო“ – მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს

ტყიბულში მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და შახტიდან ამოვიდნენ. მათი თქმით, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატისგან, ბეჟან წაქაძისგან მიიღეს პირობა, რომ მათი პრობლემები მოგვარდება.

„იყო დეპუტატიც თვითონ ჩამოსული და მოგვცა სიტყვა, კაცური სიტყვაო. ვნახოთ, მაგასაც შევხედავთ… ყველაფერ პრობლემას მოვაგვარებ, ოღონდ ამოდითო. კაცური სიტყვა მოგვცა 12 მეშახტეს, რომელსაც 32 საათის განმავლობაში წყალიც არ მოაწოდა კომპანიამ“, – თქვა „მთავარ არხთან“ საუბარში ერთ-ერთმა მეშახტემ.

ტყიბულში ძიძიგურის შახტის მე-4 უბნის მე-3 ცვლის მეშახტეები 10-11 თებერვლის ღამეს გაიფიცნენ. მათი განცხადებით, გაფიცვის მიზეზი კომპანიის მიერ ხელფასის ოდენობის შემცირებას უკავშირდებოდა.

კომპანიის თანახმად, დღიური ანაზღაურების შემცირება გამოიწვია აღნიშნულ უბანზე გეგმის ვერ შესრულებამ.

მეშახტეების თქმით, გეგმის ვერ შესრულება მათი ბრალეულობით არ მომხდარა და ისინი კომპანიის მიერ მიღებულ მითითებებს ასრულებდნენ.

„სხვა გზა უბრალოდ არ დაგვიტოვა კომპანიამ. უბრალოდ მოგვცეს ნახშირის ისეთი გეგმა, რომელიც იყო შეუსრულებადი, არ შეიძლებოდა იმის შესრულება. ვითომ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, არადა პირდაპირ გეუბნებიან, ადექი, მოიკალი თავიო“, – თქვა ერთ-ერთმა მეშახტემ პროტესტის შეწყვეტის შემდეგ.

ვრცლად:

ტყიბულში მეშახტეების ნაწილი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან

მასალების გადაბეჭდვის წესი