საზოგადოება

ტყიბულში დაშავებულთაგან რამდენიმე რეანიმაციაშია, ერთი ძალიან მძიმედაა

31 იანვარი, 2022 • 1493
ტყიბულში დაშავებულთაგან რამდენიმე რეანიმაციაშია, ერთი ძალიან მძიმედაა

ტყიბულში წუხელ დაშავებული 8 მეშახდიტან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი, განსაკუთრებით მძიმე – ამბობენ ექიმები.

30 იანვარს, საღამოს საათებში, ტყიბულის შახტში მომხდარ ინციდენტს ერთი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ 8 კი დააზიანა.

შახტში დასაქმებულის გარდაცვალება წუხელვე დაადასტურა ტყიბულის კლინიკის გენერალურმა მენეჯერმა.

ტყიბულის კლინიკის ცნობითვე, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, 8 მეშახტე, მიღებული დამწვრობებისა და დაზიანებების გამო, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

31 იანვრის დილის მდგომარეობით, დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი 8 დაშავებულიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი, განსაკუთრებით მძიმე.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თანახმად, რვავე პაციენტს, სავარაუდოდ, გაზის [მეთანის] აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები აღენიშნება.

მისი განცხადებით, დაშავებულთაგან 3 გადაყვანილია რეანიმაციაში, 5-ს მკურნალობენ დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში.

„დამწვრობის გარდა, მათ აღენიშნებათ სხვადასხვა მოტეხილობა და ტრავმა. სამივეს მდგომარეობა საყურადღებოა, განსაკუთრებით ერთი გვყავს მძიმე“, – განუცხადა „მთავარ არხს“ გუგა ქაშიბაძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას დამწვრობის ცენტრის ექიმი, თეა უროტაძე ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთ პაციენტს სხეულის მძიმე, 60%-იანი თერმული დამწვრობა აქვს მიღებული.

„პაციენტს აღენიშნება ზედა კიდურების, სახის, სხეულის, ტორსის დამწვრობა, მისი მდგომარეობა არის სერიოზულად მძიმე“, – აცხადებს ექიმი.

კომპანია „საქნახშირში“, რომელიც ტყიბულის შახტებს ამუშავებს, ამ ეტაპზე კვლავ ვერ აკონკრეტებენ, რა მოხდა წუხელ და ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

წუხელვე ადგილზე მისული იყვნენ შრომის ინსპექტორები ვითრების შესასწავლად. „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ისნპექციისგან კომენტარის მისაღებად.

ინსპექციის მიერ მოწოდებულ გარკვეულ დეტალებს „ნეტგაზეთი“ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

„საქნახშირის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე რამდენიმე წელია არის „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის მოქალაქე გიორგი ჭელიძე.

ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების ინდუსტრიაში, „საქნახშირის“ ცნობით, 1230 ადამიანია დასაქმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი