ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ცარიელდება მაღაზიის დახლები ცხინვალში

19 თებერვალი, 2020 • 2772
რატომ ცარიელდება მაღაზიის დახლები ცხინვალში

ზარინა სანაკოევა ცხინვალიდან


მესამე კვირაა, სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან საკვები პროდუქტის შემოტანა შეუძლებელია. მიზეზი არის ქვემო ზარამაგის საბაჟოზე შეცვლილი წესები. რეგულაციები არ არის ახალი, უკვე დიდი ხანია მოქმედებს, თუმცა აქამდე მებაჟეები პროდუქციის შეტანის რეგულაციებს უგულებელყოფდნენ.

როგორც წესი, წელიწადში ერთხელ, რუსი მებაჟეები ამ წესებს იხსენებენ და პრუდუქციით დატვირთულ მანქანებს საზღვარზე აღარ უშვებენ.

რას ითვალისწინებს რეგულაციები?

იმისთვის, რომ არსებული რეგულაციებით რუსეთიდან საქონლის გატანა გააფორმო, ყველა დასახელების პროდუქტზე საბაჟო დელკარაციის შევსებაა საჭირო. შესაბამისად, მეწარმემ, რომელსაც პროდუქტი შემოაქვს, საქონლის ყველა დასახელებაზე გადასახადი უნდა გადაიხადოს და მრავალრიცხოვანი პროცედურა გაიაროს. რაც მთავარია, თითოეულ პროდუქტს მწარმოებლის სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოვაჭრეები ძალიან ბევრი დასახელების საქონელს მცირე რაოდენობით ყიდულობენ. ზოგჯერ ერთი მანქანა 200-300 დასახელების პროდუქტითაა დატვირთული. საქონლის შესყიდვა სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ოსეთში ბითუმად ხდება. ამ რაოდენობის პროდუქციის გაფორმება კი, კანონის შესაბამისად, შეუძლებელია – აცხადებენ შემომტანები. ამისთვის საჭიროა ერთი დასახელების საქონლის დიდი რაოდენობით შესყიდვა, სამხრეთ ოსეთის მცირე ბაზრის გათვალისწინებით კი, ეს არამომგებიანია.

თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ “ქვედა ზარამაგის” საბაჟოზე დიდი რაოდენობით პროდუქტით დატვირთული მანქანაა გაჩერებული. რამდენიმე დღის შემდეგ მოვაჭრეებს პარლამენტის დეპუტატები შეხვდნენ, შემდეგ კი – ხელისუფლების წარმომადგენლები. იმ დროისთვის, როგორც ისინი ჰყვებიან, ზარალი უკვე დიდი იყო, რადგან პროდუქტის ნაწილი ძლიერი ყინვის გამო გაფუჭდა.

იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთში საქონელი შემოიტანო, ისინი უნდა გადატვირთო მსუბუქ მანქანებში და ისე გადმოიტანო საზღვარზე.

ასეთ შემთხვევაში, ეს პროდუქცია ჩვეულებრივი სამგზავრო ტერმინალით შემოდის და არა სატვირთოთი, რადგან კერძო ტვირთად მიიჩნევა.

ყველა საბაჟო პროცედურის შემდეგ კი საქონლის ღირებულება რამდენჯერმე იზრდება და მეწარმეები კვლავ წაგებაში რჩებიან. ეს პრობლემა რეგულარულად, უკვე 9 წელია, დგება ხოლმე და ყოველ ჯერზე მცირე მეწარმეები ზარალდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადტაევთან და ეკონომიკური განვითარების მინისტრ გენადი ბეკოევთან შეხვედრის დროს მეწარმეებმა განაცხადეს, რომ რუსეთში წერილები გაგზავნეს და “რეგულაციების შესუსტება” ითხოვეს – “წერილში ხაზი გაუსვეს სამხრეთ ოსეთის მცირერიცხოვან მოსახლეობას”, რის გამოც არ შეუძლიათ დიდი რაოდენობით საქონლის შესყიდვა.

პრობლემის მოგვარების კონკრეტული ვადები ხელისუფლებამ ვერ დაასახელა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მაინც დროებითი იქნება.

მეწარმეების თქმით, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული პრობლემა ყოველ წელს იჩენს თავს, ასე ხანგრძლივად მოუგვარებელი ჯერ არ ყოფილა. ასევე, ჩივიან, რომ საბაჟოზე მათ მიმართ რუსი მებაჟეების მხრიდან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა.

ამასობაში, სამხრეთ ოსეთში მაღაზიების დახლები ცარიელდება. პირველ რიგში, რძის პროდუქტი ქრება. რძე, არაჟანი და კეფირი ჯერ კიდევ იშოვება, თუმცა არჩევანი თითქმის აღარ არსებობს. მწვავე დეფიციტზეც საუბარი ჯერ არ არის, მით უმეტეს, მეწარმეებს ან თავად მოსახლეობას საკუთარი მანქანით შეუძლიათ პროდუქტის შემოტანა, თუმცა ეს გაუთვალისწინებელი პროცედურები მათ ხარჯებზე აისახება.

საკვები პროდუქტის ძირითადი საბითუმო წერტილები ცხინვალის გარეთაა, ყოფილი ერგნეთის ბაზრობის ტერიტორიაზე. მცირე მაღაზიები სწორედ იქ ყიდულობენ სავაჭროდ საქონელს. დღესდღეობით, ნახევარზე მეტი კონტეინერი იქ დაკეტილია.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება განათლების სამინისტრომაც გამოაქვეყნა, სადაც საბავშვო ბაღებში კვების უზრუნველყოფის პრობლემის შესახებაა საუბარი. როგორც ირკვევა, მარაგი კიდევ 10 დღე ეყოფათ.

ცხინვალი მაღაზიის დახლი; 19.02.2020; ფოტო: ზარინა სანაკოევა

ფოტო: ზარინა სანაკოევა

ფოტო: ზარინა სანაკოევა

მასალების გადაბეჭდვის წესი