ახალი ამბები

პოლიტიკურად მოტივირებულს ჰგავს – ლიეტუველი პარლამენტარი უგულავას პატიმრობაზე

18 თებერვალი, 2020 • 1905
პოლიტიკურად მოტივირებულს ჰგავს – ლიეტუველი პარლამენტარი უგულავას პატიმრობაზე

ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) წევრი, ლაურინას კაშიუნასი გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკურად მოტივირებულს ჰგავს.

უზენაესი სასამართლოს 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სეიმის წევრმა ლაურინას კაშიუნასმა 18 თებერვალს ტვიტერზე დაწერა: „სიტუაცია ბადებს გონივრულ კითხვებს საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ, რომელიც ახლა პოლიტიკურად მოტივირებულს ჰგავს და ეს ცუდ ზეგავლენას ახდენს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დიალოგის წარმატებით გაგრძელებაზე“.

კაშიუნასი 2016 წელს შევიდა ლიეტუვის სეიმში და 2020 წელს ეწურება უფლებამოსილება. ის ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის სიითაა პარლამენტში შესული და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრია. აღნიშნულ პარტიას სეიმში 141 ადგილიდან 30 უკავია.


უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელსაც პროკურატურა 50 მლნ-მდე ლარის გაფლანგვას უკავშირებს, შეშფოთება, სხვა აქტორებთან ერთად, გამოთქვეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, შვედეთის, ესტონეთის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ასევე, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებმა საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი