ენმ-ის ინფორმაციით, ოპოზიცია თბილისში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებაზე “თითქმის შეთანხმებულია”.
“ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. შევძლებთ [შეთანხმებას] არა, ჩათვალეთ, რომ თითქმის შევძელით. უბრალოდ, საორგანიზაციო საკითხები გასავლელია, მაგრამ თბილისს რაც შეეხება, თითქმის შეთანხმებულები ვართ”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე.
მისი თქმით, “იმ სამართლებრივი უმსგავსობის შემდეგ, რაც გუშინ ხელისუფლებამ გააკეთა”, ოპოზიციას რჩება ორი ერთდროული გამოსავალი:
“პირველი – რაც შეიძლება მასშტაბური და მწვავე საპროტესტო აქციების ტალღის აგორება და მეორე – ჩვენ დაწყებული გვაქვს უკვე თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე საუბარი, ძალიან ახლოს ვართ შედეგთან და შემდეგ გადავალთ სხვა ოლქებზე. არცერთი ხმა “ქართულ ოცნებას”, არცერთი კონკურენტი ოპოზიციურ კანდიდატს, რომელიც მაჟორიტარულ ოლქში იქნება დაყენებული”, – განაცხადა ვაშაძემ.
“გირჩი” მომხრეა, ოპოზიცია საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმდეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველგან, სადაც შესაძლებელია.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ შეთანხმება მოხდეს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე, რაც ნიშნავს, რომ ერთმანეთს კონკურენტებს არ დავუყენებთ და მაჟოროტარულ ოლქებში ხმები არ გაიხლიჩება. თბილისიდან დავიწყებთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველგან, სადაც შესაძლებელია, შეთანხმება უნდა მოხდეს და მგონია, რომ ყველგან იქნება შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში, “გირჩი” ასე არის მოტივირებული”,- განუცხადა “ნეტგაზეთს” ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის კოორდინებული მუშაობა შესაძლებელია ბევრ საკითხზე, მათ შორის აქციებზე.
“გირჩისთვის” მნიშვნელოვანია, რომ ამ ერთობას ჰქონდეს ასევე გასაგები პოზიტიური დღის წესრიგი. მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რა იქნება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება. ჩვენ ვართ სხვადასხვა ხედვების და იდეოლოგიის ადამიანები, მაგრამ მნიშვნელოვანია, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდეთ და მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ხელისუფლება იცვლება, მოდის რაღაც კოალიცია და ეს კოალიცია ჰაერიდან ვერ ჩამოვა – აქ არსებული პოლიტიკური პარტიებისგან იქნება შექმნილი, ვინმეს მოსწონს ეს თუ არა”,- განაცხადა ჯაფარიძემ.