ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. რუსული კანონის დაბრუნებას. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეს ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ასევე ცდილობს, რომ ის საკითხები გადაფაროს, რაც ხალხისთვის რეალურ პრობლემას წარმოადგენს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასრულებულია და ახლა მილევად რეჟიმშია, რასაც არჩევნებზე გაფორმება სჭირდება.
„რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდნენ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას, რამდენიმე დღეს ვერ გაძლეს და ფაქტობრივად თავს ესხმიან ისევ ევროპულ ღირებულებებს და ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ფაქტია, ხელისუფლება ემზადება მარცხისთვის და, შესაბამისად, ახლა ცდილობს ყველანაირად დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი – გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, კანონის ხელახლა დაინიცირებაზე პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად არჩევნებზე საზოგადოების მობილიზება.
„სამწუხაროდ, „ევროპული საქართველოს“ პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა გააგრძელა, გააღრმავა ანტიდასავლური პოლიტიკა, ძალის დემონსტრირება. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს ევროპულ, დასავლურ მომავალს და ამაზე პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი და არჩევნებზე საზოგადოების სრული მობილიზაცია, ამ რეჟიმის შესაცვლელად“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო, რომ ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია „რუსული კანონის“ შესახებ თავიდან გააცოცხლოს.
მისი თქმით, პირდაპირ კრემლისგან მიღებული დავალება ახლა უფრო დიდ მიზანს ემსახურება – შეუშალოს ხელი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
„ეს კანონი „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან, ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნი. არ გაგატან. მთელი შენი ეს ტრიუკები არის მოძველებული და უბრალოდ მოძველებული კი არ არის, ჭაობისკენ მიმავალია. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს. შენ არ ემსახურები ქართველი ხალხის ინტერესს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
„რუსული კანონის“ დაბრუნებას გამოეხმაურნენ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროაც“, რომელთა განცხადებითაც, ეს არის „ივანიშვილის თავხედური პროვოკაცია“ ქართველი ხალხის და ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეთა თავგანწირვისა და ევროკავშირის მიერ გეოპოლიტიკური გარემოს სწორი შეფასების წყალობით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ ისტორიულ მომენტში ქვეყანას დამატებითი დაბრკოლება შეუქმნას.
ეს არის ივანიშვილის შურისძიება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ერთად ვიბრძოდით თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის მარტის მოვლენების დროს. ეს პროვოკაცია განსაკუთრებით თავხედური და ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც ლაზარე გრიგორიადისი კვლავაც ციხეში პოლიტიკურ მძევლად რჩება.
საქართველო ევროპაა და არასოდეს იქნება რუსეთი!
მიგვაჩნია, რომ ამ თავხედურ თავდასხმაზე ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის „არა რუსულ მთავრობას!“. ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება საჭიროებს ქართული საზოგადოების სრულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებას. ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
არა რუსულ რეჟიმს!“ – ნათქვამია „გირჩი-მეტი თავისუფლებს“ და „დროას“ ერთობლივ განცხადებაში.
პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, რომ ახალ-ახალ კანონპროექტებს და გავლენის ბერკეტებს ქმნის.
„ხელისუფლების მიზანი, მისია არის ძალაუფლების გახანგრძლივება და არა ქვეყნის განვითარება, გაჯანსაღება. რა თქმა უნდა, ეს არის რუსული შინაარსის და მიზნების მატარებელი კანონპროექტი. ისტორიამ განსაზღვრა ჩვენ მიმართ მტრული სახელმწიფოები. მზად ვარ, მხარი დავუჭირო ჩვენს ალტერნატიულ პროექტს, რომელიც საქართველოში რუსული გავლენების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამით დავიწყოთ და ეტაპობრივად თუ გამოჩნდება ზედაპირზე მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესები, ეს წრე შემდეგ გავაფართოოთ. ამას არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან. ეს არის პროპაგანდა, რომელსაც „ოცნება“ იყენებს. სასაცილოა ის შიშები, რაც ამის უკან დგას. ამის უკან დგას მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით უზარმაზარი შიშები, ეს ჩანს ამ გადაწყვეტილებებში – ლგბტ საკითხთან დაკავშირებით, ცესკო-ს დაქვემდებარებაში, გენდერული კვოტების გაუქმებაში და ყველა მათ ბოლო გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ამ კანონს ჰქვია „ევროკავშირზე უარის თქმის მცდელობა“.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს.
„დღევანდელი შემთხვევა არის მცდელობა გადაიწეროს ისტორია, მეტი არაფერი. თაობებმა მიუძღვნეს საკუთარი სიცოცხლე, არსება, არსებობა მოვლენის, რომ ქვეყანა მოსახლეობით გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ანუ დიდი ევროპული ოჯახის წევრი სახელმწიფო. ამ ყველაფერს ცდილობს ახლა „ქართული ოცნება“, რომ შემოგვიტრიალოს რაღაც ყბადაღებული საკითხით, რომელსაც რუსული კანონი ჰქვია, რომელიც უმძიმესი კანონია და რომელსაც სინამდვილეში ჰქვია ევროკავშირზე უარის თქმის მცდელობა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.
დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.
8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.
ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩააგდო.
კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.