შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა 1983 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს ყოფილი მეუღლე ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევა ვარკეთილში, ხალხმრავალ ადგილზე, მოხდა. ფაქტს არაერთი ადამიანი შეესწრო.
სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.