ახალი ამბები

CJEU: ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსი მოითხოვონ

17 იანვარი, 2024 • 928
CJEU: ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსი მოითხოვონ

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ ლტოლვილის სტატუსი მოითხოვონ.

ევროკავშირის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ქურთული წარმოშობის თურქი ქალის საქმეზე მიიღო, რომელიც ბულგარეთში თავშესაფარს ითხოვდა. ქალი ამბობდა, რომ ოჯახმა მას ქორწინება აიძულა, ქმარი კი მასზე ძალადობდა, რის შემდეგაც  ქმარს გაშორდა. ქალის თქმით, თუ მას ბულგარეთიდან თურქეთში დაბრუნებას აიძულებდნენ,  მისი სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. ამიტომ ბულგარეთის სასამართლომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართა.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განმარტებით კი, ქალებს ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი სქესის  გამო ისინი თავიანთ ქვეყნებში არიან ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის ქვეშ, ასევ,ე სექსუალური და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი.

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ თუ ქალები ლტოლვილის სტატუსს ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი დაცვის სტატუსი, თუ ისინი მოკვლის ან ძალადობის რეალური საფრთხის წინაშე დგანან. ამ შემთხვევაში ქალებს საშუალება ექნებათ დარჩნენ იმ ქვეყანაში, სადაც თავშესაფარი მოითხოვეს, თუმცა არ ექნებათ უფლება, რომ გაემგზავრონ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი