სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი. საგამოძიებო უწყების ცნობით, 11 ფაქტი ერთმა კაცმა ჩაიდინა.
„გამოძიების ცნობით, ბრალდებული გ.ქ. წლების განმავლობაში ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელ „Facebook-ის“ სხვადასხვა ჯგუფში, განცხადებებს ათავსებდა, სადაც მოტყუებით უთითებდა, რომ იყო ფოტოგრაფი და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის ფოტოსესიაზე გოგოებს სპეციალურად შერჩეულ ბინებში იწვევდა. გარდა ამისა, იგი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ქალებს ძიძის/მომვლელის და მასაჟისტის ვაკანსიაზეც იბარებდა ბინაში, დაინტერესებულ პირებს ეცნობოდა გამოგონილი ვინაობით, მათ შორის – ნუკრი ჯიოშვილის და ივანე ჯაიანის სახელით, რის შემდეგაც შედიოდა მათთან კომუნიკაციაში და ცდილობდა ნდობის მოპოვებას.
ბრალდებული მამაკაცი ბინაში მოტყუებით მიყვანილ დაზარალებულებთან ე.წ. საცდელ ფოტოსესიას აწყობდა, რა გზითაც მოტყუებით მოიპოვებდა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეოფაილს. ფოტოსესიის შემდგომ პერიოდში, ბრალდებული აღნიშნულ ქალბატონებთან ცდილობდა კომუნიკაციის გაგრძელებას და რიგ შემთხვევებში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით, აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას. ბრალდებული, ასევე, დაზარალებულებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, რასაც იგი ვიდეოზე ფარულად, უკანონოდ იწერდა და აარქივებდა“, — აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
უწყებისვე ცნობით, ბრალდებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტზე, 2024 წლის 22 მარტს დააკავეს.
როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, მათ შორის, ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.
აღნიშნულ ეტაპზე გამოძიების მიერ შესწავლილ კომპიუტერულ მოწყობილობებში არსებული ელექტრონული ინფორმაციის, მათ შორის, ფოტო/ვიდეომასალის, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული მიმოწერების და ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იდენტიფიცირებულია 11 დაზარალებული, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, კაცს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ასევე, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების დამატებით 11 ეპიზოდზე წარედგინა.
გ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ყველა მსხვერპლის შემთხვევა იქნება შესწავლილი და მათი უფლებები დაცული.
სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 199, ასევე განცხადებით მომართვა შესაძლებელია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში – თბილისში (მ. ასათიანის ქ. №9), თელავში (მის: ერეკლე II-ის გამზირი, №16), ქუთაისში (მის: ი. აბაშიძის გამზირი N 22), ზუგდიდსა (მის: კოსტავას ქ. N 58) და ბათუმში (მის: გ. მაზნიაშვილის ქ N 54).