საზოგადოება

კაბუ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

27 ნოემბერი, 2023 • 1751
კაბუ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ და რეპერ კაბუს, იგივე კაბა აბუაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. უწყება აპირებს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

სახელმწიფო ბრალდებამ კაბუს სისხლის სამართლის 3 მუხლით წარუდგინა ბრალი – ძალადობა, მუქარა და ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა.

“ბრალის მადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია და არანაირი დანაშაული”, – განაცხადა პროცესის შემდეგ კაბუს ადვოკატმა, დავით სანაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, იგეგმება ბრალდებულის ნარკოლოგიური შემოწმებაც.


კაბუ 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ავტომანქანით გადაადგილებისას მან თანმხლებ ქალს ფეხში დანის ტარი ჩაარტყა, ასევე, რამდენჯერმე გაარტყა ხელი. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით ემუქრებოდა ქალს, ასევე გახსნილი დანა ორჯერ მოუქნია დასარტყამად.

უწყების ცნობით, შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, ქალმა პოლიციის მანქანა დაინახა, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად დაუძახა. პოლიცია მათ მანქანას აედევნა და კაბუ ადგილზე დააკავეს. მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ კაბუს მანქანაში ნარკოტიკები აღმოაჩინა — ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული 1,28 გრამ ალფა-პვპ.


ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფოს აქვს დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის არის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრები და 2023 წლიდან – ფულადი კომპენსაციაც.

აღნიშნული სერვისებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობის, ასევე იძულების შემთხვევაში, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნომერზე 112, ან დარეკოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე 116 006 [ზარი უფასოა], სადაც 9 ენაზე გაგიწევენ კონსულტაციას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ 112-ის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ პოლიციის გამოძახებას.

ამასთან, შეგიძლიათ მიმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც გაგიწევენ იურიდიულ კონსულტაციას და გარკვეულ შემთხვევებში, სხვა სახის დახმარებასაც.

რა სერვისები აქვს სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი