ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოში ქალების ნახევარს ძალადობა გამოუცდია, მათი დიდი ნაწილი ამაზე არასდროს საუბრობს – კვლევა

19 დეკემბერი, 2023 • 991
საქართველოში ქალების ნახევარს ძალადობა გამოუცდია, მათი დიდი ნაწილი ამაზე არასდროს საუბრობს – კვლევა

ყოველი მეორე ქალი საქართველოში ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ამა თუ იმ ფორმის ძალადობის ობიექტი. ყოველი მეოთხე ქალის შემთხვევაში მოძალადე უშუალოდ მათი პარტნიორია და ყოველი მეოთხე სექსუალური შევიწროების გამოცდილებაზე ჰყვება. ქალების 8,5% საერთოდ არასრულწლოვანების დროს გახდა სექსუალური ძალადობის ობიექტი და, რაც საგანგაშოა, ქალების დიდი ნაწილი ამ გამოცდილებაზე არასდროს და არავისთან ჰყვება.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიგნებებისა, რაც ქალთა მიმართ ძალადობის ახალმა ეროვნულმა კვლევამ გამოავლინა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) ამ ახალი ეროვნული კვლევის შედეგები 19 დეკემბერს წარადგინეს. კვლევა მიზნად ისახავდა დაედგინა, რამდენად გავრცელებულია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა, რა გავლენას ახდენს ეს ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ, სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით.

დასმულ კითხვებზე პასუხების მოსაძიებლად, რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში (რომელიც საქსტატთან თანამშრომლობით წარიმართა) დედაქალაქში, სხვა ქალაქებსა და სოფლებში 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში (რომელიც WeResearch-ის გუნდმა განახორციელა) ჩატარდა 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს-ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, რამაც, ჯამში, 171  რესპონდენტი მოიცვა.

ირკვევა, რომ ძალადობის ყველა იმ შემთხვევიდან, რაზეც ქალები საუბრობენ კვლევაში, თითქმის ნახევრის მოწმე ბავშვიც გახდა. ძალადობის მსხვერპლებიდან თითქმის ჩვიდმეტი პროცენტია ისეთი, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობასა და საკუთარი თავის დაზიანებაზე.

სექსუალური შევიწროების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 90%, საჯარო, საზოგადოებრივ სივრცეებში ხდება: უმეტესწილად ქუჩაში (41%),  საზოგადოებრივ ტრანსპორტში (28%), სკოლაში ან უნივერსიტეტში (11%), სამუშაო ადგილზე (8%).

ყველაზე ხშირად ხდებიან ადევნების ობიექტები 15-24 წლის გოგოები ქალაქის ტიპის დასახლებებში და ნახევარზე მეტჯერ ამდევნებელი მათთვის უცნობი მამაკაცია.

მიუხედავად მზარდი ტენდენციისა, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება აუცილებელია, კაცების მესამედი ჯერ კიდევ ამბობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა არ შეიძლება. ქალების რიცხვი, ვინც ამ დამოკიდებულებას იზიარებს, შედარებით ნაკლებია – მეხუთედი.

თითქმის 40%-ს აღწევს იმ ქალების რიცხვი, ვისაც გამოცდილ ძალადობაზე არასდროს და არავისთან უსაუბრია. 10-დან მხოლოდ 2 ქალი მიმართავს ამა თუ იმ ორგანიზაციას დახმარებისთვის. კიდევ უფრო ნაკლები, 10-დან მხოლოდ 1 ქალია, ვისაც მსგავს შემთხვევაში პოლიციის იმედი აქვს.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროგრამების ხელმძღვანელი ირინა ჯაფარიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი კვლევა აქამდე 2017 წელს ჩატარდა. კვლევებს შორის მეთოდოლოგიური სხვაობა ზუსტი შედარებების საშუალებას არ იძლევა. მაშინ ძალადობრივ გამოცდილებაზე მხოლოდ 4-დან 1 ქალი საუბრობდა. თუმცა კვლევის ახლანდელი შედეგები არ იძლევა დაბეჯითებით იმის თქმის საფუძველს, რომ ძალადობის შემთხვევებმა იმატა. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ქალების ცნობიერება გაიზარდა და დღეს ისინი უკეთ ახერხებენ ძალადობრივი ქცევის ამოცნობას, სახელდებას და ამაზე გაბედულად საუბარს.

“ცნობიერების მსგავსი ამაღლება არის შედეგი იმ უამრავი საინფორმაციო კამპანიის, რაც განუხორციელებია სახელმწიფოს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუმცა ეს შედეგები უნდა გახდეს საფუძველი პრევენცია/რეაგირების მექანიზმების გასაუმჯობესებლად. ქალების მხრიდან დუმილს, როგორც წესი, განაპირობებს სირცხვილი, განცდა იმისა, რომ მათ არავინ დაუჯერებს. თუმცა ახლანდელმა კვლევამ გვაჩვენა, რომ იმ შემთხვევებში, როცა ქალებმა ითხოვეს დახმარება ახლობლებისგან, 90%-ზე მეტ შემთხვევებში მათ ეს მხარდაჭერა მიიღეს. ეს ძალიან კარგია. თუმცა, როგორც ჩანს, ქალებში რჩება ეს განცდა, რომ ისინი ხმის ამოღების შემთხვევაში, დახმარებას ვერ მიიღებენ”, – გვეუბნება ირინა ჯაფარიძე.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროგრამების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძალადობისგან დაცული არცერთი სოციალური ჯგუფია. თუმცა განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ქალები, რომლებიც ბავშვობაში ოჯახში ძალადობის მოწმენი იყვნენ. ასეთივე მაღალი რისკის ქვეშ არიან ქალები, რომელთა განათლების დონე დაბალია და არ აქვთ ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

“სახელმწიფოს მიმართ მთავარი რეკომენდაცია ისაა, რომ გაგრძელდეს პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით მუშაობა, ინფორმირებულად დაიგეგმოს შემდგომი ღონისძიებები, კვლევის თუ ადმინისტრაციულ მონაცემებზე დაყრდნობით. დიდი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული პრევენციის ღონისძიებებზე, ცნობიერების ამაღლებაზე, განათლების სისტემაში ამ საკითხებზე უფრო დიდი ინტენსივობით მუშაობაზე. საზოგადოებამ კი ღიად უნდა იმსჯელოს ამ საკითხებზე. ჩვენ უნდა გვქონდეს აშკარა და ცხადი გზავნილი, რომ ძალადობა მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს, რომ მხარდამჭერები ვიქნებით იმ ქალების მიმართ, ვინც გადაწყვეტს, რომ ხმა აიმაღლოს და თავი დააღწიოს ძალადობრივ ურთიერთობას”, – გვეუბნება ირინა ჯაფარიძე.

ამ მონაცემების ფონზე, გარკვეულ გაუმჯობესებაზე საუბარი შეგვიძლია და ითვლება, საქართველოს წინსვლა აქვს სწორედ ცნობიერების ამაღლების ხარჯზე.

“ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის წარმოება და მონაცემთა რეგულარული შეგროვება ცხადყოფს, რომ საქართველო სტამბოლის კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს”, – ამბობენ გაეროს ქალთა ორგანიზაციაში.

ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში წინსვლისთვის საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ მიცემული 12 რეკომენდაციიდან მე-9 გენდერული თანასწორობისკენ სვლასა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ეხებოდა. ეს პუნქტი ქვეყანას შესრულებულად ჩაეთვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი