ახალი ამბები

„აშშ-მა პასუხისხმგებლობა საქართველოს რეალურ მმართველს უნდა დააკისროს“ – Bloomberg-ის ავტორი

5 თებერვალი, 2020 •
„აშშ-მა პასუხისხმგებლობა საქართველოს რეალურ მმართველს უნდა დააკისროს“ – Bloomberg-ის ავტორი

Bloomberg-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ამერიკელი ჟურნალისტი ელი ლეიკი წერს, რომ „აშშ-მა პასუხისხმგებლობა საქართველოს რეალურ მმართველს უნდა დააკისროს“.

„იდეალურ სამყაროში აშშ-ის პრეზიდენტს დასჭირდებოდა რამდენიმე წუთი, რათა გამოეხატა სერიოზული შეშფოთება წარსულში დასავლეთის სანდო მოკავშირის – საქართველოს – ავტორიტარიზმისკენ სწრაფი სვლის გამო“, – წერს ლეიკი.

ლეიკი თავის მოსაზრებაში ახსენებს გიორგი გახარიასთვის სენატორების მიერ გაგზავნილ კრიტიკულ წერილს, სადაც კონკურენტების პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი. ჟურნალისტის მოსაზრებით, პოლიტიკურ დევნას საქართველოში რამდენიმე ფორმა აქვს:

„ოპოზიციის ზოგიერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მმართველი პარტიის ერთგულმა პირებმა – სტანდარტული მოვლენაა ფსევდორესპუბლიკებისა და პოლიციური სახელმწიფოებისთვის. აგრეთვე, ზოგმა მოსამართლემ განაახლა რამდენიმე წლის წინ დაწყებული სასამართლო საქმეების განხილვა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა უშიშროების ეროვნული საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, გიგა ბოკერიას საქმე.

თუმცა ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს მთავარ პრობლემად ასახელებს “უმდიდრეს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო მმართველია, რომელმაც დააფუძნა და მართავს “ქართულ ოცნებას. გიორგი გახარია კი მისი სურვილის მიხედვით მოქმედებს.

ლეიკი წერს, რომ „პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც სამართალდამცავებს ბრძანება მისცა, ძალადობრივად დაერბიათ საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფის გასაპროტესტებლად გამოსული ქართველები… პროტესტების შემდეგ მმართველი პარტია დათანხმდა რეფორმების სერიას, მაგრამ სექტემბერში, გახარიას დანიშვნის შემდეგ, ეს დაპირებები დაირღვა“.

ლეიკი თავის სტატიაში ეხება გიორგი გახარიას მოქალაქეობასაც:

„გახარიას დანიშვნა მიმდინარე კრიზისისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლოა. საქართველოს პოლიტიკური კლასის უმრავლესობისგან განსხვავებით, აქამდე ქვეყანაში თითქმის არ ცხოვრობდა. მან რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მხოლოდ 2013 წელს თქვა – საქართველოს მიერ სსრკ-სგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ.

ლეიკის მოსაზრებით, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, “კონგრესისა და ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები უფრო ეფექტიანი იქნებოდა, თუ ისინი თავიანთ წუხილს პირადად ივანიშვილს გაუზიარებდნენ.”

“კონგრესის ერთმა თანამშრომელმა, რომელიც საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მუშაობს, მითხრა, რომ კონგრესმენები, როგორც წესი, კერძო პირებს ოფიციალურ წერილებს არ სწერენ”, – აღნიშნავს ლეიკი.

როგორც ჟურნალისტი წერს, ოფიციალური წერილების მიწერა გონივრული პრაქტიკაა, „თუმცა საქართველოს შემთხვევაში ამყარებს ილუზიას, რომ რეალურად, ქვეყნის სათავეში გახარია დგას და არა ივანიშვილი. დღეისათვის ივანიშვილი თავისუფლად მოქმედებს. მას შეუძლია ფარდის უკნიდან აკონტროლოს მართვის სადავეები და არ იყოს ანგარიშვალდებული ქართველი ამომრჩევლების ან ქვეყნის მნიშვნელოვანი დასავლელი მოკავშირეების წინაშე“.

სტატიის ბოლოში ლეიკი ბიძინა ივანიშვილის ქონების შესწავლის იდეითაც გამოდის – „როგორც წინა წელს დავწერე, აშშ-მა უნდა განიხილოს პერსპექტივა, რომ ივანიშვილის 5 მილიარდად შეფასებული ქონება, რომლის ნაწილიც აშშ-შია ინვესტირებული, კარგად იქნას შესწავლილი, თუ მისი პარტია ავტორიტარიზმისკენ სვლას გააგრძელებს. და თუკი ეს ამ მომენტისთვის ცოტა ზედმედია, უკვე დროა, საქართველოს ნამდვილ მმართველს პასუხი მოეთხოვოს მისი დაქვემდებარებულების მოქმედებებისთვის“.


ელი ლეიკი არის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად Bloomberg View-ის კოლუმნისტია. თანამშრომლობდა Fox-თან, CNN-თან, C-SPAN-თან და სხვა გამომცემლობებთან. იგი აგრეთვე The Daily Beast-ისა და Newsweek-ის უფროსი კორესპონდენტი იყო ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი