ახალი ამბები

იზორიას ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

24 იანვარი, 2020 • 1275
იზორიას ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყეს ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტზე.

“მედიაში გავრცელებულ ჩანაწერში შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. მათ შორის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოწმე გიორგი დვალიშვილისგან ამოღებულ ვიდეომასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. საგამომოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას”,  – აცხადებენ პროკურატურაში.

სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დამტკიცების შემთხვევაში, დანასაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამავე თემაზე გირჩევთ

“იზორიას ძმასთან ინციდენტი 10-ლარიან დარღვევაზე დაიწყო “- პოლიციელი გიორგი დვალიშვილი


რა მოხდა:

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ. პოლიციელი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა დააკავა, კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ თემაზე პირველად ახლა ისაუბრა.

ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული იზორია მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდის ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც იზორიას, მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი