ახალი ამბები

“რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ამ კადრების გავრცელება?” – კილაძე

24 იანვარი, 2020 •
“რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ამ კადრების გავრცელება?” – კილაძე

“ძალიან მიკვირს, სად იყო ეს ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში და რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ამ კადრების გავრცელება”, – ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ გააკეთა ლევან იზორიას ძმის საქმესთან დაკავშირებით.

“საქმე მარტივადაა: დაწყებულია გამოძიება. ძალიან მიკვირს, სად იყო ეს ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში და რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ამ კადრების გავრცელება”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ლევან იზორია ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ნაციონალური მოძრაობის დარტყმის ობიექტი და “ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს”.

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ. პოლიციელი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა დააკავა, კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ თემაზე პირველად ახლა ისაუბრა.

ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული იზორია მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ, ტელეკომპანიის ცნობით, საპატრულო მანქანასთან მიდიან ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც კიტა იზორიას, მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ამჟამად უმუშევარია – ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც გიორგი დვალიშვილი სწორედ ამ ვიდეოკადრებს უკავშირებს. ვიდეომასალა, ტელეკომპანია “მთავარისთვის” მიწოდებამდე, როგორც თავად ამბობს, პროკურატურას და სახალხო დამცველს მიაწოდა.

“ახლა რომ გავბედე, ეგეც თემაა”, – ასე უპასუხა მან “ნეტგაზეთის” კითხვაზე, მიმართა თუ არა თავის დროზე გენინსპექციას.

დვალიშვილი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ ეს ვიდეო 2014 წელს მის უშუალო ხელმძღვანელს გადასცა, თუმცა მისი სამსახურებრივი დაქვეითება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის პოლიციის უფროსს აღნიშნულ ვიდეოს მიწოდებაზე უარი უთხრა. დვალიშვილი ამბობს, რომ კახა ბუხრაძემ აღნიშნული ვიდეოს გადაცემა 2019 წლის ზაფხულში მოსთხოვა:

“ზაფხულში მომთხოვა. ადრე ის არ იყო ჩემი უშუალო ხელმღვანელი, შესაბამისად, მე ადრე ეს მისთვის არ გადამიცია. მან იცოდა, რომ მე ეს კადრები მქონდა. ეს ვიდეო იყო ერთადერთი თავდაცვითი საშუალება ჩემთვის. ოღონდ მომთხოვა არა ოფიციალურად, არამედ თავისთვის, და ამიტომაც არ მივეცი. ეჭვი შემეპარა, რომ რაში სჭირდებოდა. ვოთსაპში ჩამიგდეო და ალბათ თვითონ ჰქონდა მიზნები ამ ვიდეოს გამოყენების და ალბათ ვიღაცას დააშანტაჟებდა, სხვა რისთვის”, – უთხრა დვალიშვილმა ნეტგაზეთს.

მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიმართა შსს გენინსპექციას და პროკურატურას, თუმცა, მისი შეფასებით, არცერთი უწყება არაფერს აკეთებს.

“ნეტგაზეთი” პროკურატურასაც დაუკავშირდა ამ საკითხზე. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი