ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს, სისტემურ დანაშაულს აჩვენებს სამართალდამცავ უწყებაში.
მისი თქმით, “ეს ფაქტი შემაძრწუნებელია თითოეული პოლიციელისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის, ვინც თვლის, რომ საქართველოს პოლიცია უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და ადამიანის უფლებებს, პირდაპირ ასახავს სისტემურ დანაშაულს, რომელიც არსებობს სამართლადამცავ უწყებებში”.
მისი თქმით, ამ დანაშაულის დაფარვაში შსს-ს არაერთი მაღალჩინოსანი იყო ჩართული: შს მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, “ამ ფაქტის შესახებ იცის გიორგი გახარიამ”. მისივე თქმით, ამ ფაქტიდან მალევე იზორიას ძმას მისცეს ოპერატიული საშვი, ე.წ. ნარუშილოვკა, რომლის მეშვეობითაც მას უპრობლემოდ შეეძლო ქალაქში გადაადგილება.
დეკანოიძის თქმით, გუშინ მთავარი არხის მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ მხარდაჭერის გამოსაცხადებლად პოლიციელ გიორგი დვალიშვილის ოჯახში იმყოფებოდა. სახლიდან გამოსვლის შემდეგ კი, დეკანოიძის თქმით, სახლთან დახვდა “სუს-ის წარმომადგენელი, რომელიც მათ ტელეფონით უღებდა”.
ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ. პოლიციელი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა დააკავა, კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ თემაზე პირველად ახლა ისაუბრა.
ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული იზორია მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ, ტელეკომპანიის ცნობით, საპატრულო მანქანასთან მიდიან ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც კიტა იზორიას, მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.
პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ამჟამად უმუშევარია – ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც გიორგი დვალიშვილი სწორედ ამ ვიდეოკადრებს უკავშირებს. ვიდეომასალა, ტელეკომპანია “მთავარისთვის” მიწოდებამდე, როგორც თავად ამბობს, პროკურატურას და სახალხო დამცველს მიაწოდა.
“ახლა რომ გავბედე, ეგეც თემაა”, – ასე უპასუხა მან “ნეტგაზეთის” კითხვაზე, მიმართა თუ არა თავის დროზე გენინსპექციას.
დვალიშვილი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ ეს ვიდეო 2014 წელს მის უშუალო ხელმძღვანელს გადასცა, თუმცა მისი სამსახურებრივი დაქვეითება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის პოლიციის უფროსს აღნიშნულ ვიდეოს მიწოდებაზე უარი უთხრა. დვალიშვილი ამბობს, რომ კახა ბუხრაძემ აღნიშნული ვიდეოს გადაცემა 2019 წლის ზაფხულში მოსთხოვა:
“ზაფხულში მომთხოვა. ადრე ის არ იყო ჩემი უშუალო ხელმღვანელი, შესაბამისად, მე ადრე ეს მისთვის არ გადამიცია. მან იცოდა, რომ მე ეს კადრები მქონდა. ეს ვიდეო იყო ერთადერთი თავდაცვითი საშუალება ჩემთვის. ოღონდ მომთხოვა არა ოფიციალურად, არამედ თავისთვის, და ამიტომაც არ მივეცი. ეჭვი შემეპარა, რომ რაში სჭირდებოდა. ვოთსაპში ჩამიგდეო და ალბათ თვითონ ჰქონდა მიზნები ამ ვიდეოს გამოყენების და ალბათ ვიღაცას დააშანტაჟებდა, სხვა რისთვის”, – უთხრა დვალიშვილმა ნეტგაზეთს.
მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიმართა შსს გენინსპექციას და პროკურატურას, თუმცა, მისი შეფასებით, არცერთი უწყება არაფერს აკეთებს.
“ნეტგაზეთი” პროკურატურასაც დაუკავშირდა ამ საკითხზე. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.