ახალი ამბები

მაღალჩინოსნის ძმის დაკავება და გათავისუფლება ჩარევის შემდეგ -”მთავარი არხი” ვიდეოს აქვეყნებს

23 იანვარი, 2020 • 10428
მაღალჩინოსნის ძმის დაკავება და გათავისუფლება ჩარევის შემდეგ -”მთავარი არხი”  ვიდეოს აქვეყნებს

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ. პოლიციელი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა დააკავა, კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ თემაზე პირველად ახლა ისაუბრა.

ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული იზორია მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდის ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც კიტა იზორიას, მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ამჟამად უმუშევარია – ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც გიორგი დვალიშვილი სწორედ ამ ვიდეოკადრებს უკავშირებს. ვიდეომასალა, ტელეკომპანია “მთავარისთვის” მიწოდებამდე, როგორც თავად ამბობს, პროკურატურას და სახალხო დამცველს მიაწოდა.

“ახლა რომ გავბედე, ეგეც თემაა”, – ასე უპასუხა მან “ნეტგაზეთის” კითხვაზე, მიმართა თუ არა თავის დროზე გენინსპექციას.

დვალიშვილი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ ეს ვიდეო 2014 წელს მის უშუალო ხელმძღვანელს გადასცა, თუმცა მისი სამსახურებრივი დაქვეითება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის პოლიციის უფროსს აღნიშნულ ვიდეოს მიწოდებაზე უარი უთხრა. დვალიშვილი ამბობს, რომ კახა ბუხრაძემ აღნიშნული ვიდეოს გადაცემა 2019 წლის ზაფხულში მოსთხოვა:

“ზაფხულში მომთხოვა. ადრე ის არ იყო ჩემი უშუალო ხელმღვანელი, შესაბამისად, მე ადრე ეს მისთვის არ გადამიცია. მან იცოდა, რომ მე ეს კადრები მქონდა. ეს ვიდეო იყო ერთადერთი თავდაცვითი საშუალება ჩემთვის. ოღონდ მომთხოვა არა ოფიციალურად, არამედ თავისთვის, და ამიტომაც არ მივეცი. ეჭვი შემეპარა, რომ რაში სჭირდებოდა. ვოთსაპში ჩამიგდეო და ალბათ თვითონ ჰქონდა მიზნები ამ ვიდეოს გამოყენების და ალბათ ვიღაცას დააშანტაჟებდა, სხვა რისთვის”, – უთხრა დვალიშვილმა ნეტგაზეთს.

მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიმართა შსს გენინსპექციას და პროკურატურას, თუმცა, მისი შეფასებით, არც ერთი უწყება არაფერს აკეთებს.

“ნეტგაზეთი” პროკურატურასაც დაუკავშირდა ამ საკითხზე. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე გირჩევთ

“იზორიას ძმასთან ინციდენტი 10-ლარიან დარღვევაზე დაიწყო “- პოლიციელი გიორგი დვალიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი