ახალი ამბები

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

27 იანვარი, 2020 • 3357
პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი ამჟამინდელი რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაზე დავა მიდის.

საქმე ეხება დაახლოებით 140-გვერდიან აკადემიურ ნაშრომს, რომელსაც „თავისუფლების მონიტორმა“ გამოძიება მიუძღვნა და ჯერ კიდევ ნოემბერში საუბრობდა მასში პლაგიატის არსებობაზე.

გამოძიებიდან მალევე უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა პლაგიატის არსებობა/არარსებობის დასადგენად ილიაუნის მიმართა, მათ კი, თავის მხრივ, დოკუმენტში დაადგინეს სხვა ტექსტთან 34%-იანი თანხვედრა და, შესაბამისად, პლაგიატი. კაჭკაჭიშვილი დასძენს, რომ ამ დოზით თანხვედრა არა მხოლოდ შესაძლო პლაგიატზე, არამედ დისერტაციის ცუდ ხარისხზეც მეტყველებს.

საქმე ის არის, რომ დისერტაციაში 40 გვერდი 2012 წლის პარლამენტის დადგენილებას ეთმობა, თუმცა ეს უკანასკნელი ბიბლიოგრაფიაში მითითებული არ არის. რექტორი და უნივერსიტეტი ამბობს, რომ ეს პლაგიატი არ არის, ვინაიდან საჯარო დოკუმენტებზე არ ვრცელდება საავტორო უფლებები, ავტორთა ბიბლიოგრაფიაში არმითითება კი, შესაძლოა, ტექნიკური ხარვეზი იყოს.

გიორგი შარვაშიძე ასევე ამბობს, რომ თავად იყო იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, ვინც ზემოხსენებულ ნორმატიულ აქტზე მუშაობდა. გარდა ამისა, მან საკუთარ ტექსტის სხვა ნაწილებში თანაავტორები არაერთხელ მოიხსენია, მათ შორის, გადაუხადა მადლობაც.

საიდან დაიწყო ყველაფერი და რა ხდება ახლა

გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომი კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც “თავისუფლების მონიტორმა” ჟურნალისიტურ გამოძიებაში ისაუბრა დოკუმენტში პლაგიატის არსებობის შესახებ. “სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან – დოკუმენტები თსუ-ის რექტორს პლაგიატში ამხელს”   – ასე ერქვა ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.

ჟურნალისტურ გამოძიებას უნივერსიტეტისა და პირადად გიორგი შარვაშიძისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. გამოძიების გამოქვეყნებიდან მალევე ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა და სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა პლაგიატის არსებობა/არარსებობის დასადგენად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა.

საქმე ის არის, რომ შარვაშიძემ, როგორც თვითონ ამბობს, დისერტაცია სულხან-საბას უნივერსიტეტში 2005 წელს დაიცვა. ამ უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრე კი დღეს ილიაუნია. თუმცა 2005 წელს დაცული დისერტაცია მანამდე დაიწერა. პირველადი ხელნაწერი, რომელიც 2003 წლით თარიღდება, საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება.

საუბარია 140-გვერდიან ტექსტზე, რომელსაც „სტრუქტრული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“ ჰქვია. დისერტაციაში გვერდები ემთხვევა სხვა ტექსტს, კერძოდ კი, განათლების სამინისტროს 2012 წლის დადგენილებას. ეს დადგენილება კი, თავის მხრივ, ეფუძნება 2002 წელს გამოცემულ ბროშურას, რომლის სახელწოდებაც არის „საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითიდადი მიმართულებები“. აღნიშნული დოკუმენტი ამ სახით 2012 წელს გახდა პარლამენტის დადგენილება.

დავა სწორედ ამ დოკუმენტთან თანხვედრას ეხება. შარვაშიძეს აღნიშნული ტექსტი („საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითიდადი მიმართულებები“) ბიბლიოგრაფიაში მოხსენებული არ აქვს. თუმცა, კრიტიკის საპირისპიროდ, სხვა არგუმენტებთან ერთად, ამბობს, რომ თავად იყო იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც დოკუმენტის შექმნაზე მუშაობდა.

სადავო დისერტაციასთან დაკავშირებით კაჭკაჭშვილმა თხოვნით მიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადმინისტრირებას უწევს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, დაედგინათ, იყო თუ არა პლაგიატი შარვაშიძის დისერტაციაში. სწორედ ილიაუნი არის გაუქმებული სულხან-საბას უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრე. 

https://www.facebook.com/netgazeti/photos/a.10150092520922044/10158312654742044/?type=3&theater

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა და დაასკვნა: „გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს.

აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.

ამ ინფორმაციას თავად შარვაშიძე და თსუ უარყოფენ. რექტორი ამბობს, რომ შესაძლოა საქმე  გვქონდეს ტექნიკურ ხარვეზთან, თუმცა, არა – პლაგიატთან. უნივერსიტეტი კი დასძენს, რომ მისი მოკვლევის მიხედვით, შარვაშიძის დისერტაციაში თანხვედრა მხოლოდ 8%-ია, პლაგიატის ნიშნები კი არ არის.

გარდა ამისა, თსუ ხაზს უსვამს იმასაც, რომ ტექსტი, რომელიც შარვაშიძემ დისერტაციაში გამოიყენა, იურიდიული და, შესაბამისად, საჯარო დოკუმენტია. მისი ავტორის მითითება კი აკადემიურ ნაშრომში საჭირო არ იყო.

დისერტაციის 140 გვერდიდან 41 გვერდი სიტყვა-სიტყვით იმეორებს ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილ ტექსტს – კაჭკაჭიშვილი

ნეტგაზეთთან საუბარში იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ თსუ-ის ამჟამინდელი რექტორის 140-გვერდიან დისერტაციაში 18 გვერდიდან 58 გვერდამდე ქვეთავი (ანუ, ჯამში, 41 გვერდი) 2002 წელს გამოცემული ბროშურიდანაა ამოღებული. ეს უკანასკნელი კი არა მხოლოდ შესაძლო პლაგიატზე, არამედ პროფესორის თქმით – დისერტაციის ცუდ ხარისხზეც მეტყველებს.

კაჭკაჭიშვილი დასძენს, რომ აღნიშნულ ტექსტს, გიორგი შარვაშიძის გარდა, ავტორები კიდევ ჰყავს ანუ ის ჯგუფური შრომის შედეგია – „ ამ დისერტაციაში ეს თავი ფიგურირებს ისე, რომ არსად, ვიმეორებ, არსად არ არის მითითებული, რომ ეს შრომა არ ეკუთვნის გია შარვაშაძეს ან მხლოდ გია შარვაშიძეს არ ეკუთვნის“.

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ შარვაშიძის მიერ დისერტაციაში გამოყენებული ტექსტი იურიდიული დოკუმენტია და მასზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება, კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ეს „სუსტი და არაადეკვატური არგუმენტია“.

ის განმარტავს, რომ მართალია, ასეთ დროს ავტორის მოხმობა საჭირო არ არის, მაგრამ ის, რომ დისერტაციაში გამოყენებულია დადგენილება, ამის აღნიშვნა აუცილებელია.

შარვაშიძის 2003 წლის დისერტაციის ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია შარვაშიძის დისერტაციიდან.

ბიბლიოგრაფია შარვაშიძის დისერტაციიდან.

ბიბლიოგრაფია შარვაშიძის დისერტაციიდან.

“მკითხველს, რომელიც დისერტაციას კითხულობს, იმის შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს არის დისერტანტის ინტელექტუალური შრომის ნაყოფი და არა – პარლამენტის დადგენილება,“

კაჭკაჭიშვილისთვის ასევე მიუღებელია რექტორის განმარტება, რომლის თანახმადაც, ტექსტის ავტორთა ბიბლიოგრაფიაში არმითითება, შესაძლოა, ტექნიკური ხარვეზი იყოს. ის დასძენს, რომ ამ ლოგიკით „ტექნიკურ ხარვეზად ნებისმიერი რამ შეიძლება მოვნათლოთ“.

„სხვა საკითხია, როგორ შეიძლება დისერტაციის მესამედი იყოს რაიმე ნორმატიული აქტი. ეს შეიძლება უშუალოდ დისერტაციის ხარისხზე მეტყველებდეს. უხარისხოა ის დისერტაცია, რომლის მესამედი ეთმობა კანონს – სადაც კანონის სიტყვასიტყვით ე.წ. ქოფი-ფეისტით გადატანა ხდება.

უხარისხოა ეს დიესერტაცია და ხარისხს არ იმსახურებს. საყვედურიც არსებობს დისერტაციის მიმართ, მაგრამ ახლა ამ ოპონენტებს უნდათ, რომ პლაგიატის ამბავი ტექნიკურ ხარვეზს დააბრალონ, ტექნიკურ ხარვეზად ჩათვალონ – ეს ამბავი სირცხვილია,“ – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

„ტექნიკური ხარვეზი“ და  „მიზანმიმართული კამპანია…. “- უნივერსიტეტის არუგმენტები

გიორგი შარვაშიძეც და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც  ამბობს, რომ რექტორის დისერტაციაში პლაგიატი არ არის. თავად შარვაშიძე კი მიიჩნევს, რომ სახეზე მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც რექტორის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო.

სქრინი თსუ-ს ვებსაიტიდან.

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც არის საკმაოდ საინტერესო თავისი სხვადასხვა შემადგენელი კომპონენტით. რაც შეეხება თემას, იყო თუ არა პლაგიატი – აქ საუბარი არის ნამდვილად პარლამენტის დადგენილებაზე. დიახ, მე გახლდით ის ადამიანი, რომელიც იყო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც იმუშავებდა სხადასხვა დადგენილებას.

2002 წელს საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელმაც გააგრძელა საქმიანობა და თუ ვინმეს აქვს ინტელექტუალურ საკუთრებაზე პრეტენზია, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ინტერფრაქციული ჯგუფი“, – თქვა შარვაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთრში.

რექტორი დასძენს,რომ  დისერტაციის საბოლოო ვერსიაში, რომელიც მან 2005 წელს დაიცვა, ყველა თანაავტორი და კონტრიბუტორი მოიხსენია. მართალია, არა სქოლიოში, არამედ ნაშრომის სხვადასხვა ნაწილში. სქოლიოში არმითითება კი, მისი აზრით, “შესაძლო ტექნიკური ხარვეზია”.

„ამ შემთხვევაში ჩვენ არ უარვყოფთ, რომ არის დადგენილების ნაწილი მოყვანილი… მეორე, რასაც ვამბობთ, არის ის, რომ ეს არის გამოქვეყნებული მანამდე… წიგნი, რომელსაც დისერტაცია ეყრდნობა, UNESCO-ს გამოცემულია, სადაც დიდი მადლობა გადავუხადე ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ წიგნის დაწერაში და, რც მთავარია, თავად დადგენილების ტექსტში არის რეფერირება ჩემს ნაშრომზე“, – დასძენს შარვაშიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისი აზრით, რატომ გახდა ეს თემა ახლა ვკლავ აქტუალური, შარვაშიძე პასუხობს – „გასაგები არის, რატომაც დაიწყო, რექტორების არჩევნები დაიწყო“.

ნეტგაზეთი ამ თემაზე ასევე ესაუბრა თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარეს ქეთევან ხუციშვილს, რომელიც გვიყვება, რომ შარვაშიძის საქმეზე განხილვა უნივერსიტეტის შიგნით სპეციალურმა საბჭომაც ჩაატარა. ექსპერტთა დასკვნისა და პროგრამული ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ შარვაშიძის დისერტაციაში თანხვედრა სხვა ტექსტთან მხოლოდ 8%-ია, რომელიც, თავის მხრივ, არ წარმოადგენს პლაგიატს.

კითხვაზე, რამდენპროცენტიან თანხვედრას მიიჩნევს თსუ დღეს პრობლემურად, ხუციშვილი გვიყვება, რომ 2005 წლის შემდეგ სტანდარტები დაიხვეწა და შეიცვალა. მისივე თქმით, არ არსებობს სხვა ტექსტებთან თანხვედრის დასაშვები დადგენილი ზღვარი, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით.

“უხეშად რომ ვთქვა, 25%-მდე დამთხვევა არ არის კატასტროფული შედეგი, 8% კი ძალიან პატარა პროცენტია. შარვაშიძის შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ, გამოვაქვეყნეთ დასკვნაში, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რა აჩვენა ამ პროგრამამ. აქედან გამომდინარე, ვამბობთ, რომ ასეთი თანხვედრა არ მიიჩნევა პლაგიატად”, – დასძენს ხუციშვილი.

ჩვენს კითხვაზე, მეტყველებს თუ არა 41-გვერდიანი თანხვედრა დისერტაციის ცუდ ხარისხზე, ხუციშვილი ამბობს, რომ მანამ, სანამ ნებისმიერი დისერტანტი და მათ შორის შარვაშიძე ხარისხს მიიღებს, მას არაერთი ზეპირი თუ წერილობითი შემოწმების გავლა უწევს, მათ შორის, ნაშრომის ხელმძღვანელთან, რეცენზენტებთან და საჯარო დაცვის დროს – ფართო აუდიტორიასთანაც.

შესაბამისად, რაიმე სადავო რომ ყოფილიყო, დამსწრეებს კითხვებისა და თავიანთი მოსაზრებების გამოხტვის საშუალება ექნებოდათ.

„ციფრებზე რომც არ ვისაუბროთ, საერთოდ ნაშრომის ღირებულება არის, თუ რა შედეგებზე გადის, რა რეკომენდაციებს იძლევა, რა პესპექტივებზე და რეკომენდაციებზეა საუბარი და ა.შ. ანალიზის ნაწილია მთავარი, აქ კი სადავო არაფერია“, – გვიყვება ქეთევან ხუციშვილი.

თსუმ „თავისულების მონიტორს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა, ამ უკანასკნელმა დარღვევა არ დაადგინა

თსუ-მ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საჩივარი შეიტანა იმ გადაცემის ავტორის წინააღმდეგ, სადაც მის ნაშრომში პლაგიატზე იყო საუბარი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, „თავისუფლების მონიტორს“ თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციის თემის გაშუქებისას ქარტიის არცერთ პრინციპი არ დაურღვევია.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, “თავისუფლების მონიტორის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში “სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან – დოკუმენტები თსუ-ს რექტორს პლაგიატში ამხელს”- არ დარღვეულა ქარტიის 1 (სიზუსტე) და 5 (შესწორება) პრინციპები.

საქმე განხილული იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე”, – ნათქვამია ქარტიის გადაწყვეტილებაში.

რა შეიძლება მოხდეს შემდგომ?

იაგო კაჭკაჭიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მის ინტერესებში არ შედის შარვაშიძისთვის ხარისხისა თუ თანამდებობის ჩამორთმევა, შესაბამისად, სიტუაციიდან შესაძლო გამოსავალზე დეტალურად არ საუბრობს.

მისი თქმით, ილიაუნი სულხან-საბას უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრეა, შესაბამისად, ხარისხზე მსჯელობის საკითხი, შესაძლოა, მის უფლებებში შედიოდეს.

„მე, უნივერსიტეტის პროფესორს, რომელიც 30 წელია ვარ უნივერსიტეტში, მაინტერესებდა სიმართლის დადგენა – ჰყავს თუ არა უნივერსტეტს რექტორი, რომლის მიმართაც პლაგიატის შესახებ წაყენებული ბრალდება არის დასაბუთებული. ეს იყო ჩემი განზრახვა” – ამბობს ის.

კაჭკაჭიშვილი დასძენს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი, შესაძლოა, „მორალური ფაქტორის ამოქმედება“ იყოს, რაც, მისი თქმით, გულისხმობს, რომ პლაგიატში შემჩნეულმა პირმა უნივერსიტეტის თანამდებობა უნდა დატოვოს. კაჭკაჭიშვილისვე მოსაზრებით, მიუხედავად ამისა, “მორალის ინსტიტუციური კარნახი არ შეიძლება“.

რაც შეეხება თავად უნივერსიტეტს, ქეთევან ხუციშვილი გვიყვება, რომ ამ დროისთვის შარვაშიძის დისერტაციის ან მისი ხარისხის გადახედვის საჭიროება არ არსებობს. მისივე თქმით, გარდა ამისა, აღარ არსებობს ის უწყება (სწავლულ-ექსპერტთა საბჭო), რომელმაც აღნიშნული ხარისხი გასცა, შესაბამისად, „სხვა ვერავინ იმსჯელებნს სხვის მიერ გაცემულ ხარისხზე“.

„რაც შეეხება პლაგიატის საკითხს, თუკი ვინმეს აქვს ეს განცდა, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრება შეილახა, ამისთვის სამართლებრივი გზა არსებობს, ეს მათი ნებაა, თუ თვლიან, რომ იქ შეიძლება თავიანთი მოსაზრება დაადასტურონ. გამოსავალი ის არის, რომ მანიპულაციას უნდა დავანებოთ თავი“, – დასძენს ის.

რა სტანდარტი აქვს თსუ-ს ახლა დოქტორის ხარისხის მინიჭებისთვის?

როგორც ქეთევან ხუციშვილი გვიყვება, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანდიდატისთვის დოქტორის ხარისხის მინიჭება რეგულირებული და სტანდარტიზებული პროცესია.

ამისთვის უნივერსიტეტს აქვს სპეციალური ნორმატიული აქტი, რომელსაც „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი“ ჰქვია. ამ დოკუმენტში გაწერილია, მათ შორის, ის მინიმალური კრიტერიუმები, რის მეშვეობითაც უნივერსიტეტი სადისერტაციო ნაშრომს აფასებს. კერძოდ:

მუხლი 7. დისერტაცია

  1. დისერტაცია წარმოადგენს სამეცნიერო ნაშრომს, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;
  2. დისერტაცია უნდა ასახავდეს კვლევის დასაბუთებულ შედეგებს და ქმნიდეს ახალ
    ცოდნას (დანართი №5);
  3. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო სადისერტაციო
    ნაშრომის შემოკლებული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ერთ-ერთ
    ევროპულ ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული);
  4. სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო;
  5. ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე;
  6. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია უნდა ასახავდეს დისერტაციის ყველა კომპონენტს. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსიის მოცულობა განისაზღვრება;
  7. ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით;
  8. სადისერტაციო ნაშრომის ტექნიკური მონაცემების ინსტრუქციას შეიმუშავებს ფაკულტეტი, რომელსაც ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.

თუმცა, მინიმალურ სტანდარტთან ერთად, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკლუტეტი კანდიდატისთვის დამატებით მოთხოვნებს აყენებს. ასე მაგალითად, სხვა ყველაფერთან ერთად, თუ პირს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი სურს, მის სადისერტაციო ნაშრომი 120-დან 200-გვერდამდე უნდა იყოს. ნაშრომს კი თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი (ციტირება და ლიტერატურის მითითება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პუბლიკაციების სტილით ან APA სტილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი