ახალი ამბები

საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე – კონგრესმენის კრიტიკა გახარიას

19 იანვარი, 2020 •
საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე – კონგრესმენის კრიტიკა გახარიას

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი, რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და საუბრობს „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის (FDI) გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატსა“ და „გაუარესებულ დემოკრატიაზე“.

მალინი წერს, რომ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს კონგრესსა და სენატში ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას, რომლითაც საქართველოს ფინანსური დახმარება გამოეყო 132 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, „თქვენი ქვეყანა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა“.

ამის მიზეზად კონგრესმენი ასახელებს „დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორების გაუარესების ტრენდს, რასაც აშშ-ში შეუმჩნევლად არ ჩაუვლია“.

„შედეგი ის არის, რომ პიდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება საქართველოში, რადგან ამერიკული და ევროპული ინტერესები შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ“, – წერს კონგრესმენი.

ამის მაგალითად კონგრესმენს მოჰყავს ტეხასში დარეგისტრირებული კომპანია „ფრონტერას“ (Frontera Resources) მაგალითი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჰააგაში ედავება; ასევე, „ფეისბუკის“ მიერ პროსახელისუფლებო გვერდების დაბლოკვა.

მალინი ასევე წერს, რომ უერთდება აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარებს, კონგრესმენებს, ადამ კინზინგერსა და გერი კონოლის, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლება პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო გააკრიტიკეს.

წერილის ბოლოს მალინი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნება აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და წერს:

„ასევე, იმედი მაქვს, რომ თქვენი მთავრობა ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს შეწყვეტს და სწრაფად იმოქმედებს, რათა უპასუხოთ იმ საფრთხეებს, რაც დემოკრატიასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას უდგას ქვეყანაში და რასაც ასე ძლიერ იმსახურებს ქართველი ხალხი“.

მალინის წერილი 13 იანვრითაა დათარიღებული, თუმცა ტვიტერზე მან ეს წერილი საჯაროდ მხოლოდ 17 იანვარს გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი