ახალი ამბები

პროპორციულის ჩაგდება აშშ-სთვის შოკისმომგვრელი იყო – კონგრესმენები

16 დეკემბერი, 2019 • 2263
პროპორციულის ჩაგდება აშშ-სთვის შოკისმომგვრელი იყო – კონგრესმენები

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარები, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და დემოკრატი გერი კონოლო გიორგი გახარიას მიმართავენ და საქართველოს ხელისუფლებას პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო აკრიტიკებენ.

კონგრესმენები წერილში აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველო მიილტვის ისეთი დემოკრატიული ღირებულებებისკენ, როგორიცაა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები:

„სწორედ ამიტომ, ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც გავიგეთ პროპორციული წესით არჩევნების დაპირებული რეფორმის ჩავარდნის შესახებ“.

კონგრესმენები წერენ, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის რეფორმაზე საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. პროპორციული არჩევნების დაპირება კი ქართულმა ხელისუფლებამ გასცა არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის, არამედ საქართველოს მოქალაქეების მიმართაც.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უმალვე განაახლებს თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტს“, – ნათქვამია წერილში.

„ქართველებს უნდათ ხელისუფლება ადამიანებისგან და ადამიანებისთვის. მათ უნდათ ისეთი მმართველობა, რომელიც უფრო მეტად ითანამშრომლებს დასავლეთთან და მიმართული იქნება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. სწორედ ამ გარემოების გამო მრავალი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში იმისთვის, რომ თავისი დარდი მშვიდობიანად გამოხატოს. სანაცვლოდ, კი მათ იქ დახვდნენ მოძალადეები“,-  წერია წერილში.

კონგრესმენების თქმით, მართალია, სამოქალაქო და ძალადობრივი არეულობის დროს ხელისუფლებას შეუძლია კანონიერი და პროპორციული ძალა გამოიყენოს, თუმცა დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეთა უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულეები.

„თავზარდამცემია ამბები იმის შესახებ, რომ ასობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი დაშავდა ან საავადმყოფოში მოხვდა, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალის მეშვეობით“, – ამბობს ადამ კინზინგერი წერილში.

კონგრესმენები ამავე წერილში საუბრობენ საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობაზე. ისინი ხაზს უსვამენ, რომ აშშ მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და აღიარებენ რუსეთის აგრესიას რეგონში.

„ახლა კი საქართველოს ხელისუფლების ჯერია, რომ მიჰყვეს იმ ვალდებულებებს, რაც მას ქართველი ხალხის მიმართ აქვს“, – ამბობენ კონგრესმენებ და ამატებენ, რომ აშშ მოუთმენლად ელოდება, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობას.

ადამ კინზინგერის წერილი გიორგი გახარიას. ფოტო: კინზინგერის ტვიტერი


წაიკითხეთ ასევე:

პროპორციული სისტემის ჩაგდება საჩუქარი იქნება პუტინისთვის – კონგრესმენი კინზინგერი

მასალების გადაბეჭდვის წესი